ბერია ლავრენტი პავლეს ძე

ლ. ბერია

ბერია ლავრენტი პავლეს ძე [17 (29). III. 1899, სოფ. მერხეული, ახლანდ. გულრიფშის მუნიციპალიტეტი, ‒ 23. XII. 1953, მოსკოვი], საბჭოთა კავშირის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე. სახელმწ. უშიშროების გენ. კომისარი (1941), საბჭოთა კავშირის მარშალი (1945), კომპარტიის წევრი 1917-იდან.

1919 დაამთავრა ბაქოს ტექ. სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ბაქოს პოლიტექ. ინ-ტში. სწავლის დროს მონაწილეობდა ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში. აზერბაიჯანში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1920) შემდეგ იატაკქვეშა პარტ. მუშაობას ეწეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისთვისაც დააპატიმრეს. მუშაობდა აზერბ. კპ (ბ) ცკ-ის აპარატში. 1921–31 აზერბ., საქართვ. და ამიერკავკ. ფედერაციის სახელმწიფო პოლიტ. სამმართველოს და საგანგებო კომისიის ორგანოებში ხელმძღვ. თანამდებობები ეკავა. 1931–38 საქ. კპ (ბ) ცკ-ის I მდივანი იყო.

1934-იდან ბ. იყო საკ. კპ (ბ) ცკ-ის წევრი, 1939-იდან ‒ საკ. კპ (ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, ხოლო 1946‒52 ‒ წევრი. ერთდროულად ხელმძღვანელობდა თბილისის საქ. კომიტეტსა და ამიერკავკ. სამხარეო კომიტეტს. 1938 – 45 ბ. იყო სსრკ შინაგან საქმეთა სახ. კომისარი, ერთდროულად 1941 დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავ-რის მოადგილედ. II მსოფლიო ომის დროს 1941 ივლ-იდან იყო სსრკ თავდაცვის სახელმწ. კომიტეტის წევრი, ხოლო 1944 მაისიდან ‒ თავ-რის მოადგილე.

1953 მარტი‒ივნისი იყო სსრკ მინისტრთა საბჭოს თავ-რის I მოადგილე. სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. კოორდინირებას უწევდა ატომური იარაღის წარმოებისა და გამოცდის სამუშაოებს. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, 2 წითელი დროშის და სხვა ორდენებითა და მედლებით. სტალინური პრემიის ლაურეატი (1949).

აქტიურად მონაწილეობდა პარტიული, საბჭოთა, სამეურნეო მუშაკებისა და კულტურის მოღვაწეთა მასობრივ რეპრესიებში. მისი აქტიური მონაწილეობით რეპრესირებულ იქნა ქართული საზოგადოების მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის.

ბ. დამარცხდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1953 წ. 31 დეკ. ბრძანებულებით ჩამოერთვა უმაღლესი სამხ. წოდება და ყველა ჯილდო.