ბერი ხორნაბუჯელი, XIII ს. 40–50-იანი წწ. სახელმწიფო მოღვაწე, ხორნაბუჯის ციხის პატრონი. საქართველოს მეფის დავით VII-ის კარის ერთგული მოხელე, რ-საც ხშირად ავალებდნენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივი საქმეების მოგვარებას.
როდესაც მეფეს კახეთის მმართველი თორღვა პანკელი განუდგა, სამეფო კარზე მის მოსაყვანად მესტუმრე ჯიქურის დავალებით გაიგზავნა ბ. ხ. მან თორღვას მეფისგან უვნებლობის ფიცი მისცა და სასახლეში მოიყვანა. დედოფალ ჯიგდახათუნის ჩაგონებით ჯიქურმა დაარღვია ბ. ხ-ის მიერ თორღვასათვის მიცემული ფიცი და მეფის დაუკითხავად თორღვა სიკვდილით დასაჯეს.
ჟამთააღმწერლის თხზულებაში შემონახული ზეპირი ხალხ. გადმოცემის მიხედვით, ფიცის დარღვევით განრისხებულმა ალავერდის მთავარმოწამემ შური იძია ბ. ხ-ზე ‒ „უმკვიდრო იქნა სახლი მისი“ ‒ მოუკვდა შვილი შალვა და დაეხოცა შვილიშვილები. ამ მწუხარებას მალე თვით ბ. ხ-ც გადაჰყვა. ჟამთააღმწერლის ამ ცნობას თუ ჩამოვაცლით ხალხ. ზეპირსიტყვირების სამოსელს, აშკარა გახდება, რომ ხორნაბუჯელთა (მახატლისძეთა) ფეოდ. სახლის გადაშენება დაკავშირებული იყო მონღოლთა ბატონობის მძიმე შედეგებთან.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
თ. პაპუაშვილი