ბერლინის ქართული ახალშენი, ქართული კულტურისა და მეცნიერების მნიშვნელოვანი კერა გერმანიაში, საქართვ. განთავისუფლებისათვის მებრძოლთა ერთ-ერთი ცენტრი ევროპაში.
XIX ს-ში კავკასიაში გერმანეთლა ახალშენის შექმნამ, მახლ. აღმოსავლეთთან აღებმიცემობის განვითარებამ განაპირობა პრუსიის საკონსულოს გახსნა თბილისში (1863). გერმანული კომპანიები და ფირმები დაინტერესდნენ კავკასიის ბაზრითა და ბუნებრივი სიმდიდრეებით. თბილისში დაარსდა. გაზ. „კაუკაზიშე პოსტ“. ქართვ. ახალგაზრდობა პრუსიისა და გერმ. სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებოდა მეცნიერების მიღწევებს, ხოლო მრეწველები აარსებდნენ საკომპანიო კანტორებს, მამულებს იძენდნენ და გერმანიაში მკვიდრდებოდნენ.
I მსოფლიო ომის პერიოდში ჟენევიდან ბერლინში გადასულ ქართველ პოლიტ. მოღვაწეთა ჯგუფმა (პ. სურგულაძე, მ. წერეთელი, გ. მაჩაბელი, გ. კერესელიძე, პ. კალანდაძე და სხვ.) ჩამოაყალიბა საქართვ. განთავისუფლების კომიტეტი, დააარსა „ქართული გაზეთი“, კავშირი გააბა გერმანიის საგარეო და სამხედრო სამინისტროების მაღალ მოხელეებთან, მეცნიერებთან, გასწია საქართველოს საკითხის საისტორიო, სამართლებრივი პროპაგანდა. 1916–18 ბერლინში „ქართული გაზეთის“ გარშემო შემოკრებილი პოლიტ. მოღვაწეები და კომერსანტები ეხმარებოდნენ ევროპის ქვეყნებში მოხვედრილ ქართველ ტყვეებს, ამდიდრებდნენ საქართველოს დახმარების ეროვნულ ფონდს. რევოლუციის შემდეგ ურთიერთობა გაფართოვდა, ბერლინში ჩავიდა დამოუკიდებელი ამიერკავკასიის წარმომადგენელი ს. კედია (1918 წ. 28 მაისი), საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია (3 ივნ.) ა. ჩხენკელის მეთაურობით. 7 ივნ. მათ შეემატნენ: ი. ბაქრაძე (ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა მინდობილობის შემსრულებელი), ზ. აბაშიძე, გ. როკაძე, ყ. შარვაშიძე („სამუსლიმანო საქართველოს“ წარმომადგენლები). ბერლინში არსებული ქართველთა ცენტრი გაიზარდა. გერმანიაში მყოფი ქართველი მოღვაწეები ცდილობდნენ საქართვ. დამოუკიდებლობის „დე ფაქტო“ აღიარებას. 1918 ბერლინში ჩამოყალიბებული წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა მიენდო ი. ბაქრაძეს. 1919 წ. 20 ივნ. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის წარმომადგენლად გერმანიაში დაინიშნა ვ. ახმეტელი. საქართვ. საელჩომ შემოიკრიბა მთელ გერმანიაში მყოფი თანამემამულენი. ისინი მრავალმხრივ მუშაობას ეწეოდნენ გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, ხვდებოდნენ რაიხსტაგის ცნობილ დეპუტატებს: ე. ბერნშტაინს, კ. კაუცკისა და სხვ. ელჩები (ი. ბაქრაძე, ვ. ახმეტელი) და საელჩოს მრჩეველები (კ. გამსახურდია, მ. ყაუხჩიშვილი, აგრეთვე გ. გაჩეჩილაძე, მ. და ლ. ხუნდაძეები) ეხმარებოდნენ ევროპაში მოღვაწე ქართველებს, სტუდენტებს, სამშობლოში გამოსამგზავრებლად გამზადებულ სამხ. ტყვეებს. ბ. ქ. ა-ის მეშვეობით საქართველოსთან ურთიერთობა დაამყარა მრავალი ქვეყნის ფირმებმა. ევროპის ქვეყნებიდან ეკონ.-კულტ. კავშირის განვითარებისათვის იღვწოდნენ: პ. ლომაძე, ს. წერეთელი, პ. ჩაჩანიძე და სხვ. ბერლინელი ქართველების მეშვეობით საქართველოში გამოიგზავნა ფაბრიკა-ქარხნების დანადგარები, მრავალფეროვანი სამეცნ. ლიტ-რა, ხელსაწყოები ლაბორატორიებისათვის, თბილისის უნ-ტისათვის, საქართვ. სახელმწ. მუზეუმისათვის და ა. შ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ ბერლინში ქართ. საელჩო ისევ ფუნქციონირებდა, იქ ჩავიდა პოლიტ. პარტიებისა და საქმიანი წრეების მრავალი წარმომადგენელი ‒ ტ. მარგველაშვილი, ნ. ჯაყელი, პ. თოფურიძე, ძმები ვარაზაშვილები, ზ. პაპავა, რ. ივანიცკი და სხვ., აგრეთვე აღმოსავლეთის ქვეყნებში, დას. ევროპის სახელმწიფოებში ემიგრირებულ ქართვ. მოღვაწეთა ნაწილი.
