ბერთა, ძველი ქართული საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა კლარჯეთში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორიაზე);
მოიხსენიება გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. მონასტერი დაარსდა IX ს. I ნახევარში, მომდევნო ხანაში კი ქართ. მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა გახდა. ცნობილია იქაური კალიგრაფი ზეკეპე ბერთელი (X ს.), რ-იც შემდგომ ულუმბოს (ოლიმპის) მონასტერში მოღვაწეობდა. ბ-ის სავანიდან მოღწეულია ორი ხელნაწერი ‒ ბერთის ოთხთავი, გადაწერილი 988-მდე (დაცულია აშშ-ში, ხელნაწერის მიკროფილმი ინახება საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. სამეცნ. ბ-კაში) და მეორე ოთხთავი (XII ს.), რ-იც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს (ხელნაწ. ინ-ტი, Q – 906). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბ-ის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.
ლიტ.: მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962.
ლ. მენაბდე