ბერიძე შალვა გიორგის ძე (29. II. 1892, ქუთაისი, ‒ 21. II. 1970, რომი), მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.
სწავლობდა ქუთ. ქართ. გიმნაზიაში. დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი და მოსკ. რუს. ლიტ-რისა და კავკასიის ხალხთა ისტ. ფაკ-ტი, შემდეგ ‒ სორბონის უნ-ტის ფრანგ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. ამ პერიოდში ხშირად აქვეყნებდა ნაშრომებს ქართვ. მწერლებზე: „თავადი ჭავჭავაძე. პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე“, „თავადი ბარათოვი. პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე“ (ორივე ხარკოვი, 1915), „თავადი წერეთელი. პოეტი და პატრიოტი“ (თბილისი, 1918) და სხვ. 1916 აკად. ნ. მარის რეკომენდაციით პეტერბ. უნ-ტიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიავლინეს საზვარგარეთ.
1918 მუშაობდა თბილ. უნ-ტის ქართ. ენის კათედრაზე. 1919 გამოაქვეყნა გამოკვლევა „მეგრული (ივერიული) ენა“. 1920 კვლავ გაემგზავრა საზღვარგარეთ და აღარ დაბრუნებულა. ცოლად შეირთო პოეტი კატერინა რუბერტო. იყო ნეაპოლის უნ-ტის პროფესორი. ამ პერიოდში ბ. ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა და აქვეყნებდა ნაშრომებს ინგლ., ფრანგ., იტალ. ენებზე. დიდი წვლილი მიუძღვის რუსთაველის შემოქმედების შესწავლისა და ვეფხისტყაოსნის თარგმნის საქმეში. ინგლ. ენაზე გამოაქვეყნა „ქართული პოეზია“ (ლონდონი, 1930 – 31, 3 ნაწ.), ფრანგ. ენაზე: „რუსთაველი-ფილოსოფოსი“ (პარიზი, 1926), „ფრანგი მოგზაურები საქართველოში“ (პარიზი, 1927), „ფრანგული ბიბლიოგრაფია საქართველოზე“ (პარიზი, 1934); იტალ. ენაზე ‒ ბერნარდო ძოფი კავკასიაში“ (ნეაპოლი, 1936), „შამილი ‒ კავკასიის გმირი“ (პომპეი, 1939) და სხვ.
ბ-მ 1945 მილანში იტალ. ენაზე გამოსცა ვეფხისტყაოსნის პროზაული თარგმანი თავისივე წინასიტყვაობით, ფულვიო ბიანკონის ილუსტრაციებით, „ნაციის ტრაგედია (საქართველო)“, „ხალხური მედიცინა კავკასიაში“, „ქართველი ქალი პოლიტიკის ისტორიაში“.
1967 რომში გამოსცა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი „აფორიზმები“ (გამომც. „კავკასია“). გამოსაცემად მზად ჰქონდა კიდევ მრავალი ნაშრომი, მ. შ. „ქართული ენის ელემენტები“, „რუსთაველის პოემა“ (ფრანგ. ენაზე), „მონღოლები კავკასიაში“ და სხვ.
ლიტ.: დ ა უ შ ვ ი ლ ი რ., შალვა ბერიძე, „პრაიმტაიმი“, 2012, № 31; შ ა რ ა ძ ე გ., შალვა ბერიძე, წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 2, თბ., 1993.
ზ. სტურუა