ბასკოლოგია

ბასკოლოგია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპლექსი, რ-იც შეისწავლის ბასკების ენას, ლიტერატურას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას, კულტურას.

ბ. დღეს მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრშია. წინარე ისტორიიდან მოღწეული ბასკური ენა ერთადერთი არაინდოევროპული ენაა დას. ევროპაში. ოდითგანვე იდუმალებით იყო მოსილი ბასკთა წარმოშობის პრობლემა, რ-ის გადაწყვეტაში ძირითადი ფუნქცია მაინც ბასკურ ენას ეკისრება (წერილობითი ძეგლები მხოლოდ XVI ს-იდან არსებობს). ბასკური ენის მეცნ. შესწავლას სათავე დაუდო ვ. ჰუმბოლდტმა (ვარაუდობდა ბასკების აღმოსავლურ წარმოშობას). ბ-ში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლ. ლ. ბონაპარტმა, ნ. ფილიპსმა, გ. გაბელეცმა, ჰ. შუხარდტმა, პ. ლაფიტმა, კ. კ. ულენბეკმა, ა. ტრომბეტიმ, ფრ. შლეგელმა, რ. ლაფონმა, ა. ტოვარმა, ლ. მიჩელენამ და სხვ. ინტენსიურად იკვლევენ ბ-ის პრობლემას თანამედროვე ევროპისა და ამერ. ბასკოლოგები.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბასკური ენის დაკავშირება ქართველურ და კავკ. ენებთან. ამ ჰიპოთეზას („ეუსკარო-კაუკაზიკა“) დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯეროვანი ყურადღება ეთმობა მას რუს., დას. ევროპის ენებზე და ამერიკაში გამოსულ ენციკლოპედიებში, ლექსიკონებში, ისტ., გეოგრ. თუ ეთნოგრ. ხასიათის საცნობარო ლიტ-რაში.

ჰიპოთეზა დასაბამს იღებს ძვ. წ. II – I სს-ში: ბერძენი და რომაელი ავტორები მიუთითებდნენ დას. იბერიელთა და აღმ. იბერიელთა ნათესაობაზე (ვარონი, აპოლოდორე, პლინიუსი, სტრაბონი, აპიანე, მეგასთენე, მაქსიმე აღმსარებელი, ატალიატე და სხვ.), შუა საუკ. საქართველოში ევრ. იბერიელებს მოიხსენიებენ ამგვარად: „ქართველნი დასავლისანი“, „სპანიის“, „შპანოოს“ ქართველნი (VIII – XI სს.). გ. მთაწმიდელის ცნობით, იოანე მთაწმიდელს განუზრახავს (X ს.) თავის მოწაფეებთან ერთად გამგზავრებულიყო „სპანიაში“, რათა მოენახულებინა იქ მყოფნი „ქართველნი არა-მცირედნი ნათესავნი“. ახ. საუკუნეებში „ეუსკარო-კაუკაზიკის“ ჰიპოთეზას მრავალი დასავლეთევრ. მეცნიერი შეეხო (ლ. ჰერვასი, ჰ. კლაპროთი, ფ. მიულერი, ი. ჰიუბშმიდი, ჰ. შუხარდტი, ა. ტრომბეტი, კ. ულენბეკი, ჰ. ვინკლერი, ფ. ფიტა, ჟ. დიუმეზილი, ა. დირი, კ. ბოუდა, რ. ლაფონი, კ. პოლაკი, ჰ. ფოგტი, ა. ტოვარი, ლ. მიჩელენა და სხვ.). ჰ. შუხარდტმა დააყენა საკითხი ქართულის ბასკურთან „თავდაპირველი შინაგანი ნათესაობის“ შესახებ. კ. კ. ულენბეკმა პირველმა მოგვცა სიტყვობრივი მასალის სისტემური შედარება.

საყურადღებოა ჰ. ვინკლერის დაკვირვებანი ბასკურ-აფხ. ნაცვალსახელებზე, პირის ნიშნებზე. ბასკურ-ქართველური ენების პარალელების ძიებაში მნიშვნელოვანია რ. ლაფონის ღვაწლი. ნაყოფიერად მუშაობს ამ დარგში. ი. ბრაუნი. მან დაადგინა რამდენიმე ქართველურ-ბასკური ფონეტ. შესატყვისობა და გამოავლინა ლექსიკური შეხვედრები.

ბასკურ-ქართ. ურთიერთობისადმი ინტერესს იჩენს თანამედროვე ბასკეთშიც (ფ. ვილასანტე, შ. კინტანა, კ. არანეგი და სხვ.).

