ბაქოს ქართული დასახლება, ქართული კულტურის, ეროვნული და რევოლუციური მოძრაობის კერა აზერბაიჯანში XIX–XX სს-ში.
კასპიის ზღვაზე გასასვლელად, შუა აზიასთან („ხატაეთთან“) და სხვა რეგიონებთან დასაკავშირებლად ქართველები ბაქოსა და შაბრენის მოხერხებულ მდებარეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ; ანტ. ხანიდან მონაწილეობდნენ იქაური ბუნებრივი სიმდიდრეების ათვისებაში. ბაქოს შირვანის სახელმწიფოს ცენტრად გადაქცევის შემდეგ საქართველოს ინტერესი ამ მხარისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. XVI–XVIII სს-ში ქართველ მოღვაწეებს ნიშნავდნენ შირვანის ბეგლარბეგებად, ხოლო ვახტანგ VI და თეიმურაზ II „ადირბეჯანის სპასალარობასაც“ ითავსებდნენ. ამასთან, ვახტანგ VI-მ მდ. მტკვრის ქვემო წელში ვრცელი და უხვშემოსავლიანი მამულები მიიღო.
ბაქოს მნიშვნელობა გაიზარდა სამხრ. კავკასიაში რუს. განმტკიცების, განსაკუთრებით გუბერნიის ცენტრად მისი გამოცხადების (1859) შემდეგ. ქართველები მასობრივად სახლდებოდნენ „კალასა“ და ქალაქის სხვა უბნებში. ბუნებრივი სიმდიდრეების სამრეწვ. გადამუშავების, რკინიგზისა და ნავთობსადენის გაყვანის პერიოდში ნავთობის ამოღებაში წარმატება მოიპოვეს მრეწველებმა: ი. ამილახვარმა, ი. დადიანმა, ძმებმა ზუბალაშვილები|ზუბალაშვილებმა, ა. ხოშტარიამ, თ. ჯაყელმა და სხვ.
XIX ს-ს. 80-იანი წლებიდან ქართველები შედიოდნენ ნავთობგადამამუშავებელი და სხვა ქ-ნების ამხანაგობებში, ბაქოში შეიქმნა თბილისში არსებული კომერც. და სათავადაზნაურო ბანკების განყ-ბები. XIX ს. მიწურულისათვის ქართველთა დასახლება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქართველები იღვწოდნენ ეროვნ. კულტურისა და ტრადიციების წარმოსაჩენად. ყოველწლიურად აწყობდნენ ქართ. საქველმოქმედო საღამოებს. თანხები შეგროვდა ნ. ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსასვენებლად, მსახიობ ვ. ალექსი-მესხიშვილის სასარგებლოდ და ა. შ. 1897 მ. ლორთქიფანიძემ, ნ. ჯორჯაძემ, მ. ქვლივიძემ, ი. დადიანმა ბაქოელ თანამემამულეთა სურვილით შემოსავალი გაუნაწილეს თბილ. ქალთა სკოლის კომიტეტს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბის (ქ. შ. წ.-კ. გ. ს.) მთავარ გამგეობას, ქუთ. სამკითხველოს. სახსრების ნაწილი ხმარდებოდა ბაქოს ტექ., კომერც. და სხვა სასწავლებლებში ქართვ. მოსწავლეებს. 1904 ნავთობმომპოვებელმა ს. ზუბალაშვილმა 10 ათ. მან. შესწირა ქ. შ. წ. -კ. გ. ს-ს, ააშენა თბილისში სახალხო სახლი, ბათუმში ‒ დიდი ტაძარი. დანაზოგების ნაწილი ეგზავნებოდა მშობლიური სოფლების და ქალაქების ბ-კა-სამკითხველოებს, კოოპ. ორგანიზაციებს და სხვა დაწესებულებებს. რევ. მოძრაობას ბაქოში საფუძველი შეუქმნეს ხალხოსნებმა.
