ბერნარდე ნეაპოლელი, XVII ს. იტალიელი კათოლიკე მისიონერი, მთარგმნელი, ქართული ხალხური ზღაპრების ჩამწერი.
რომის ეკლესიის დავალებით საქართველოში პირველად 1661 ჩამოვიდა მცირე ხნით. 1670–80 კათოლიკობის გავრცელების მიზნით საქართველოში ცხოვრობდა, შეისწავლა ქართ. ენა, ეწეოდა მთარგმნელობითსა და კულტ.-საგანმ. მოღვაწეობას.
1681 რომში დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ქართ. კატეხიზმო. ბ. ნ-ის არქივი იტალიაში ტორედელ-გრეკოს კაპუცინთა მონასტერში ინახებოდა. ამონაწერები ამ არქივიდან და მისი მოკლე აღწერილობა დაცულია თბილისში, კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (H – 661). 1947 ამ ფონდში მიაკვლიეს ბ. ნ-ის მიერ ჩაწერილ ორ ქართ. ზღაპარს.
1964 გამოქვეყნდა ნეაპოლის ეროვნ. ბ-კაში დაცული 12 ქართ. ხალხ. ზღაპარი. ბ. ნ-ის მიერ ჩაწერილი ზრაპრები ყველაზე ადრინდელია ხალხ. ტექსტების ჩვენამდე მოღწეულ ჩანაწერთა შორის. დიდია მათი მნიშვნელობა ქართ. ფოლკლორისა და ისტ. დიალექტოლოგიისათვის. სხვადასხვა პირისაგან ჩაწერილი ზღაპრების ენა არაერთგვაროვანია, უახლოვდება მესხურ, ახალციხურ კილოკავებს. მათი სიუჟეტების უმეტესობა დღემდე გვხვდება ქართ. ზეპირსიტყვიერებაში.
გამოც.: მე-17 საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრები, მ. ჩიქოვანის გამოც., «მრავალთავი», [ტ.] 1, თბ., 1964.
ლიტ.: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი ფ., ერთი ზღაპრის ისტორიული ბედი, წგ.: ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები, თბ., 1977; თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; კ ო ტ ა შ ვ ი ლ ი ლ., ბერნარდოსეული კოლექციის XVII საუკუნის ზღაპრები, თბ., 1980; ქ ა ვ თ ა რ ა ძ ე ი., ქართული ენის ისტორიისათვის. XII–XIII სს., [ტ.] 1, თბ., 1964; ღ ლ ო ნ ტ ი ა., ზღაპრები მოგზაურობენ ქვეყნად, «დროშა», 1966, № 1; ძ ი ძ ი გ უ რ ი შ., ქართული ისტორიული დიალექტოლოგიის მასალები, «ქართული ფოლკლორი», [ტ.] 3, თბ., 1969; ვ ი რ ს ა ლ ა ძ ე ე., მასალები ქართული ფოლკლორის ისტორიისათვის (მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩაწერილი ორი ქართული ზღაპარი), «ლიტერატურული ძიებანი», 1948, [ტ.] 4.
მ. ჩაჩავა