ბატონყმობა, ფეოდალიზმის ეტაპი, როცა ყველაზე სრულადაა განხორციელებული ფეოდალის არასრული საკუთრება მწარმოებელზე.
ბ-ის ძირითადი თვისებაა გლეხის თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი უფლებების უკიდურესად შეზღუდვა: გლეხის მიწაზე მიმაგრება; ფეოდალის უფლება გლეხის წასვლის შემთხვევაში მისი იძულებით უკან დაბრუნებისა; მისი გაყიდვისა მიწიანად, ზოგან უმიწოდ; ბეითალმანის უფლება, მისი ფიზ. დასჯა, უძრავი ქონების გასხვისების უფლების წართმევა, ფეოდალის ადმინისტრაციისა და სასამართლოსადმი დაქვემდებარება და სხვ. ეს მომენტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ძალით ვლინდებოდა. ბ-ის დამკვიდრებას დიდად შეუწყო ხელი სენიორიებში საბატონო მეურნეობის განვითარებამ და მასთან დაკავშირებულმა შრომითმა ბეგარამ, აგრეთვე შეუვალობამ (იმუნიტეტმა).
საქართველოში „ბატონყმობა“ მხოლოდ ფეოდალისა და გლეხის (არათავისუფალი, მიწაზე მიმაგრებული მწარმოებელი) დამოკიდებულების აღმნიშვნელ ცნებად XIX ს-ში იქცა. მანამდე კი ის „ფეოდალიზმის“ სინონიმი იყო და მოიცავდა ფეოდ. საზ-ბის ყველა წოდებისა და ფენის ურთიერთობას მეფიდან გლეხამდე.
ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ბ. ფეოდალიზმის ის ეტაპია, რ-მაც შეცვალა პატრონყმობა. სხვა მოსაზრებით, ბ. და პატრონყმობა სინონიმებია. „პატრონყმობა“ („ბატონყმობა“) შედგება ორი სიტყვისაგან ‒ პატრონი (ბატონი) და ყმა. სიტყვა „პატრონი (სენიორი) გაბატონდა IX ს-ში (მანამდე იხმარებოდა „უფალი“). „ბატონი“ წყაროებში XV ს-იდან გვხვდება, XVII ს-ში „ბატონი“ უფრო გახშირდა, ხოლო XVIII ს-ში თითქმის მთლიანად განდევნა „პატრონი“, თუმცა ეს უკანასკნელი კვლავ იხმარებოდა. „ყმას“, რ-იც თავდაპირველად მხოლოდ ბავშვს, ყრმას აღნიშნავდა, ადრიდანვე მიეცა სოც. მნიშვნელობა. თუ ყმა ფეოდალთა წოდებას ეკუთვნოდა (დიდებული, თავადი, აზნაური), იგი თავის პატრონზე ვასალურად იყო დამოკიდებული, ხოლო თუ მწარმოებელთა წრიდან იყო ‒ მაშინ გლეხურად.
ფეოდალიზმის გენეზისი საქართველოში პირველი საუკუნეებიდანვე (ზოგის შეხედულებით III–IV სს-ში) დაიწყო. IV–V სს-ში უკვე ჩამოყალიბდა ფეოდ. კლასი ‒ აზნაურობა, რ-იც ორი ფენისაგან შედგებოდა: 1. მთავრები (დიდი აზნაურები, შემდეგ ‒ დიდებულები) და 2. აზნაურები, რ-ებიც მთავრების „წინაშემდგომელნი“ ანუ ვასალები იყვნენ. მწარმოებელთა კლასი შედგებოდა სოფელსა და დაბაში მცხოვრებ თავისუფალ თუ ნახევრად თავისუფალ მეთემე „ქვეყნისმოქმედთაგან“ (მიწისმოქმედნი), თავისუფლებადაკარგულ გლეხთაგან და ორივე ამ ფენიდან გამოსული მონა-მსახურებისა და მონა-მხევლებისაგან. სტრაბონი იხსენებს ძვ. იბერიის სოც. ფენას ლაოის, რ-იც მაშინ თითქოს მხოლოდ მეფის საგვარეულოს ემსახურებოდა. მკვლევართა აზრით, „ლაოის“ ქართ. შესატყვისი უნდა ყოფილიყო „გლეხი“. V ს-ში ჩამოყალიბდა ადრინდ. ფეოდ. სენიორების (ფეოდ. „სახლები“). ამ სენიორებში მოქცეული სოფლებისა და დაბების მცხოვრებნი, რ-ებიც თავიდან მხოლოდ მიწით უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებული „უფალზე“, თანდათან ადმინისტრაციულადაც, სამხ. და სასამართლო ხაზითაც მის განკარგულებაში გადავიდნენ, ბოლოს პირადი თავისუფლებაც დაკარგეს და გლეხთა რიგებში მოექცნენ. ეს „ქვეყნისმოქმედნი“ თავიანთ „უფალს“ უხდიდნენ ბეგარას შრომით, ნატურით, პირადი სამსახურით სასახლეში (მცველები, მსახურ-მოახლეები და სხვ.).