XIX ს. 90-იანი წლებიდან გაფართოვდა არალეგალური მოღვაწეობა, რასაც შედეგად მოჰყვა რევ. ჯგუფებისა და წრეების გაერთიანება. ქართველთა ინიციატივით შეიქმნა უნიკალური სტამბა „ნინა“, დაიწყო გაზეთის („ბრძოლა“) გამოცემა, რევოლუციონერები: ა. წულუკიძე, ვ. კეცხოველი, ი. რამიშვილი, ნ. ჟორდანია, ა. ენუქიძე, ი. სტალინი, პ. ჯაფარიძე, ფ. მახარაძე და სხვ. თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ რსდმპ ბაქოს კომიტეტის ჩამოყალიბებაში, შემდეგ ქალაქისა და მთელი მხარის რევ. აღმავლობაში, ქართველებმა ხელი შეუწყვეს აზერბ. ს.-დ. ორგანიზაციის „ჰუმეთის“ (ენერგია) განვითარებას. 1898 წ. 3 მაისს ქართველთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა ბიბლიოთეკის კომიტეტი. ხაზინადრობა მიენდო ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის მთავარი გამგეობის წარმომადგენელს ბაქოში ი. ელიაშვილს, მალე მოხერხდა ბ-კა-სამკითხველოს დაარსება კერძო პირის (დ. მკერვალიშვილის) სახელზე. თბილისიდან ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის მთავარმა გამგეობამ ორასზე მეტი წიგნი (ქართ. გრამატიკის, საქართველოს ისტორიის, ეროვნ. სასულიერო და საერო მწერლობის და უცხოური ლიტ-რის ნიმუშები) გაგზავნა.
1901 მაისში საზეიმოდ გაიხსნა „ქართველთა ფასიანი სახალხო სამკითხველო“. 1903 ჩამოყალიბდა „ბაქოელ და ახლომახლო მცხოვრებ ქართველთა ურთიერთკავშირის საზოგადოება“, რ-იც ეხმარებოდა უმუშევრებს, ავადმყოფებს, ქმნიდა კომერც. საწარმოებს, საზ. კვების ობიექტებს, კლუბებს, აწყობდა ლექციებს, მართავდა სპექტაკლებს და საღამოებს. საზ-ბის წესდების დამტკიცების შემდეგ ბ. ქ. დ-მ დამოუკიდებელი მოღვაწეობის იურიდ. უფლება მოიპოვა. შექმნა დამოუკიდებელი ფირმები (მაგ., „მელაანი“), აგრეთვე თბილისში არსებულ საკომერციო და კულტ.-საგანმ. დაწესებულებათა ფილიალები. ბაქოელმა ქართველებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 1905–07 რევ. მოძრაობაში არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ ირანში, დაღესტანში, ასტრახანში, თურქესტანში და ა. შ. ამ პერიოდში ქართველთა რაოდენობამ ბაქოში 5 ათ. გადააჭარბა. ბაქოს სასწავლებლებში მომრავლდნენ ქართველი მოსწავლეები. ჩამოყალიბდა „ბაქოს ქართული საზოგადოება“, 1906 წ. 30 ოქტ. დაამტკიცეს მისი წესდება. 1909 წ. 1 თებ. გაიხსნა ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის ბაქოს განყ-ბა, რ-ის შექმნას ი. დადიანი, ი. ელიაშვილი, დ. მამულაშვილი ჯერ კიდევ 1900-იდან მოითხოვდნენ. საზ-ბამ (თავ-რე მ. თაქთაქიშვილი) ფართო ეროვნ. მოღვაწეობა გაშალა სკოლების, სამკითხველოებისა და სხვა კულტ.-საგანმ. დაწესებულებათა გასახსნელად, ეროვნული გადაგვარების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართვ. ისტორიისა და ქართ. მწერლობის საკითხებზე ეწყობოდა ლექციები, მომწიფდა ქართველთა დასახლებისათვის მამულის მიღების, ცენტრის შექმნის საჭიროება. ჩამოყალიბდა კომისიები; მგალობელთა გუნდის აღორძინება მიენდო მოღვაწეთა ჯგუფს ‒ მ. თაქთაქიშვილს, ს. კვიტაიშვილს, დ. თედეშვილს, მ. რამიშვილს. ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის ბაქოს განყ-ბამ გახსნა უფასო სამკითხველო, გააფართოვა მოღვაწეობა ქალაქგარეთ (ბალახანში, საბუნჩიში და სხვ.) მცხოვრებ ქართველებში. 1909 წ. 4 ოქტ. მიაღწიეს ორგანყოფილებიანი დაწყებითი ქართ. სკოლის (გამგე მ. რამიშვილი) დაარსებას. 1910 შექმნილმა სასკოლო კომიტეტმა (ე. ახვლედიანი, ი. გრიგოლაშვილი, მ. ბერუაშვილი, ი. ჯიშკარიანი, ი. ბოსტოღანაშვილი, ა. ჯინჭარაძე, გ. ლიაძე) შემოწირულებითა და სხვა სახსრებით შექმნა სასკოლო ფონდი. 1910 წ. 2 მაისს სკოლის შენობაში გაიხსნა წიგნის მაღაზია. 1911 აპრ. მ. თაქთაქიშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის ბაქოს განყ-ბის თავ-რედ აირჩიეს ი. დადიანი. მან შეძლო ქართველთა ახალშენის ცენტრის აშენება, სადაც გაიხსნა სკოლა (1911), თეატრი, ბ-კა, კანცელარია, ქართველ ქალთა წრე, სალოცავი. სკოლაში სწავლობდა 200-მდე მოსწავლე. მოღვაწეობდნენ გამოცდილი მასწავლებლები: ე. დიდია, მ. კაკაბაძე, მ. ჩიხლაძე, თ. გელოვანი, ი. გოგია, მ. რამიშვილი, მ. ხიდაშელი და სხვ. საზ-ბის ზრუნვის შედეგად გაძლიერდა თეატრალური საქმიანობა.
