ბატონები, ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველა) საერთო ხალხური სახელწოდება.
ქართველთა ძვ. რელიგ. შეხედულებით, ამ სნეულებებს იწვევდნენ ადამიანის მსგავსი პატარა ზებუნებრივი არსებები, ე. წ. ბატონები, ანგელოზები. დაავადებასაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა. არსებობდა ნამდვილი და ტყუილი, მაგ., ყვავილი და ჩუტ-ყვავილა, ე. ი. ტყუილი ყვავილი, თუმცა პატივისცემა ამ უკანასკნელსაც სჭირდებოდა.
მორწმუნეთა წარმოდგენით ბ. ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა გაჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბ-ის გასამხიარულებლად დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე, მღეროდნენ ბ-ის საგალობელს, ცეკვავდნენ. ბ. ქართველთა უძველესი ნაყოფიერების ღვთაების დიდი დედა ნანას შვილებად მიაჩნდათ და „ნაწილიან ღვთაებად“ თვლიდნენ.
ლიტ.: Б а р д а в е л и д з е В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.
თ. ოჩიაური