ბერისხევი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII ს. კლდეში ნაკვეთი საცხოვრებელი.
მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, ვარძიის მონასტრის ქვემოთ 1,5 კმ-ზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). გამოქვაბულთა კომპლექსი განლაგებულია 20 მ-მდე სიმაღლის მიუდგომელ კლდეში (შესვლა მხოლოდ გვირაბიდან შეიძლებოდა). კომპლექსი შედგება ქარაფის პირას შექმნილ დერეფანთან განლაგებული დარბაზული ეკლესიის, საცხოვრებლის, საკუჭნაოს, ე. წ. თახჩებიანი ოთახისა და გვირაბის ტიპის თავდაცვითი სათავსისაგან.
ძირითადი სათავსი კამაროვანია, დატანებული აქვს ღრმა ნიში-კარადები, სახატე ნიში და საჭრაქე თახჩები. ბ-ის გეგმას საფუძვლად უდევს კლდის სიღრმეში გამოკვეთილი საცხოვრებლის ის სახეობა, რ-იც დამახასიათებელია ვარძიის მონასტრის სახლებისათვის.
გ. გაფრინდაშვილი