საბატონო მეურნეობის განვითარება ხელს უწყობდა შრომითი ბეგარის ზრდას, რაც ბატონყმური დამოკიდებულების საფუძველს ქმნიდა. ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდა VII–IX სს-ში, როცა მეტად განვითარდა სენიორული სისტემა.
საქართველოში ბ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინტენს. სოფლის მეურნეობამ-მევენახეობამ და მებაღეობამ. მეურნეობის ამ დარგებს დიდი ადგილი ეკავა როგორც საბატონო, ისე გლეხის პირად მეურნეობაში. საბატონო მეურნეობაში ზვრები და ბაღები გლეხთა შრომითი ბეგრით შენდებოდა. თვით გლეხის მეურნეობაში ვენახისა და ბაღის გაშენება კი ხელს უწყობდა გლეხის მიწაზე დამაგრებას და შემდეგ მიმაგრებასაც.
ქართ. ისტორიოგრაფიაში ბ-ის გამარჯვების დროის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს (VIII–IX სს., XI–XII სს., XIV–XV სს.). IX ს. ბარში მწარმოებელი საზ-ბის ძირითადი ნაწილი უკვე გლეხი იყო. ამ დროიდან მოკიდებული ქართ. დოკუმენტური წყაროები მწარმოებელთაგან ასახელებენ მხოლოდ გლეხებს და მათი წრიდან გამოსულ მსახურებს. ამავე ხანაში მოხსენიებული „მდაბიო“ გლეხის სინონიმი იყო. თვით გლეხობაში ჩნდებოდა ერთმანეთისაგან განსხვავებული ჯგუფები: მკვიდრი, გარეთმოსული, მომართებული, სიგლოსანი და სხვ. IX ს. ბ-ის გამარჯვების საუკუნეა საქართველოში. ამ დროს, განსაკუთრებით ტაო-კლარჯეთში, განვითარდა ფეოდ. ეკონომიკა, ხელოვნება, მეცნიერება და კანონმდებლობა. IX–XI სს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გლეხებს ჰყიდდნენ მიწიანად თუ უმიწოდ, კომლობრივ თუ სოფლობით. გახშირდა ეკლესია-მონასტრებისადმი გლეხთა შეწირვა როგორც კომლობრივ, ისე სოფლობით (ანალოგიური შემთხვევები ცნობილია უფრო ადრინდ. ეპოქაშიც). ბაგრატ კურაპალატის სამართ. წიგნში (IX ს., სხვა შეხედულებით ‒ XI ს.) გლეხი ხშირად საზღაურად არის დასახელებული. მაგ., ეკლესიის საპატიო ხატის შეურაცხყოფისათვის ფეოდალს „საუპატიო ოცდაათი გლეხი მართებს“.