ბ. ქ. ა. XX ს. 20-იან წლებში გადაიქცა საქართვ. განთავისუფლებისათვის მებრძოლ ემიგრანტთა ცენტრად. საელჩოს გაუქმების (1924) შემდეგ ვ. ახმეტელი ახალშენის მეთაური გახდა. მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რაიხსტაგის პრეზიდენტ ლობესთან, დეპუტატებთან, საქართველოში გერმანიის ყოფილ წარმომადგენელთან გრაფ ვ. ფონ შულენბურგთან, გერმ. მოღვაწეები ესწრებოდნენ ქართველთა შეკრება-საღამოებს. ბ. ქ. ა-თან მჭიდრო კავშირი ჰქონდა პარიზის ქართულ ახალშენს. ნ. ჩხეიძე, ნ. რამიშვილი ხშირად სამომავლო გეგმებზე ეთათბირებოდნენ ბ. ქ. ა-ის მესვეურებს, ვ. ახმეტელი წერილობით უკავშირდებოდა ნ. ჟორდანიას, ე. გეგეჭკორს (მნიშვნელოვანია მათი მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა). XX ს. 20-იან წლებში გერმანიასთან საბჭ. ქვეყნის კულტ.-პოლიტ. ურთიერთობის განვითარების შედეგად ბერლინში ჩადიოდნენ: ნ. მარი, ა. რაზმაძე, ა. სვანიძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი და სხვ., რ-ებიც კავკასიოლოგია-ქართველოლოგიის მიღწევებს აცნობდნენ ქართველ საზოგადოებას და თანამშრომლობდნენ გერმანელ მეცნიერებთან. ამ დროს დაარსდა იქ რუსთაველის საზ-ბა.
XX ს. 30-იან წლებში ბერლინში იღვწოდნენ ქართვ. სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ეროვნულ-დემოკრატების ცნობილი ლიდერები. ბერლინელი ქართველები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის“ შექმნასა და ჩაგრულ ერთა „პრომეთულ“ მოძრაობაში; ჩამოყალიბდა ახალი „ნდობის ქართული საზოგადოება“, რ-ის პერიოდულ ორგანოებად იქცა „კლდე“, „საქართველოს მოამბე“, „კავკასია“. ხელისუფლების სათავეში ფაშისტების მისვლის (1933) შემდეგ ბ. ქ. ა-ის დაწესებულებებთან ურთიერთობა სახელმწ. სტატუსით შეიზღუდა. განსახილველ საკითხებს წინასწარ ეცნობოდა გერმანელი მოხელე. პოლიტ. ურთიერთობის გაფართოებისათვის ახალშენში ჩამოყალიბდა პროგერმანული მიმდინარეობა, რ-საც ს. კედია და შ. ქარუმიძე ხელმძღვანელობდნენ. მათ სურდათ ქართვ. ოპოზიციონერების (ა. ასათიანი, რ. გაბაშვილი და სხვ.) მიმხრობა.
