ბატალური ჟანრი (ფრანგ. bataille ‒ ბრძოლა), სახვითი ხელოვნების ჟანრი; ასახავს ომსა და სამხ. ცხოვრებას.
ბ. ჟ-ში მთავარი ადგილი უჭირავს ბრძოლის სცენებსა (მ. შ. საზღვაოს) და სამხ. ლაშქრობებს. მისი მიზანია აღბეჭდოს ომის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი მომენტი, გადმოსცეს ბრძოლის პათოსი, მებრძოლთა გმირობა, ზოგჯერ კი გახსნას საომარი მოვლენის ისტ. არსი. ამით ბ. ჟ. ისტორიული ჟანრი|ისტორიულ ჟანრს უახლოვდება. ბ. ჟ., როგორც სახვით ხელოვნ. დამოუკიდებელი სახეობა, XVI–XVII სს-ში ჩამოყალიბდა, მაგრამ ბრძოლებს სახვით ხელოვნებაში ჯერ კიდევ უძველეს დროში ასახავდნენ. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნების (ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, ირანი და სხვ.) კედლის მხატვრობასა და რელიეფებში გამოსახული არიან მტერთან მებრძოლი მეფეები ან მხედართმთავრები, ალყაშემორტყმული ქ-ები. ძვ. ბერძნ. ლარნაკწერაში, ტაძართა ფრონტონებისა და ფრიზების რელიეფებზე ასახულია მითოლ. გმირების საბრძოლო მამაცობა. ძვ. რომის სატრიუმფო თაღებსა და სვეტებზე გამოსახავდნენ იმპერატორთა ლაშქრობებს. ბატალური კომპოზიციები ხშირადაა გამოსახული რელიეფებზე ჩინ. და კამპუჩიის, აგრეთვე ინდ. კედლის მხატვრობაში, იაპ. ფერწერაში. ბრძოლის თემებზეა შექმნილი შუა საუკ. ქსოვილებსა და ხალიჩებზე გამოსახული კომპოზიციები („ბაიეს ხალიჩა“, ასახავს ნორმანების მიერ ინგლ. დაპყრობას, დაახლ. 1073–83). ბრძოლის თემის რეალისტურად გამოსახვა პირველად აღორძინების ეპოქის იტალ. მხატვრებმა სცადეს [პაოლო უჩელი (1397–1474), პიერო დელა ფრანჩესკა (1416 ან 1420–92)]. ღრმა იდეური შინაარსი ჩააქსოვა ლეონარდო და ვინჩიმ „ანგიარის ბრძოლის“ ფრესკისათვის (1503–06). ტიციანმა ბრძოლის სცენებში რეალური გარემო შეიტანა (ე. წ. „ბრძოლა კადორთან“, 1537–38). XVII ს. II ნახევრიდან ევრ. ხელოვნებაში გაჩნდა ბატალური სურათების პირობითი ტიპი, რ-ის მიზანი იყო მხედართმთავართა განდიდება. XIX ს. I ნახევარში ფ. გოიას (ესპანეთი), თ. ჟერიკოს და ე. დელაკრუას (საფრანგეთი) შემოაქვთ ბ. ჟ-ში დემოკრ. ნაკადი. გარკვეული წვლილი შეიტანეს ამ ჟანრის განვითარებაში რუსმა მხატვრებმა (ვ. ვერეშჩაგინი, ვ. სურიკოვი, მ. გრეკოვი, ი. აივაზოვსკი). განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა ბ. ჟ-მა II მსოფლიო ომის დროს. განმათ. ბრძოლებს ასახავს თანამედროვე მხატვართა ‒ პ. პიკასოს (ესპანეთი), რ. გუტუზოს (იტალია), დ. სკეროსის (მექსიკა) და სხვ. შემოქმედება. ომის თემებზეა შექმნილი სალვადორ დალის სიურრეალისტური ნამუშევრები.