XI–XII სს-ში გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, გავრცელდა მეკობრეობა, გამრავლდა მწარმოებელთა წრიდან გამოსული გლახაკების რაოდენობა, ისინი ბევრნი იყვნენ ჯერ კიდევ IX ს-ში, ბ-ის გამარჯვების ეპოქაში, როცა ტაო-კლარჯეთის სამთავროში გლახაკთა სასარგებლოდ დაწესდა „გლახაკთა წილი“. ბატონყმური ურთიერთობა მთაშიც იჭრებოდა, თუმცა მთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირად თავისუფლებას. კანონი გლეხის მიწაზე მიმაგრების შესახებ ალბათ ბ-ის დამკვიდრების დროიდანვე არსებობდა, მაგრამ ამის თაობაზე პირდაპირი მითითება არ მოგვეპოვება. მხოლოდ ბექა-აღბუღას სამართ. წიგნით (XIV ს.) ვიგებთ, რომ ფეოდალის უფლება 30 წლის განმავლობაში ეძებნა და უკან დაებრუნებინა მისგან გაქცეული გლეხი, უფრო ადრე ყოფილა დაწესებული. მხითარ გოშის სამართ. წიგნის მიხედვით, XII ს-ში სომხ. იმ ნაწილში, რ-იც საქართვ. სახელმწიფოში შედიოდა, უკვე მოქმედებდა კანონი გლეხის მიწაზე მიმაგრების შესახებ. ასე უნდა ყოფილიყო საქართვ. სხვა ნაწილებშიც. XI–XII სს. საქართველოში განვითარდა საქალაქო ცხოვრება და სასაქონლო-ფულადი მეურნეობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი რენტა, მოხდა გლეხობის ქონებრივი დიფერეციაცია. გლეხობის ბრძოლა ბ-ის წინააღმდეგ ბარში (ტაო-კლარჯეთის გლეხთა მოძრაობა 1028–31) და მთიელთა ბრძოლა ფეოდალური ინ-ტებისა და მეფის მოხელეების წინააღმდეგ (XII ს-ში) დროის მოთხოვნა იყო. ბატონყმური ურთიერთობანი საქალაქო ცხოვრების განვითარების პირობებში აფერხებდა საწარმოო ძალების განვითარებას.
საქართველოში, დას. ევროპის მსგავსად, თავი იჩინა გლეხობის ცალკე ჯგუფების განთავისუფლების ფაქტებმა. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ რამდენიმე მათგანმა: დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, დავითმა მთელი საქართველოს სოფლის მღვდლები („ხუცესნი“) გაათავისუფლა „ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან“ (ქართლის ცხოვრება, I, გვ. 353). დიდებულთა კუთვნილი ყმა-გლეხ ხუცესთა განთავისუფლებით დავითმა სოფლის დაბალი სამღვდელოება თავის დასაყრდენად აქცია. დავით VI-ის 1261 სიგელიდან ჩანს, რომ მეფე გიორგი III-ს ზემო იმერეთის ორი სოფლის ‒ ხეფინისხევისა და წაქვის ‒ მწარმოებლები გაუთავისუფლებია ყოველგვარი სახელმწიფო, საერისთავო და სახევისუფლო გადასახადისაგან და მათში სახელმწიფო მოხელეების შესვლა აუკრძალავს. დას. ევროპის სათანადო ფაქტების ანალოგიის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ორი სოფელი მეფემ ბ-ის უღლისაგან გაათავისუფლა, რაც ას წელს გაგრძელდა. 1261 დავით VI-მ განაახლა და დაამტკიცა სიგელი მცირე შესწორებით. განთავისუფლებულებს დააკისრა ქათმის გადასახადი.
საქართველოს სოც.-ეკონ. და პოლიტ. აღმავლობა მკვეთრად შეაჩერა ჯერ მონღოლთა ასწლოვანმა ბატონობამ და შემდეგ თემურლენგისა და სხვათა შემოსევებმა. საქართველო ეკონომიკურად დაქვეითდა და პოლიტიკურად დაიშალა. ბ-გან განთავისუფლების ახლად დაწყებული პროცესი შეწყდა, სამთავრო-სენიორული სისტემა კვლავ გაღრმავდა, ბ-მაც უფრო მკაცრი და ზოგჯერ მახინჯი ფორმებიც კი მიიღო (ბოგანოობა, ხიზნობა, „ტყვის სყიდვა“). სამცხის სამთავრო, რ-იც შედარებით დაცული იყო მონღოლთა თარეშისაგან და ამის გამო ეკონომიკურად მოღონიერდა, საქართვ. სხვა კუთხეებიდან გადმოხვეწილი გლეხებით აივსო. იმ ფეოდალთა ინტერესები რომ დაეცვა, რ-თაც გლეხები ჰყავდათ შეხიზნული, სამცხის მთავარმა გაქცეული გლეხის დაბრუნების 30-წლიანი ვადის გვერდით დააწესა ახ. ვადა ‒ 7 წელი იმ შემთხვევისათვის, თუ ბატონმა იცოდა გლეხის სამყოფელი და არ მიიღო ზომები მის უკან დასაბრუნებლად (XIV ს. სამართ. წიგნი). ამავე სამართ. წიგნის მიხედვით, გლეხს შეეძლო მხოლოდ ერთი ხარის საფასურის ქონებაზე დასდგომოდა ვინმეს თავდებად; არ ჰქონდა უფლება ბატონის უნებართვოდ გაეყიდა უძრავი ქონება, რადგან „ადგილი პატრონისა არის“.
