ბერიძე ვუკოლ მიხეილის ძე (15. II. 1883, ხონი, - 11. V. 1963, თბილისი), ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1948), პროფესორი (1932).
პეტერბ. უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დამთავრების (1912) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. 1922 – 32 ქართ. ენისა და ლიტ-რის კურსს კითხულობდა ამიერკავკ. კომუნისტურ უნ-ტში, 1932-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში. 1912 შეადგინა „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“, რ-იც გამოირჩევა სანიმუშო განმარტებებით, მდიდარი და კარგად შერჩეული საილუსტრაციო მასალით.
ბ-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის დადგენაში. ამ საქმეს იგი თითქმის სამი ათეული წელი მოთავეობდა. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), სამედიცინო (1947), ნიადაგთმცოდნეობისა (1950) და სხვ.
1978 „ტექნიკური ტერმინოლოგიის“ შემადგენელ-რედაქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია. ბ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიის, ქართ. ენისა და ლიტ-რის სხვადასხვა საკითხზე. მათგან აღსანიშნავია: „ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის“, რ-შიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნ. ძირებს, მის კავშირს ქართ. ფოლკლორთან; „შოთას პოეტიკისათვის“ და „რუსთაველის შაირისათვის“, რ-ებიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს.
თხზ.: რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961; ვეფხისტყაოსნის კომენტარი, ს. ცაიშვილის წინასიტყვაობითა და რედაქციით, თბ., 1974,
ლიტ.: ბ ე რ ო ზ ა შ ვ ი ლ ი თ., ვუკოლ ბერიძე, თბ., 2020; მ ე გ რ ე ლ ი ძ ე ი., რუსთველოლოგები, თბ., 1970.
ს. ცაიშვილი
რ. ღამბაშიძე