პოლიტ. მოღვაწეთა ეს ჯგუფი უპირისპირდებოდა საქართველოდან ემიგრირებულ მთავრობას. ნ. ჟორდანია ამ ჯგუფის ხელმძღვანელებს მიიჩნევდა ქართ. ემიგრაციის გამთიშველებად და ფაშისტებთან და ბოლშევიკებთან დაახლოების მოწადინედ. 1933 წ. აპრ. ვ. ახმეტელმა ბ. ქ. ა-ში საზ.-პოლიტ. მიმდინარეობათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ჩამოაყალიბა „ქართველთა ეროვნული კომიტეტი“. ბ. ქ. ა-ის განვითარებაზე გავლენა იქონია პროფ. ა. ნიკურაძის ბერლინში გადასვლამ. იგი ცდილობდა საქართვ. საკითხი გერმანიის ახალი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაეკავშირებინა. მ. წერეთელთან ერთად მან შექმნა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რ-ის „მოურავი“ იყო ექიმი გ. მაღალაშვილი. XX ს. 30-იანი წლების II ნახ-ში ბერლინელი ქართველები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გერმანიაში არსებულ „კავკასიის კონფედერაციის კომიტეტში“. მსოფლიო პოლიტიკაში გერმანიის მკვეთრად გააქტიურების პერიოდში ბ. ქ. ა-ში მრავალი ქართველი ჩავიდა. ფაშისტების წინააღმდეგობის მიუხედავად მათ მაინც მოახერხეს ზოგიერთი ორგანიზაციის შექმნა. II მსოფლიო ომის (1939–45) წინ ს. და მ. კედიებმა ჩამოაყალიბეს სამხ. გაერთიანება „თამარ I“, სსრ კავშირის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ მ. კედიას ინიციატივით შეიქმნა „თამარ II“ (იხ. „თამარა“). 1942 შ. მაღლაკელიძემ შეადგინა ქართვ. ლეგიონერთა რაზმები. ფაშისტები ხელს უწყობდნენ ქართველების გაერთიანებას სამხ. ორგანიზაცია „ბერგმანში“. გენ. ლ. კერესელიძის, ო. წერეთლის მეთაურობით აღდგა „თეთრი გიორგი“, გერმანელთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა 12 ქართული ბატალიონი (დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა სახელობის), თითოეულ მათგანს ორ-ორი მეთაური (ქართველი და გერმანელი) დაენიშნა. მ. კედიამ მიაღწია ქართველთა სამხ. ორგანიზაციის ‒ „ცეპელინის“ შექმნას. უცხოეთში ქართველ სამხ. მოღვაწეთა საბოლოო მიზანი იყო ეროვნ. ჯარის ბირთვის შედგენა, საქართველოშ საბჭ. ხელისუფლების შეცვლა, დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ მიზნითვე ფრონტებზე იბრძოდნენ უმეტესად ემიგრანტთა მემკვიდრეები. 1941–42 ბ. ქ. ა-ს ხელმძღვანელობდა მ. წერეთელი, ხოლო შემდეგ ‒ ტ. მარგველაშვილი. ბ. ქ. ა-ის ხელმძღვანელობის ბირთვს ქმნიდნენ ს. კედია, მ. წერეთელი, ზ. ავალიშვილი, გ. მაღალაშვილი, ძმები ა. და ი. ნიკურაძეები. იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ომის დროს ბერლინში ჩავიდნენ ემიგრანტები: ი. ბაგრატიონი, გ. ალშიბაია, შ. ამირეჯიბი, ე. რამიშვილი, დ. შალიკაშვილი, ვ. ნოზაძე, ი. მანწკავა, მ. ტუღუში, შ. ბერეჟიანი, გ. რობაქიძე, კ. სალია, ვ. ცხომელიძე, მ. ყაუხჩიშვილი, გ. ინჯია, ს. კობიაშვილი, ა. გომართელი, ს. ბოკერია, მ. ქავთარაძე, მ. ხოჭოლავა და სხვ. სსრ კავშირიდან რამდენიმე ქართველი სპეციალურ დავალებებს ასრულებდა. იმავე დროს აღმოსავლეთის სამინისტრომ ბერლინის ახლოს, უსტრაუში მოაწყო ყოფილ ტყვეთა ბანაკი. იქ ჩამოყალიბდა ქართული სიმღერისა და ცეკვის გუნდი (ხელმძღვ. დ. კავსაძე), ყოფილ ტყვეთაგან გამოსული