პირველი ქართული წარმოდგენა (დ. ერისთავის „სამშობლო“) სცენის მოყვარეებმა ბაქოში ჯერ კიდევ 1893 დადგეს. 1900 ჩამოყალიბდა დასი (იხ. ბაქოს ქართული თეატრი). აქტიურად მოღვაწეობდა ბაქოს ქართველ მომღერალთა კოლექტივი. კონცერტებს მართავდნენ კ. ფოცხვერაშვილი და სხვ. ბაქოელი ქართველები ყოველწლიურად აწყობდნენ წმ. ნინოს დღესასწაულს. ისინი გამოეხმაურნენ ა. ყაზბეგის გარდაცვალებას, რ. ერისთავის იუბილეს, ქართ. თეატრის 50 წლისთავს, გ. ერისთავის ხსოვნას, ილიასა და აკაკის იუბილეებს, ვაჟა-ფშაველას ხსოვნას და ქველმოქმედ ს. ელიაძის გარდაცვალებას. 1913 აღნიშნეს თამარ მეფის გარდაცვალების 700 წლისთავი. აღსანიშნავია მათი წვლილი ეროვნ. განძის ზოგიერთი ნიმუშის შესყიდვა- გადარჩენაში. ბაქოში კ. მესხმა გახსნა კინოთეატრი „ელექტრობიოგრაფი“. ბაქო გახდა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა. ბაქოელმა ქართველებმა გადანუსხეს ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და სხვ. 1912 ბაქოში ნ. ჟორდანიას ინიციატივით დაიწყო სტატიების შეკრება „ქართული ენციკლოპედიისათვის“. 1913 წ. 24 თებ. ბაქოში ჩამოყალიბდა „ქართული საალიტერატურო-სამხატვრო წრე“. მისი წევრები აწყობდნენ საღამოებს, მართავდნენ შეხვედრებს, ლექციებს, აქ მოღვაწეობდნენ ი. მანსვეტაშვილი, ი. ეკალაძე, ი. ელიაშვილი, ნ. კანდელაკი, დ. ვედრებისელი, ს. ეული, ნ. ჟორდანია და სხვ. გაზ. „ბრძოლის“ შემდეგ ბაქოში მრავალი პერიოდული გამოცემა დაიბეჭდა. იქ გამოდიოდა გაზ. „მარცვალი“, ჟურნალები „წყარო“, „კალამი“ და სხვ. ქართველები თანამშრომლობდნენ რუს. პრესაშიც.
I მსოფლიო ომმა გარდატეხა შეიტანა ბ. ქ. დ-ის მოღვაწეობაში. 1914 ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის ბაქოს განყ-ბასთან ჩამოყალიბდა „ომისაგან დაზარალებულ ქართველთა დამხმარე კომიტეტი“, რ-ის ხელმძღვანელობითაც შეგროვდა თანხა ომის შედეგად დაზარალებული აჭარისა და შავშეთის მოსახლეობის დასახმარებლად. მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ბაქოელი ქართველები აგრძელებდნენ კულტ.-საგანმ. მოღვაწეობას, ამასთან, ჩაებნენ ბაქოს მუშათა, ჯარისკაცთა საბჭოების, ხოლო შემდეგ ბაქოს სახკომსაბჭოს მუშაობაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნ. პარტიების მოღვაწეობაში, მრავალმა მათგანმა ამაგი დასდო ქართ. ეროვნ. საბჭოს შექმნას, დამფუძნებელი კრების ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ 1917 ბოლოს ქ. შ. წ.-კ. გ. ს-ის ბაქოს განყ-ბის ქონებას საფრთხე შეექმნა.