საქართვ. მთიანეთში მწარმოებელი მოსახლეობა სოც. თვალსაზრისით ჭრელი იყო. თავისუფალი თუ ნახევრად თავისუფალი მიწის მუშისა და მოლაშქრის გვერდით მრავლად იყვნენ გლეხებიც. XVI–XVII სს-ში აღინიშნა ე. წ. „ბატონყმური რიგის“ დარღვევა („უდების დადება“, „ტყვის სყიდვის“ გავრცელება და სხვ.), რაც გამოიწვია უცხოელ დამპყრობთა ხშირმა შემოსევამ და ამით გაპირობებულმა ეკონ. ჩამორჩენილობამ. გამწვავდა კლასობრივი ბრძოლა, განსაკუთრებით ფეოდალებსა და მთიანეთის მოსახლეობას შორის. მთიელები ხშირად აწყობდნენ აჯანყებას. ზოგიერთი ფეოდ. საგვარეულო მათ. მთლიანად გაწყვიტეს და დროებით თავისუფლებას მიაღწიეს, მაგრამ საბოლოოდ ბ-მ მთაშიც თანდათან მოიკიდა ფეხი.
XVIII ს. I მეოთხედში ფეოდ. სახელმწიფოს განმტკიცების მიზნით ვახტანგ VI-მ სცადა დარღვეული „ბატონყმური რიგის“ მოწესრიგება. ვახტანგ VI-ის სამართ. წიგნის მიხედვით, „ყმისა ყველა ბატონისა არის“. მაგრამ იგივე კანონი იცავდა გლეხს „უდების დადებისაგან“ ‒ ზედმეტი გადასახადისაგან, რ-იც გლეხის მეურნეობას ანადგურებდა; კრძალავდა „მკვიდრი გლეხის“ უმიწოდ გაყიდვას; ავალდებულებდა ბატონს უდანაშაულო გლეხის მოკვლის შემთხვევაში სისხლის ფასი გადაეხადა ან კომლი ყმობისაგან გაეთავისუფლებინა; თუ ბატონი გლეხის ცოლს გააუპატიურებდა, გლეხი პასუხს არ აგებდა ბატონის მოკვლისათვის. ვახტანგ VI-მ გაქცეული გლეხის ძებნის 30-წლიანი ვადის გვერდით დააწესა 2 ვადა 6- და 12-წლიანი. თუ გლეხი გადაიკარგებოდა და 6 წლის შემდეგ მეფის სახასოში დასახლდებოდა, ძვ. მებატონე კარგავდა მასზე უფლებას; თუ გაქცეული გლეხი თრიალეთში დასახლდებოდა, 12 წლის შემდეგ ძვ. მებატონეს მასზე უფლება აღარ ჰქონდა. ეს წესი მეფის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მაგრამ რამდენადმე გლეხებისთვისაც სასარგებლო იყო.
XVII ს. II ნახევარსა და XVIII ს. I მეოთხედში, როცა ქართლში შედარებით მშვიდობიანობა დამყარდა და საქალაქო ცხოვრება გამოცოცხლდა, გლეხთა თავდახსნის შემთხვევები გახშირდა. ეს ვითარება აისახა ვახტანგ VI-ის სამართ. წიგნში, სადაც სპეც. მუხლია თავდახსნილი გლეხისა და მისი ინტერესების დაცვის შესახებ. მაგრამ თავისუფალი გლეხების ფენის ჩამოყალიბების პროცესი შეაფრეხა ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობამ აღმ. საქართველოში.
