ბერიძე ლევან გიორგის ძე (დ. 26. VIII. 1933, თბილისი,), არქიტექტორი. არქიტექტურის კანდიდატი (1973).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1958). მუშაობდა საცხოვრებელი სახლების დაპროექტების საკავშირო ცენტრალური ინ-ტის საქართვ. ფილიალში (1958‒64), ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1964 – 74); იყო საქართვ. განათლების სამინისტროს საპროექტო ბიუროს მთავარი არქიტექტორი (1974 – 89). 1973-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას.
განხორციელებული ნაგებობები: ურიგელო კარკასიანი ექსპერ. საცხოვრებელი სახლი თბილისში, მესამე მასივში (1973; თ. ქრისტესაშვილთან ერთად, თანაავტორი რ. ბოკუჩავა; კონსტრუქტორები მ. მარჯანიშვილი, გ. ჭანუყვაძე), ქართული საშ. სკოლა ბიჭვინთაში (1977; რ. პავლიაშვილთან ერთად); მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტი ცხინვალში (1985; თ. ჩილინგარაშვილთან ერთად), საშ. სკოლა სოფ. ხერთვისში (1985; საქართვ. I არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი, 1985); სპეცსკოლა-ინტერნატი სმენადაქვეითებულ ბავშვთათვის თბილისში (1984; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1987) და სხვ. მისი სამეცნ.-კვლ. მუშაობის ძირითადი სფეროა არქიტ. და კლიმატის ურთიერთგავლენა. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა და რამდენიმე სახელმძღვანელოსი.
თხზ.: Руководство по учету инсоляции и солнцезащите жилых зданий в условиях Закавказья, [Тб.,] 1982 (თანაავტ. Н. Ш. Хидашели).
ს. კინწურაშვილი