ბერიკაობა

ბერიკაობა, ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი.

ტერმინი „ბერიკობა“ განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ბ-ს ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რ-თა საფუძველზეც იქმნებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახ. შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრ. მოქმედებითი განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულია განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ., ყვარლის მუნიციპ-ის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის მუნიციპ-ის სოფ. უდეში, ახმეტის მუნიციპ-ის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).

დროთა ვითარებაში ბ-მ დაკარგა საკულტო-რელიგ. დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბ-ის მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართვ. ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბ-ის 100-ზე მეტი სიუჟეტი, მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე.

ბ. სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო. საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბ., რ-საც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრად. ნიღბები იყვნენ: მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო), მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვ. ცხოველები.

ბერიკები უსულო საგნებს და განყენებულ ცნებებსაც განასახიერებდნენ (მაგ., ალავერდის ტაძარი, საბძელი, ხე, უკუღმართი ცხოვრება, ავსიტყვაობა და სხვ.); ისინი თამაშობდნენ ნაბადქუდა ნიღბებში, „ისხდნენ“ ტახის, დათვის, თხის, ხარის და სხვ. „ტყავში“ (ბერიკოში). დიდ ბ-ში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბ. ცალკე იმართებოდა). წარმოდგენა იწყებოდა მტრის მიერ სოფლის აწიოკებისა და ხარკის აკრეფის წარმოსახვით, რასაც თან ახლდა სიმღერა და საკრავიერი მუსიკა. ბ-ს ხელმძღვანელობდა ბერიკათწინამძღვარი. საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII ს-ში ოთარ ნორიოელი და ოიანა ბუიანა, XIX ს. I ნახევარში ‒ აბელ რევაზიშვილი.

ლიტ.: ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე  დ., მესხეთის ხალხური სანახაობანი, «საქართველოს თეატრალური მოამბე», 1975, № 1 – 2, 5; მისივე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, წგ. 1, თბ., 1948, გვ. 345 – 466.

დ. ჯანელიძე