ბერიევი (ბერიშვილი) დიმიტრი იოსების ძე, XIX ს. 50 – 60-იანი წლების პოეტი.
სწავლობდა ბოდბის მონასტრის სკოლაში. 1861 – 65 თბილ. ქალაქის მმართველობაში მესამე ნაწილის კომისრად მსახურობდა. 1865 დაწესებულების რეორგანიზაციის შემდეგ, რაც თბილ. ამქართა ამბოხებას მოჰყვა, ბ. სამსახურში აღარ ჩანს. მისი ლექსები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“. ბ-ის შემოქმედება შეფასებულია ი. ჭავჭავაძის „ორიოდე სიტყვაში“ ‒ იგი „ცისკრის“ უმდარეს პოეტად არის ჩათვლილი.
ბ-ის ლექსები ეძღვნებოდა რუსეთის ადმინისტრაციის დიდ მოხელეებს ან საიმპერატორო სახლის ამბებს („გენერალ ფელდმარშალსა თავადსა ა. ი. ბარიატინსკის“, „დიდ მთავრინას ოლღა ფეოდოროვნას ასულზედ“ და სხვ.). ზოგიერთ ლექსში აღწერილია ადამიანთა ჩაგრული ფენის მდგომარეობაც, იგრძნობა ამ ფენისადმი ადამიანური დამოკიდებულების გაღვივების სურვილი, ჩანს ეთნოგრ. ელემენტები, ისმის ეროვნ. მოტივიც.
ს. ხუციშვილი