XVIII ს. II ნახევარში უცხო დამპყრობთა განდევნისა და ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანების შემდეგ ცენტრ. ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გლეხების საკითხსაც. ერეკლე II ცდილობდა „ბატონყმური რიგის“ მოწესრიგების მიზნით ბატონისა და გლეხის ურთიერთობაში ჩარეულიყო. XVIII ს. 50-იან წლებში მან კახეთის სახასოში და ნიკოლოზ ალავერდელმა ეპისკოპოსმა თავის საყმოში აღიარეს ქვრივისა და ქალიშვილების უფლება უძეოდ გარდაცვლილი გლეხის საკომლოზე. უფრო მნიშვნელოვანი იყო კანონი (1770), რ-ითაც საბოლოოდ დამკვიდრდა საკუთრების ქალაქური წესი: უშვილოდ გადაგებული ვაჭარ-ხელოსნის ქონება მეფის ხელში კი აღარ გადადიოდა, არამედ გარდაცვლილის თუნდაც შორეულ ნათესავს ეძლეოდა. 1770 აიკრძალა გლეხის უმიწოდ გაყიდვა (აღდგა ძვ. წესი), იმავე ხანაში აიკრძალა გლეხის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე გაყიდვა; ფეოდალს უფლება ეძლეოდა ტყვედ მყოფი სხვისი ყმა გამოესყიდა და თავის ყმად მოეყვანა; მკვიდრი გლეხის აყრა-გაქცევისათვის პასუხისმგებლობა მებატონეს ეკისრებოდა, რაც რამდენადმე ზღუდავდა მებატონის მძარცველურ მადას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერეკლე II-ის მიერ გამოცემული კანონი (1765), რ-ის მიხედვითაც, ტყვეობიდან თავისით დაბრუნებული გლეხი თავისუფალი იყო. ამ კანონის გამოცემის შემდეგ ასობით გლეხი დაბრუნდა ტყვეობიდან. მაგრამ მოსულთა ნაწილი თავისუფლებას ვერ ინარჩუნებდა და მეფის ან ეკლესიის ყმა ხდებოდა. ამის მიუხედავად, თავადის ყმობასთან შედარებით მათი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ტყვეობიდან მოსულთა ნაწილი ინარჩუნებდა პირად თავისუფლებას და თავდახსნილ გლეხებთნ ერთად, რ-თა რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით რამდენადმე გაიზარდა, ქმნიდა თავისუფალ მწარმოებელთა ფენას. მათი რიცხვი ჯერ კიდევ ძალზე მცირე იყო, მაგრამ ზრდის ტენდენცია აშკარად ეტყობოდა.
საქართვ. რუსეთის იმპერიასთან შეერთებამ (1801) ქართ. ბატონყმურ ურთიერთობასაც თავისი კვალი დაამჩნია. გამოვიდა მრავალი კანონი და ბრძანებულება, რ-თა მიზანი იყო ქართ. ბ-ის „მოწესრიგება“ რუს. სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. შეერთების პირველ წლებში საქართვ. გლეხობის ეკონ. და უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. მთავრობამ არ ცნო გლეხთა სხვადასხვა კატეგორია, გააუქმა თარხნობის სიგელები და ყველას დაადო სახელმწ. ბეგარა-გადასახადები; გლეხობას აეკრძალა სამოქალაქო საქმეზე საჩივრით მთავრობის სასამართლოსადმი მიმართვა, მათი საჩივარი ბატონს უნდა გაერჩია (1807). ქართვ. თავად-აზნაურებს, რუსი მემამულეების მსგავსად, უფლება მიეცათ თავიანთი გლეხები დასჯის მიზნით „რეკრუტში“ გაეგზავნათ ან გაუსამართლებლად „კავკასიის ხაზზე“გადაესახლებინათ (1832). მაგრამ ბ. ხელს უშლიდა მწარმოებლური ძალების შემდგომ განვითარებას. კაპტალიზმის განვითარება აიძულებდა ცარიზმს შეეზღუდა ზოგიერთი ბატონყმური ინ-ტის მოქმედება ან მთლიანად გაეუქმებინა იგი: 1808 ბატონყმური დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლეს დაბალი სამღვდელოება; 1818 გააუქმეს გადასახადი „საქვრივო“, 1824 გლეხებს ნება დართეს მებატონის ყმა-მამულის საჯარო გაყიდვის შემთხვევაში თავი გამოესყიდათ. ვინც მიწიანად შეძლებდა თავდახსნას, მესაკუთრე გლეხი ხდებოდა, უმიწოდ თავდახსნილნი კი სახაზინო უწყებაში გადადიოდნენ; 1832 აღმ. საქართველოში, 