ბერიძე თენგიზ გიორგის ძე

ბერიძე თენგიზ გიორგის ძე (26. X. 1939, თბილისი, - 3. XII. 2024, იქვე), ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1988).

დაამთავრა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტი (1962). საქართვ. მეცნ. აკად. ს. დურმიშიძის სახ. მცენარეთა ბიოქიმ. ინ-ტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიის გამგე (1969‒2012). თსუ-ის მცენარეთა ფიზიოლ. კათედრის პროფესორი (1969‒1999, დოქტორი 1980-იდან). საქართვ. მეცნ. აკად. ბიოლ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე.

1994 აირჩიეს საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრად. საქართველოს აგრარული უნ-ტის მოლეკულური გენეტიკის ინ-ტის დირექტორი (2012). ბ-ის მეცნ. კვლევის საგანია უმაღლეს მცენარეთა გენომის ორგანიზაცია. უმაღლეს მცენარეთა უჯრედებში მან აღმოაჩინა დნმ-ის სატელიტური კომპონენტები, დაადგინა უმაღლეს მცენარეთა სხვადასხვა სახეობის სატელიტური დნმ-ის ქიმ. სტრუქტურა, ჩაატარა რიგი სამუშაოები ქლოროპლასტური დნმ-ის სტრუქტურული ორგანიზაციის შესწავლის დარგში. აღმოაჩინა დნმ-ის ახ., უჩვეულო ფორმა, ე. წ. დაგრეხილი ორმაგი სპირალი, რ-იც დამახასიათებელია დნმ-ის მრავალჯერ განმეორებადი თანამიმდევრობისათვის. ამ ფორმის არსებობა გასაგებს ხდის ჰეტეროქრომატინის კომპაქტურ აღნაგობას და საშუალებას იძლევა ახლებურად იქნას განხილული ქრომატინის ორგანიზაცია ევკარიოტულ ორგანიზმებში. ბ. არის „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ს. დურმიშიძის სახ. პრემიის მფლობელი (2011).

ღირსების ორდენის კავალერი (1999).

თხზ.: Сателитные ДНК. Монография, М., 1982 (გერმ. ენაზე - B., 1986).