ბაქარი

ბაქარი

ბაქარი (7. IV. 1700, თბილისი, ‒ 1. II. 1750, მოსკოვი), ქართლის მეფე 1717–19. ვახტანგ VI-ის ძე. მოსკ. ქართ. ახალშენის მეთაური. ქართული სტამბის მოამაგე, მთარგმნელი, კავკასიის ხალხთა განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რუს. არმიის გენ.-ლ. (1727). ცოლად ჰყავდა გიორგი არაგვის ერისთავის ასული ანა.

სამეფო კარზე კარგი აღზრდა მიიღო. მისი მასწავლებლები ქართველებთან ერთად იყვნენ კათოლიკე მისიონერებიც. ბ. ადრევე შეუდგა სახელმწ. მოღვაწეობას. მამის, ვახტანგ VI-ის სპარსეთში გაწვევის შემდეგ (1712) ბიძამისთან ერთად მართავდა ქართლს. 1717 მეფედ აკურთხეს. ბ-მა დაიმორჩილა გამდგარი ქსნის საერისთავო. ვახტანგ VI-ის დაბრუნების შემდეგ (1719) ყურადღება მიაქცია ჯარის რეორგანიზაციას, კავკ. მეზობელ ხალხებთან ‒ სომხებთან, დაღესტნელებთან, ჩერქეზებთან, ოსებთან ურთიერთობის გაღრმავებას.

1723 ვახტანგ VI-მ ტახტი ბ-ს გადასცა. 1724 ბ. მამასთან ერთად იძულებით წავიდა ემიგრაციაში რუსეთს. მგზავრობის დროს ესტუმრა დედულეთს‒ჩერქეზთ მთავრის სახლს. 1725 ჯერ მოსკოვში ჩავიდა, შემდეგ ‒ პეტერბრუგში. ქართლის სამეფოს წარმომადგენლებმა რუს. საიმპერატორო კარისაგან ქმედითი დახმარება მოითხოვეს. მეფე ვახტანგ VI-ს სპარსეთთან დამოკიდებულების საქმეში ახ. მისია დაეკისრა. ამ დროს ბ. ბატონიშვილი დარეჯან|დარეჯან ბატონიშვილის მემკვიდრედ გამოცხადდა. 1727 წ. 30 ნოემბ. მას რუს. არმიის გენ.-ლ. წოდება მიენიჭა და მოსკ. ოლქში საარტ. კანტორის უფროსად დაინიშნა.

1730 მან პრესნიაზე სასახლე აიშენა და იქვე, გრუზინოში დასახლდა. 1734 ბ. მამასთან ერთად სამშობლოში გამოემგზავრა. კავკასიაში ირანის აქტ. მოქმედებამ ქართვ. პოლიტიკოსთა გეგმები ჩაშალა. ვახტანგ VI ასტრახანში დარჩა და მოსკ. ქართული ახალშენის გამგებლობა ბ-ს ჩააბარა. 1735 მოსკოვში ბ-ის ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა გაჩაღდა ქართ. სტამბის შესაქმნელად, სასწ. წიგნების გამოსაცემად, ქართული დაბადების (ბიბლიის) ტექსტის მოსამზადებლად, საქართვ. რუკის შესადგენად. ბ. 1743 ასტრახანში ჩავიდა, აქედან ყიზლარს გაემგზავრა. ამ მისიის დროს მან პეტერბურგში ჩაიყვანა ყაბარდოელთა მთავრის სახლის წარმომადგენლები, რ-თაც რუს. საიმპერატორო კარს ქვეშევრდომობა სთხოვეს.

ბ-ის მოღვაწეობა ერთგვარად ნიადაგის მომზადება იყო რუს. მხარდაჭერით და მთელი იმიერკავკ. მოსახლეობის დახმარებით საქართველოს გასათავისუფლებლად. 1745 ბ-მა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამავე პერიოდში დაიწყო დავა ბ-სა და მის ძმას ბატონიშვილი გიორგი|გიორგი ბატონიშვილს შორის მამულების, ძვირფასეულობის, რელიკვიების და სხვ. გაყოფის თაობაზე. 1748 ბ-მა საიმპერატორო კარს ოფიციალურად სთხოვა საქართველოში დაბრუნება, რისი ნებართვაც მიიღო მამულებისა და სახდელი ქ-ნების დაბრუნების პირობებით. 1749 ბ. განთავისუფლდა რუს. სამსახურიდან და სამშობლოში გამოსამგზავრებლად მოემზადა. გამგზავრების საქმე გაჭიანურდა. ბ. ავად გახდა და გარდაიცვალა.

დაკრძალულია დონის მონასტერში. 1983 საქართველოს გაერთიანებულმა სარესტავრაციო-არქეოლ. ექსპედიციამ მისი საფლავი დეტალურად შეისწავლა. ბ-ს დიდი ამაგი მიუძღვის ქართული კულტ. და მწერლობის წინაშე. 1725 პეტერბურგში დაიწყო რუს.-ქართ. სასაუბრო ლექსიკონის ანუ „ვაკაფის“ შედგენა. იქვე ბ-თვის ევროპული მათ. ცოდნის დასაუფლებლად მოამზადეს და კალიგრაფიულად მაღალ დონეზე შეასრულეს სასწ. წიგნი პრაქტიკულ არითმეტიკაში „ანგარიშის ცოდნის“ (დაცულია სანქტ-პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. საჯარო ბ-კაში, ხელნაწერი № 313, იოანე ბატონიშვილის კოლექცია). ბ-ის ხელმძღვანელობით ნოვგოროდის არქიეპისკოპოსმა იოსებმა (ქომელაშვილი) მოსკოვში გახსნა ქართ. სტამბა, სადაც დაიბეჭდა მრავალი სასწ. და სამღვდელთმსახურო წიგნი. ბ-ის წინადადებით ვახუშტიმ სასტამბოდ მოამზადა დაბადების (ბიბლიის) ტექსტი. მისი გამოცემის ხარჯები ბ-მა გაიღო. 1743 მოსკოვში დაბეჭდილი ბიბლია ბ-ის სახელით არის ცნობილი. დიდი წვლილი შეიტანა ოსეთის სასულიერო კომისიაოსეთის სასულიერო კომისიის შექმნაში.

ფ. სიხარულიძე