ბაქრაძე გიორგი ილარიონის ძე [7 (19). IV. 1887, ვლადიკავკაზი, ‒ 18. XII. 1960, თბილისი], ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკათმცოდნე, ესპერანტისტი.
1914 დაამთავრა ვარშავის საბეითლო ინ-ტი, დაბრუნდა სამშობლოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა თბილ. გუბ. ბორჩალოს მაზრის დაბა ჯალალოღლიში (ახლანდ. სტეფანავი, სომხ. რესპ.). 1918 თბილისში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო ახალგახსნილ თბილ. უნ-ტის სამეცნ. ფუნდამენტური ბ-კის დირექტორის მოადგილედ. დიდი წვლილი მიუძღვის ამ ბ-კის წიგნის ფონდის შევსებისა და მეცნ. შესწავლის საქმეში. თსუ-ში მუშაობის პერიოდში ბ-მ დაამთავრა ფილოლ. ფაკ-ტი გერმ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით, აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პედ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1935 – 37 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საჯარო ბ-კაში (ახლანდ. ‒ საქართვ. ეროვნ. ბ-კა) ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგედ, 1937 – 39 ‒ საქართვ. წიგნის პალატის სწავლულ მდივნად, 1938-იდან გარდაცვალებამდე ‒ თბილ. ს.-ს ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრაზე.
დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში ბიბლიოგრაფიისა და ბიბლიოთეკათმცოდნეობის განვითარებას, უმაღლეს საბიბლიოთეკო განათლებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბ-ის შედგენილი „ქართული პერიოდიკა. ბიბლიოგრაფია. 1819–1945“, თბ., 1947. ჯერ კიდევ ვლადიკავკაზის გიმნაზიაში სწავლის დროს ბ-მ შეისწავლა ესპერანტო. სპეც. გამოცდის ჩაბარების შემდეგ საერთაშ. ინ-ტის პროფესორად, ხოლო 1958 ლონდონის ესპერანტოს ვეტერანთა საზ-ბის წევრად აირჩიეს.
თხზ.: ბიბლიოთეკონომიური ტერმინოლოგია, «წიგნის მეგობარი», 1925, № 1–2; ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია (ბიბლიოგრაფიული საძიებელი), «საქართველოს განათლების მუშაკი», 1925, № 3, 5, 8 და 1926, № 9; ქართულ ბეჭდვით ნაწარმოებთა კატალოგიზაცია, ნაწ. 1, ტფ., 1927; ბიბლიოთეკების კოოპერატიზაცია, «განათლების მუშაკი», 1927, №5; 1928 №8; ბიბლიოთეკათმცოდნეობა და საბიბლიოთეკო სპეციალობა ჩვენში, «საქართველოს სახელმწ. საჯარო ბიბლიოთეკის შრომები» 1938, წგ. 4; ბიბლიოგრაფიული მომსახურების ორგანიზაცია ბიბლიოთეკებში, თბ., 1939; ქართული ლექსიკოლოგიური ლიტერატურა 1823 – 1939, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1940, ტ. 1; საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკების უცხოური პერიოდიკის შეერთებული კატალოგი, იქვე; ლიტერატურათმცოდნეობა და რეტროსპექტიული ბიბლიოგრაფია, «მნათობი», 1946, № 5 – 6; ქართული ბიბლიოგრაფია როგორც წიგნმცოდნეობის დარგი, «ა. ს. პუშკინის სახ. თბილისის პედ. ინ-ტის შრომები», 1949, ტ. 6.
ი. ბაქრაძე