ქართულ სახვით ხელოვნებაში ბ. ჟ-ის თემატიკისადმი მიძღვნილი ნამუშევრები შეიქმნა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ისტ. წყაროების მიხედვით, ბ. ჟ-ის თემატიკა აისახა მეფეთა სასახლეების კედლის მხატვრობაში (როსტომ მეფის სასახლე თბილისში, იმერეთის მეფეთა სასახლე ქუთაისში, თეიმურაზ I-ის სასახლე გრემში), ბ. ჟ-ს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“|„ამირანდარეჯანიანის“ ხელნაწერის ილუსტრაციებში (სამწუხაროდ, ეს ნამუშევარი დაკარგულია). ბ. ჟ-ის თემატიკა აისახა ეკლესიების ფასადების მხატვრობაშიც [ამირანის ბრძოლა დევებთან ლაშთხვერის ეკლესიის (XIV ს.) და ჩაჟაშის ეკლესიის (XVII ს.) ფასადებზე]. ბ. ჟ. განსაკუთრებით პოპულარული იყო ქართ. მინიატიურულ მხატვრობაში. ამ მხრივ აღსანიშნავია XV ს. ხელნაწერები (საქართვ. მეცნ. აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, თბილისი). XVI – XVIII სს. მინიატიურებში დიდი ოსტატობით არის ასახული ბატალური სიუჟეტები, წარმოდგენილია ციხეების გარემოცვა, ბრძოლების ცალკეული ეპიზოდები, სამხ. შეიარაღება, სამეფო კარის ჩაცმულობა, რეგალიები, მხატვარ-მინიატიურისტები საქმის ღრმა ცოდნითა და მაღალი პროფ. ოსტატობით გადმოსცემენ ცხენოსანთა ბრძოლებს, ლაშქრობებს, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებს, მებრძოლთა გმირობას, მათ ცხოვრებას, დასჯის ეპიზოდებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვეფხისტყაოსნის დამსურათებელ მინიატიურისტთა მაღალი მხატვრული დონე, სადაც ბატალური სცენები უდიდეს მხატვრულ ღირებულებას იძენს.
ბ. ჟ-ში საყურადღებო სურათები შექმნეს თბილისში მომუშავე მხატვრებმა. აღსანიშნავია ბატალისტი მხატვრის ფ. რუბოს მიერ თბილ. სამხ.-ისტ. მუზეუმისათვის შექმნილი რამდენიმე ტილო („ბრძოლა მდინარე ქუშქასთან 1885 წელს“, 1893; „ორი მებრძოლი“, 1882; „ყარსის ციხესიმაგრის აღება“, 1872, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი). ამ დროს ფ. რუბოსთან თანამშრომლობდა გ. გაბაშვილი. ცნობილმა ბატალისტმა ნ. სამოკიშმა თბილ. დიდების ტაძრისათვის დახატა რამდენიმე სურათი (მ. შ. „ბრძოლა იორზე ომარ-ხანის წინააღმდეგ“, 1888, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი). ბ. ჟ-ში მნიშვნელოვანი სურათები შექმნეს ნ. ფიროსმანაშვილმა („გიორგი სააკაძე მტრებისგან იხსნის საქართველოს“, 1906), გ. გაბაშვილმა („ხევსურთა ბრძოლა“, „შატილის დაცვა“, „იერიში“, 1924; „არხოტის დაცვა“, 1898 – 1901, „ხევსურები შეტევის წინ“), ვ. სიდამონ-ერისთავმა („კრწანისის ბრძოლა“, 1919; „გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლის შემდეგ“, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), ს. მაისაშვილმა („გიორგი სააკაძის ბრძოლა სპარსელებთან მარაბდის ველზე“, 1941; „ნასაკირალის ბრძოლა“, 1958, სოფ. შემოქმედის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ოზურგეთის რ-ნი; „კრწანისის ომი“, 1958, კინოთეატრი „ბათუმი“, თბილისი; „ასპინძის ომი“, 1966, ასპინძის კულტურის სახლი), კ. მახარაძემ („სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში“, 1953; „ასპინძის ბრძოლა“, 1958 ორივე თბილ. სამხატვრო აკად. მუზეუმი, თბილისი), დ. ხახუტაშვილმა („ციხის დაცვა“, 1984, მხატვრის კუთვნილება), გ. გორდელაძემ („ბრძოლა ანანურთან“, 1957, მხატვრის კუთვნილება) და სხვ.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961; ხ უ ს კ ი ვ ა ძ ე ი., ქართული საერო მინიატიურა XVI – XVIII სს., თბ., 1976; Ш е р в а ш и д з е Л. А., К вопросу о средневековой грузинской светской миниатюре, Тб., 1964.
ა. ჩხარტიშვილი