ნიჭიერი შემოქმედნი (ორგანიზატორები: ბ. აბულაძე, გ. გაბლიანი, ი. კუჭუხიძე და სხვ.) ჩაებნენ ახალშენის მუშაობაში. გერმანიაში და სხვაგან მყოფ ქართველთა გასაერთიანებლად 1943 ოქტ. ჩამოყალიბდა საკავშირო შტაბი, რ-იც ბ. ქ. ა-თან შეთანხმებულად იღვწოდა კავკასია-საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მიისწრაფოდა გერმანიის მთავრობას ეცნო ქართველთა ეს მიზანი, მაგრამ ქართველებმა ფაშისტი ხელისუფლებისაგან ამის აღიარებას ვერ მიაღწიეს. ბ. ქ. ა-ის მოღვაწეებმა პოსტდამში გერმანელთა მონაწილეობით შექმნეს ქართველ ლეგიონერთა სკოლა. ომის დამთავრების წინ ბერლინში, „პრაღის მანისფესტის“ საფუძველზე დაარსდა „რუსეთის ხალხთა კომიტეტი“. ქართ. საკავშირო შტაბიც (თავ-რე გ. მაღალაშვილი, პოლიტ. განყ-ბის უფროსი მ. კედია) კომიტეტად გადაკეთდა (1945 წ. დასაწყისში). შექმნილ ვითარებაში შტაბმა მოკავშირეებთან მოლაპარაკებით ძირითადად უზრუნველყო ქართველთა მოღვაწეობის გაგრძელება. II მსოფლიო ომის დამთავრებისას ქართველთა ერთი ნაწილი გერმანიის დას. მხარეებში და სხვა ქვეყნებში გადავიდა, მცირე ჯგუფი სამშობლოში გამოემგზავრა. ზოგიერთი, მათ შორის ახალშენის მეთაური ტ. მარგველაშვილი, 1945 ბერლინში შეიპყრეს, თბილისში ჩამოიყვანეს და დახვრიტეს. გადაასახლეს სამშობლოში გამომგზავრებულ ყოფილ ქართველ ტყვეთა უმრავლესობა. მნიშვნელოვანია ბ. ქ. ა-ში გაწეული მრავალმხრივი კულტ.-სამეცნ. მოღვაწეობა. ქართველებმა ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობით, მისი კულტურითა და ისტორიით დააინტერესეს მრავალი გერმანელი პოლიტ. მოღვაწე, მეცნიერი. აღსანიშნავია მუსიკათმცოდნე რ. ლარხის მიერ გამოცემული პირველი მსოფლიო ომის „რუსი სამხედრო ტყვეების სიმღერები“, რ-შიც შესულია ქართული სიმღერებიც. გერმანული ენის შესწავლის გაადვილების მიზნით ქართველებმა ს. ვადაკურთან და პროფ. რ. მეკელაინთან თანამშრომლობით გამოსცეს „გერმანული ენის მოკლე თვითმასწავლებელი“ (1917), გერმანელთათვის ქართული ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი. ბერლინის უნ-ტში პროფ. რ. მეკელაინმა შემოიღო ქართულ და კავკასიურ ენათა სწავლება. რუსთაველის საზ-ბის დახმარებით გერმანულად რამდენჯერმე დაიბეჭდა „გერმანული ენის შესავალი ქართველთათვის“, „საქართველოს ისტორია“, „საქართველოს უფლებანი“. გამოქვეყნდა მ. წერეთლის ნარკვევი საქართველო-გერმანიის 1918 წლის ურთიერთობის შესახებ, მანვე მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ქართული კულტურის ისტორიას. ქართველთა უძველესი წარსულით ადრევე დაინტერესდა ურარტოლოგი კ. ლემან-ჰაუპტი, რ-იც კარგად იცნობდა საქართველოსა და ქართველ მოღვაწეებს. აღსანიშნავია, რომ ქართველთა თანამშრომლობით 1922 ბერლინში გამომცემლობა „Naher Osten“-ში („ახლო აღმოსავლეთი“) დაიწყო ჟურნ. „აისის ქვეყნის“ ბეჭდვა. მასში გამოქვეყნდა რ. ნიჟარაძის, ი. ვარაზაშვილის ეთნოგრაფიული წერილები და სხვ. სამშობლოს ისტორიის ორიგინალური გააზრებისა და სხვა თვალსაზრისით საყურადღებოა პროფ. ა. ნიკურაძის ნაშრომები: „აღმოსავლეთ ევროპა“, „კავკასია“. საქართველოს გაერთიანების პერიოდის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს და დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კავშირურთიერთობებს იკვლევდა ზ. ავალიშვილი. „ქართველთა მისიის“ პრობლემებზე ბერლინში და სხვაგან გამოქვეყნდა ტ. მარგველაშვილის ნარკვევები. ბ. ქ. ა-ში დაიბეჭდა და საქართველოშიც გავრცელდა „ვეფხისტყაოსანი“, ა. მეტრეველმა თავის სტამბაში 1933 გამოაქვეყნა ს.