ბაქიხანოვი აბასყული-აღა (ფსევდ. გუდსი) (21. VI. 1794, სოფ. ამირაჯანი, ბაქოს მახლობლად, – II. 1847, მექასა და მედინას შორის მდებარე ადგილი უადი-ფათიმე), აზერბაიჯანელი მეცნიერი და მწერალი.
დაიბადა ბაქოს ხანის ოჯახში. ბ. წლების განმავლობაში სწავლობდა სპარს., არაბ., რუს. ენებს, აღმოსავლურ ლიტ-რასა და ფილოსოფიას, მიიღო ფართო, ენციკლოპედიური განათლება. 1819 მთავარმართებელმა ა. ერმოლოვმა თბილისში მიიწვია თარჯიმნად. ბ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გ. ორბელიანთან, ა. ჭავჭავაძესთან, ა. გრიბოედოვთან, ა. ბესტუჟევ-მარლინსკისთან, ვ. კუიხელბეკერთან, მ. ფ. ახუნდოვთან, ხ. აბოვიანთან და სხვ. პირადად იცნობდა ნ. ბარათაშვილსა და ა. პუშკინს. მონაწილეობდა მირზა შაფის ლიტ. წრეში.
რუს. სამხ. და დიპლ. სამსახურში ყოფნისას 1826–29 მონაწილეობდა რუს.-ოსმ. და რუს.-ირან. ომებში. რუსეთ-ირანს შორის თურქმანჩაის საზავო მოლაპარაკების დროს თარჯიმანი იყო. ბ. დადებითად აფასებდა აზერბ. და მთლიანად კავკ. რუსეთთან შეერთებას და მოწინავე რუს. კულტურასთან დაახლოების მომხრე იყო. ბ. ფეოდალთა პრივილეგიებს იცავდა, მაგრამ ამასთანავე დაგმო 1837 ყუბის პროვინციაში აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ ხელისუფალთა დამსჯელი ღონისძიებები. 1841 ბ-მა დაამთავრა ისტ. ნაშრომი „გულისტანი-ირამი“ („სამოთხის ყვავილნარი“), რ-იც აშუქებდა ჩრდ. აზერბაიჯანის და დაღესტნის ისტორიას უძველესი დროიდან 1813-მდე. წიგნზე მუშაობისას ბ. ქართ. წყაროებსაც იყენებდა. „გულისტანი-ირამში“ უმთავრესად მოცემულია პოლიტ. ისტორია. წიგნში მოტანილია უამრავი ფაქტობრივი მასალა და გატარებულია არაერთი ორიგინ. აზრი; იგი წერდა ლექსებსა და მოთხრობებსაც (სატირა „მიმართვა თავრიზელებისადმი“, მოთხრ. „წიგნი ასკერის შესახებ“). ავტორია ეთიკურ-მორალური ტრაქტატებისა („აღზრდა ზნეობისა“ და „წიგნი ზნეობრივი აღზრდის შესახებ“).
მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები სპარს. ენის შესახებ („კანონები გუდსისა“). დაწერილი აქვს ასტროლოგიურ-ფილოს. ნაშრომი „ციური იდუმალებანი“ (კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემის საფუძველზე).
თხზ.: Бадии ǝсǝрлǝр, Бакы, 1964; [წიგნში] Антология азербайджанской поэзии, т. 1–3, М., 1960; Сочинения. Записки. Письма, Баку, 1983.
ლიტ.: К а с и м-з а д е Ф., Аббаскули Ага Бакиханов (Гудси) Жизнь и творчество, Баку, 1958.