ქართველურ-კავკ. ენებთან ბასკურის დაკავშირების ისტორიაში ახ. ეტაპი შექმნა ნ. მარმა. ყურადსაღებია მისი ლექსიკური პარალელები, დებულებები ბასკურ-ქართველურ პრეფიქსულ წარმოებაზე, კაუზატივზე, რიცხვით სახელებზე და სხვ. 20-იან წწ. დასაწყისში თსუ-ის პროფესორთა საბჭომ, ნ. მარის სპეც. მიმართვის საფუძველზე, დააარსა „იაფეტური ენათმეცნიერების“ (ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის) კათედრა და 1922 წ. 1 იანვრიდან მის გამგედ მოიწვია ნ. მარი, რ-საც უნდა წაეკითხა ბასკური ენის საუნივერსიტეტო კურსი. ნ. მარის ბასკოლოგიური იდეები გავრცელდა რუსეთის სამეცნ. წრეებში (ვ. შიშმარიოვი, ს. ბიხოვსკაია, ლ. ჟირკოვი, დ. პეტრესი, ი. ზიცარი და სხვ.). არნ. ჩიქობავა გამოყოფს საერთო სტრუქტურულ ნიშანთა იმ კომპლექსს, რ-ითაც ბასკური და კავკ. ენები ერთმანეთს ეხმაურებიან (ნაწევრის პოზიცია, ერგატიული კონსტრუქცია, ზმნის უღვლილების პრინციპები, თვლის ოცობითი სისტემა და სხვ.). ბასკურ და ქართველურ ენათა შედარებითი შესწავლის ისტორიის შედეგები შეჯამებულია შ. ძიძიგურის წიგნში „ბასკები და ქართველები“. ი. ზიცარი ბასკურ-ქართველურ ენათა ურთიერთობის კვლევისას იყენებს შინაგანი რეკონსტრუქციის მეთოდს.

კვლევა-ძიება მიმდინარეობს ბ-ში თსუ-ში და საქართვ. მეცნ. აკადემიაში. 1976 დაარსდა ბასკური ენისა და კულტურის საზოგადოება, გამოქვეყნდა ნაშრომები საქართველოში თუ საზღვარგარეთ (ს. გაბუნია, ი. ზიცარი, ი. მაჭავარიანი, ქ. მეგრელი, ნ. სტურუა, მ. ღლონტი, გ. შალამბერიძე, რ. ჭანტურია, გ. ჩანტლაძე, შ. ძიძიგური). ბასკურ-ქართ. პარალელებს იკვლევენ ეთნოგრაფიაში, მუს. ფოლკლორსა და სხვა დარგებში.

ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა  ვ., ტ ა ბ ა ღ უ ა  ი., ბასკური ხალხური სიმღერები, თბ., 1983; ლაფონი რ., ბასკური ენა, თარგმ. ფრანგ., წგ.: ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, თბ., 1976; ტ ო ვ ა რ ი  ა., ბასკური ენა (არნ. ჩიქობავას წინასიტყვ. და რედ.), თბ., 1980; ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა  არნ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; ძ ი ძ ი გ უ რ ი  შ., მოგზაურობა ბასკეთში, თბ., 1977; მისივე, ბასკები და ქართველები, თბ., 1982; Г л о н т и  М. М., К тиnологии баскского календаря, Тб., 1988; З ы ц а р ь  Ю. В., О родстве баскского языка с кавказскими, «Вопросы языкознания», 1955, т. 5; მისივე, Реконструкции в области баскского языка, Тб., 1988; М а р р  Н. Я., О яфетическом происхождении баскского языка, «Известия Росийской АН», 1920, серия 6, т. 14; მისივე, Из Пиренейской Гурии, Тфл., 1927; მისივე, Баскско-кавказские лексические параллели, Тб., 1987; Ш а л а м б е р и д з е  Г. О., Некоторые вопросы теории и типологии баскских именных композитов, Тб., 1988; Ш и ш м а р е в  В., Баскский язык, წგ.: Очерки по истории языков Испании, М.-Л., 1941; Ш у х а р д т  Г., Баскский язык и языкознание, წგ.: Избр. Статьи по языкознанию, М., 1950; B r a u n J., euskaro-caucasica, «Iker-I. Encuentros Internacionales de Vascologos», Bilbao, 1981, pp. 213 – 219; D z i d z i g u r i  Sh., Vascos y Georgianos, Bilbao: Noranahi, 1982; მისივე, Basques et Géorgiens, Tbilisis, 1983; L a f o n  R., Etudes basques-caucasiques, Salamanca, 1952; U n d i a n o  E., Vasco y Georgianos, Madrid, 1983.

შ. ძიძიგური

მ. ღლონტი