1841–43 კი დას. საქართველოში მოქალაქეებსა და გლეხებს აეკრძალათ გლეხების ყოლა; 1838 გლეხებს უფლება მიეცათ ეძიათ და მიეღოთ თავისუფლება, თუ მებატონეს არ აღმოაჩნდებოდა საბუთი, რომ გლეხი მას ეკუთვნოდა. მართალია, ამ კანონის მოქმედება 1842 ფაქტობრივად შეაჩერეს, 1849 კი გააუქმეს კიდეც, მაგრამ მან მაინც გარკვეული როლი შეასრულა თავისუფლების საძიებლად გლეხობის ამოძრავებაში; 1848 ამიერკავკასიაზეც გავრცელდა რუსეთში 1833 გამოცემული კანონი, რ-ის მიხედვითაც აიკრძალა გლეხის უმიწოდ გაყიდვა (საქართველოსათვის ეს აქტი ადრე არსებული კანონის აღდგენა იყო).
XIX ს. 40–50-იან წლებში, კაპიტალ. საწარმოთა გაჩენისა და საქალაქო ცხოვრების განვითარების პირობებში, გაძლიერდა გლეხთა თავდახსნის პროცესი. რეფორმის წინ საქართველოში უკვე რამდენიმე ათასი პირადად თავისუფალი და მესაკუთრე გლეხი იყო.
რუსეთში ბ-ის გაუქმების (1861) შემდეგ გლეხთა მასობრივი აჯანყების ზეგავლენით ცარიზმი იძულებული გახდა საქართველოშიც გაეუქმებინა ბ. (1864–71). იხ. საგლეხო რეფორმა საქართველოში 1864–71.
ლიტ.: ა კ ო ფ ა შ ვ ი ლ ი გ., ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან XI–XII სს. საქართველოში, თბ., 1984; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; წგ. 6–7, თბ., 1973–74; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი მ., საქართველო XI–XII საუკუნეებში (სოციალურ-ეკონომიკური ნარკვევი), თბ., 1970; გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; დ ო ლ ი ძ ე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953; დ უ მ ბ ა ძ ე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. I ნახევარში, თბ., 1957; მისივე, თავისუფალ გლეხთა ფენის საკითხისათვის XVIII ს. საქართველოში, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან XII ს. საქართველოში (ბატონყმობის გამარჯვების საკითხისათვის), კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973; რ ა ტ ი ა ნ ი ზ., პატრონყმობისა და ბატონყმობის რაობის გარკვევისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნ. მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია, თბ., 1971; საქართველოს ისტორია, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1958; ყ ი ფ ი ა ნ ი დ., მემუარები, ს. ხუნდაძის რედ., ტფ., 1930; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6); ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ჯ ა ნ ა შ ი ა ს., საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას რედ., თბ., 1943; ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., ბატონყმობის საკითხისათვის, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1979, № 4; მისივე, ბატონყმობა საქართველოში, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის პერიოდიზაცია, თბ., 1980; ჯ ა ნ ა შ ი ა ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, [ტ.] 1, თბ., 1949; მისივე, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე, იქვე, [ტ.] 2, თბ., 1952; А в а л и а н и С. Л., Крестьянский вопрос в Закавказье, т. 1, Од., 1912; А н т е л а в а И. Г.; Государственные крестьяне Грузии и первой половине XIX века, Сух., 1955; Н о в о с е л ь ц е в А. П., П а ш у т о В. Т., Ч е р е п н и н Л. В., Пути развития Феодализма, М., 1972; С к а з к и н С. Д., Избранные труды по истории, М., 1973.
გ. ჯამბურია