ბაქრაძე აკაკი ვიქტორის ძე (29. III. 1928, თბილისი, ‒ 5. XII. 1999, იქვე), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე.
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1953). მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყ-ბის ჯერ რედაქტორად, შემდეგ უფროს რედაქტორად (1955 – 60, 1961), შემდეგ სასცენარო-სარედაქციო განყ-ბის მთავარ რედაქტორად (1964–68).
იყო საქართვ. რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრის დირექტორი (1973–80), საქართვ. კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1986 – 88), კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988–89). პირველი წერილი (რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“, 1957) გამოაქვეყნა ჟურნ. „ცისკარში“. 1966 გამოსცა პირველი წიგნები: „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“. წიგნში „მითოლოგიური ენგადი“ (1969) ბ. ერთ-ერთი პირველი იკვლევდა თანამედროვე ქართ. მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს, წიგნში „ილია ჭავჭავაძე“ (1984) ახალი კუთხით გააანალიზა დიდი მწერლისა და მოღვაწის შემოქმედების, მსოფლმხედველობისა და ტრაგიკული აღსასრულის პრობლემები. მისი სხვა მნიშვნელოვანი წიგნებია: „სჯანი“ (1972), „ფიქრი და განსჯა“ (1972), „კრიტიკული გულანი“ (1977), „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ (1978), „პილპილმოყრილი მადლი“ (1981), „სულის ზრდა“ (1986), „კინო. თეატრი“ (1989), „ნიკო ნიკოლაძე“ (1989), „რწმენა“ (1990), „მწერლობის მოთვინიერება“ (1990), „ილია და აკაკი“ (1993), „დაწუნებული გზა“ (1995).
1989 აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზ-ბის პრეზიდენტად (შემდეგ ‒ საპატიო პრეზიდენტი). იყო სსრკ სახ. დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989–91). გელათის მეცნ. აკად. წევრი (1995).
თხზ.: ცამეტი წელიწადი კინოში; ნიღბების სამყაროში, თბ., 1996; კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი, თბ., 1999; მითოლოგიური ენგადი, თბ., 2000; ნინო ჭავჭავაძის უკანასკნელი ღამე (პიესა ერთი მსახიობის თეატრისათვის), თბ., 2000; თხზულებანი რვა ტომად, თბ., 2004-06.
კ. იმედაშვილი