ბერეჟიანი დარია ივანეს ასული [19 (31). III. 1897, ოზურგეთი, - 13. VI. 1983, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960).
1923 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1939 – 40 სსრკ‒ფინეთის ომის დროს მუშაობდა სამხ.-საველე ჰოსპიტალში ქირურგად. 1941 – 43 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის საფაკულტეტო ქირურგ. კათედრის პროფესორი, 1943 – 74 ‒ ამავე კათედრის გამგე, 1974-იდან გარდაცვალებამდე ‒ მეცნიერ-კონსულტანტი.
შეისწავლა ვეგეტატიური ნერვული სისტემის როლი ჭიანაწლავის ანთების განვითარებაში. დაამუშავა თერმული დამწვრობის მკურნალობის ახ. მეთოდი ასკანის თიხისაგან დამზადებული პრეპარატით. გავა-კუდუსუნის ხვრელ-მილის ოპერაციული მკურნალობისათვის შემოიღო ორიგინ. განაკვეთი, შეისწავლა მუცლის ღრუს ორგანოების, ჩიყვისა და თირეოტოქსიკოზის ქირურგ. მკურნალობის საკითხები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ჭიაყელა ნაწლავის ინერვაცია და ცვლილებები ანთებადი პროცესების დროს, ტფ., 1933; ჭიანაწლავის მწვავე ანთება (აპენდიციტი), თბ., 1961 (თანაავტ. ა. კუტუბიძე).
გ. ბოკერია