„ალდაგი ბისიაი“

„ალდაგი ბისიაი“ (სააქციო საზ-ბა), ერთ-ერთი ლიდერი სადაზღვევო კომპანია საქართველოში.

შეიქმნა 1990 საქართვ. მოწყალებისა და ჯანმრთელობის ფონდთან „ალდაგის“ სახელწოდებით – პირველი სადაზღვევო კომპანია ქართ. სადაზღვევო ბაზარზე. 1995-იდან ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად. 2007 სადაზღვევო კომპანიები „ალდაგი“ და „ბისიაი“ (დაარსდა 1998) გაერთიანდა და დაერქვა „ა. ბ.“ 2012 კი მას შეერწყა სადაზღვევო კომპანია „იმედი L“. შედეგად „ა. ბ-ს“ წილი საქართვ. სადაზღვევო ბაზარზე გაიზარდა და ამჟამად იგი ბაზრის 1/3-ზე მეტს ფლობს. 2014 ჯანმრთელობის დაზღვევის გაყიდვა „იმედი L-ს“ გადაეცა, სხვა სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას კი „ალდაგი“ ახორციელებს.

„ა. ბ.“ 80-მდე ტიპის (ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, მანქანა-დანადგარების, საავიაციო, საწყალოსნო და სხვა რისკების) დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდ., ასევე კორპორატიულ მომხმარებელს.

კომპანიის ოფისები ფუნქციონირებს თბილისსა და საქართვ. სხვა ქალაქებში.

მ. თოქმაზიშვილი