ბერიძე ალექსანდრე ლონგინოზის ძე [1 (13). 1858, თბილისი, ‒1917, ვლადიკავკაზი], ფერმწერი და გრაფიკოსი, ახ. ქართ. რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში და თბილ. „ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან“ არსებულ სამხატვრო სკოლაში (1871 – 77); იყო პეტერბ. სამხატვრო აკად. (1877 – 78, 1881 – 82) თავისუფალი მსმენელი; 1879 – 80 და 1883 – 85 ცხოვრობდა იტალიაში, სწავლობდა ნეაპოლის სამეფო სამხატვრო სასწავლებელში. იტალიაში დაეუფლა გრაფიკის ხელოვნებას. საქართველოში აგზავნიდა დასურათებულ ფურცლებს („ხმა იტალიიდან“), რ-ებსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბა დიდი ტირაჟით ბეჭდავდა. ფურცლებზე გამოსახული იყო იტალ. ხედები, იტალიელთა მ. შ. ჯუზეპე გარიბალდის, პორტრეტები.
1885 ბ. სამშობლოში დაბრუნდა. თანამშრომლობდა ჟურნ. „კვალსა“ და „თეატრში“. ქმნიდა გამოჩენილი ქართვ. მწერლებისა და საზ. მოღვაწეების პორტრეტებს. 1886 დახატა ფარდა „არტისტული წრის“ თეატრისათვის, შექმნა ესკიზები თეატრ. დადგმებისათვის. 900-იანი წწ. დასაწყისში შემოქმედებით-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმში. 1906 საცხოვრებლად გადავიდა ვლადიკავკაზში და გარდაცვალებამდე კადეტთა კორპუსში ასწავლიდა ხატვას.
ბ-ის შემოქმედებაში აღსანიშნავია ორი პერიოდი: პირველი პერიოდის (1881 – 85) ნამუშევრებია „რ. გველესიანის პორტრეტი“ (1881), „მოღიმარი მოხუცი“ (1881), „ქალის პორტრეტი“, „უცნობი მოხუცის პორტრეტი“ (1882). ეს ტილოები შესრულებულია თავისუფალი ფერწერული მანერით და ფსიქოლ. ხასიათისაა. მათში გახსნილია გმირთა შინაგანი ბუნება. მეორე პერიოდის ნამუშევრებში ასახულია გლეხური ყოფის თემატიკა: „სალამურიანი ბიჭი“ (1895), „წინდის მქსოველი გოგონა“ (1892), „მწყემსი ბიჭი“ და სხვ. ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს ფაქიზი დამოკიდებულება ნატურისადმი, მაგრამ ფერწერის მხრივ ისინი შედარებით მშრალია.
ბ-ის ყველა სურათი ინახება საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში.
გ. მასხარაშვილი