ბერიძე ირაკლი გიორგის ძე (27. I. 1919, თბილისი ‒ 27. VII. 1997, იქვე), მევიოლინე, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1985). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1950), პროფესორი (1966).
1930-იდან სწავლობდა თბილ. I სამუსიკო სასწავლებელში (პროფ. გროსმანის კლასი). 1945 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (დ. ოისტრახის სავიოლინო კლასი). 1939-იდან იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. 1959 – 60 მუშაობდა შანხაის კონსერვატორიაში (პროფესორ-კონსულტანტი). 1967–72 კაიროს ეროვნ. კონსერვ. რექტორი და პროფესორი (ვიოლინოს კლასი) იყო.
ბ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის მევიოლინეთა ახალგაზრდა კადრების აღზრდაში, მის მოწაფეთაგან ბევრი მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშ. კონკურსების ლაურეატია. 1973 – 79 ბ. თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დირექტორი იყო. 1950-იდან კი ‒ თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგი, 1960–67 ‒ პრორექტორი სასწ.-სამეცნ. დარგში, 1966-იდან ‒ ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე, 1990-იდან ‒ კაიროს ეროვნ. კონსერვატორიის პროფესორი.
დაჯილდოებულია „ჩინეთ-საბჭოთა კავშირის მეგობრობის“ მედლით, ეგვიპტის ხელოვნების აკად. „დიდი ოქროს მედლით“.