1918 აპრილში საზ-ბის გვერდით ჩამოყალიბდა „ბაქოელ ქართველთა ეროვნული საბჭო“. საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ აზერბაიჯანში მოეწყო საქართველოს დიპლ. წარმომადგენლობა (ნ. ქარცივაძე, გ. ხუნდაძე, გ. ალშიბაია). ქართველთა წარმომადგენლად აზერბ. რესპ. პარლამეტში აირჩიეს გ. ცხაკაია. ბ. ქ. დ-ის უმრავლესობამ ეროვნ. საბჭოს მეშვეობით მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან აზერბაიჯანში, ხოლო ნაწილი „ბაქოს კომუნას“ მიემხრო. 1918 ბაქოში უცხოელთა შემოსვლის შემდეგ ბ. ქ. დ-ის მდგომარეობა დამძიმდა. „ბაქოელ ქართველთა ეროვნული საბჭო“ (თავ-რე ი. აგლაძე) თბილისში გადავიდა. პროტესტის ნიშნად ბაქოს ქართ. სკოლაში 400 ქართველი შეიკრიბა, „ბაქოელ ქართველთა ეროვნულმა საბჭომ“ გააგრძელა მოღვაწეობა აზერბაიჯანში მყოფი თანამემამულეების უფლებების დასაცავად, შეიქმნა „მფრინავი რაზმი“. დენიკინელების შემოსევის საფრთხის დროს ქართ. ახალშენში ადრევე გამოცხადებული მობილიზაციისა და საქართველოდან ჯარის ნაწილების მიშველებით 1919 მნიშვნელოვანი ძალა შეემატა აზერბ. დემოკრ. რესპუბლიკას, მაგრამ ეს ღონისძიება საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველი სამხ. მოღვაწეების ნაწილი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს. მეორე მხრივ ქართვ. ბოლშ. პარტ. მოღვაწეები აქტიურად იბრძოდნენ ბაქოსა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და განმტკიცებისათვის. იმ დროიდან ბაქოელ ქართველთა შემადგენლობა შეიცვალა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკიდან გასახლებული ქართველი ბოლშევიკების ხარჯზე.
რსფსრ-თან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკამ ხელშეკრულებები გააფორმა აზერბაიჯანის სსრ-თან, მაგრამ უშედეგოდ. ბაქოელი ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი შევიდა „პირველ საბჭოთა ქართულ მსროლელთა პოლკში“, რ-იც მომავალში ქართული საბჭ. არმიის ბირთვად იქცა. ისინი XI არმიის რიგებში იბრძოდნენ საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დასამყარებლად. ომისა და რევოლუციების დროს ბაქოს ქართ. ორგანიზაციებში ეროვნ-კულტ. მოღვაწეობა არ ჩამკვდარა. ამასთან, ეს დაწესებულებანი იქცა პოლიტ. აქციების მნიშვნელოვან კერად, ლტოლვილთა თავშესაფრად, ლაზარეთად და ა. შ.
1921 ბაქოს ქართ. სკოლა ფორმალურად დაექვემდებარა აზერბ. სსრ მთავრობას, მაგრამ ფაქტობრივად ქართ. სკოლას, თეატრსა და კულტ. სხვა კერებს ბაქოელ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფი უძღვებოდა. შემდეგში ეს დაწესებულებანი აზერბაიჯანში საქართველოს სსრ წარმომადგენლობას გადაეცა. ქართულმა სკოლამ ბაქოში 1960-მდე იარსება.
XX ს. 20–30-იანი წლებიდან ბაქოელ ქართველთა კულტ.‒საგანმ. კერები კვლავ ქართ. ეროვნული მოღვაწეობის დასაყრდენი იყო. ამის ნიმუშია ბაქოელი და განჯელი ქართველების დახმარებით ჰერეთში (საინგილოში) და სხვაგან XX ს. 30–40-იან წლებში გაწეული კულტ.-საგანმან. მუშაობა.
დიდია ბ. ქ. დ-ის წვლილი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხთა თანამშრომლობის განვითარებაში.
ფ. სიხარულიძე