-ს ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (მ. წერეთლის მიერ გერმანულად თარგმნილი, ზ. ავალიშვილის შესავლით). 1944 ბერლინში დაიბეჭდა ანთოლოგია „საქართველოს პოეტები“, ორიგინალურ თხზულებებს ქმნიდნენ და თარგმნიდნენ გ. რობაქიძე, ა. პაპავა, ვ. ნოზაძე, ბ. აბულაძე, ვ. ახმეტელი და სხვ. ამასთანავე ისინი ქართული კულტურის მრავალი პრობლემის მასალებს ეძიებდნენ ევროპის ქვეყნების სიძველეთსაცავებში, XX ს. 20–30-იან წლებში მონაწილეობდნენ გერმ. და ქართ. გაზეთებისა და ჟურნალების („კლდე“, „კავკასია“ და სხვ.), სამეცნ. კრებულების შექმნასა და გამოცემეში, გერმანიის პრობლემებს აშუქებდნენ საქართვ. პრესაში. ტ. მარგველაშვილი, ვ. ნოზაძე, ბ. აბულაძე, ი. კუჭუხიძე ხელმძღვანელობდნენ ქართ. რადიოგადაცემებს. 1942 დაარსდა ჟურნ. „ქართველი ერი“ (მთ. რედ. გ. ფრონელი, რედ. ვ. ნოზაძე, მდივანი ი. დურუჯელი), 1943 ბერლინში გამოდიოდა გაზ. „საქართველო“ (მ. წერეთლის, დ. ვაჩნაძის, რ. გაბაშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ გ. მაღალაშვილის რედაქტორობით). აღნიშნული პერიოდიკის გარშემო შემოკრებილნი იყვნენ ემიგრანტთა ძვ. თაობის წარმომადგენლები და ბერლინში უკანასკნელ ხანს ჩასული ახალგაზრდებიც ‒ გ. გელაზანია, ი. გურული, ა. ცომაია, დ. საღირაშვილი, გ. დიასამიძე, ს. ბერეჟიანი, ბ. აბულაძე, გ. შაორისპირელი, ი. კუჭუხიძე, ვ. ურდოელი, გ. ლოლუა, ლ. კერესელიძე და სხვ. მრავალჯერ გამოიცა საინფორმაციო ბიულეტენები, მოწოდებები („კავკასიის ერებს“, „ქართველ ერს“ და ა. შ.).
ბერლინელ ქართველთა შემოქმედების მხოლოდ ნაწილი აღწევდა სამშობლომდე. II მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ქართული ახალშენი, როგორც ორგანიზაცია, დაიშალა, მაგრამ ბერლინელმა ქართველებმა მოღვაწეობა განაგრძეს დას. გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების კვლევით ინ-ტებსა და საპროპაგანდო ცენტრებში. იქვე მათ საშუალება მიეცათ შეექმნათ მდიდარი მემუარული ლიტ-რა. „ცივი ომის“ პერიოდში გერმანიაში ქართველთა მოღვაწეობაზე ინფორმაცია შეზღუდული იყო. შემდეგ ვითარება შეიცვალა, ცნობილი გახდა, რომ ჩვენი თანამემამულენი აქტიურად იღვწოდნენ ქართულ-გერმ. კულტ.-სამეცნ. ურთიერთობის განვითარებისათვის, ხელს უწყობდნენ ქართველოლოგიის აღმავლობას ევროპაში.
XX ს. 60-იან წლებში შეიქმნა ქართველთა სათვისტომო (თავ-რეები: ნ. ნაკაშიძე, ა. კორძაია, ქრ. კირკიტაძე). 1985 ბერლინში დაარსდა „ქართული კლუბი“, რ-იც 1989 გარდაიქმნა საქართველოს საზოგადოებად. გერმანიასთან საქართველოს თანამშრომლობის თანდათანობითმა ზრდამ ხელსაყრელი პირობები შექმნა პოლიტ., კულტ.-სამეცნ. კავშირის განვითარებისათვის, რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო ღრმად წარმოვაჩინოთ ბ. ქ. ა-ში გაწეული მრავალფეროვანი მოღვაწეობა.
ფ. სიხარულიძე