ბერჟე ადოლფ პეტრეს ძე [28. VII (9. VIII). 1828, პეტერბურგი, ‒ 31. I (12. II). 1886, თბილისი], ფრანგი ორიენტალისტი, კავკასიოლოგი, მწერალი, არქეოგრაფი და ისტორიკოსი.
მამამისი 1805 გადასახლებულა პეტერბურგში. ბ. ადრევე დაინტერესებულა კავკ. ხალხებით, უნ-ტში შესვლამდე შეუსწავლია რუს., სპარს. და თურქ. ენები. 1851 პეტერბ. უნ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ კავკასიაში გაანაწილეს სამუშაოდ. 1851 დეკ. დანიშნეს კავკ. მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის კანცელარიაში (ამ პერიოდში იმოგზაურა სპარსეთში), 1857 ‒ თბილ. საჯარო ბ-კის გამგედ, 1858 ‒ განსაკუთრებული დავალებების მოხელედ , 1859–64 – „კავკასიის კალენდრის“ რედაქტორად, 1864-იდან ‒ კავკ. არქეოგრაფიული კომისიის თავ-რედ; 1864 აირჩიეს პარიზის „აზიური საზოგადოების“ წევრად, 1865 – „საფრანგეთის აღმოსავლური საზოგადოების“, ხოლო 1873 – „ოდესის სიძველეთა ისტორიის საზოგადოების“ წევრად.
კავკ. ისტორიისა და ეთნოგრ. საკითხებთან ერთად იგი სწავლობდა ენებსაც, შეაგროვა უდიური ენის მასალა, ადგილზე იკვლევდა ხუნძურს (1860). 1866–85 მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „არქეოგრაფიული კომისიის აქტების“ თორმეტტომეულის 10 ტომი (იხ. „აკტი კავკაზსკოი არხეოგრაფიჩესკოი კომისსიი“). აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „საქართველოს შეერთება რუსეთთან 1799–1831“ («Русская старина», 1880, т. 27), „კავკასიაში მცხოვრები მთიელი ტომების მოკლე მიმოხილვა“ (1858), „ნინო ალექსანდრეს ასული გრიბოედოვა“, „კავკასია არქეოლოგიური თვალსაზრისით“ (ორივე 1974), „თუშურ-რუსული ლექსიკონი“, „მეგრული ენის ლექსიკონი“. ბ. ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა საჯარო ბ-კაში, სისტემატურად ამდიდრებდა ფონდს სხვადასხვა გამოცემით, 1861 შეადგინა „თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის მოკლე კატალოგი“, რ-ის შესავალში იგი მიმოიხილავდა საქართვ. ისტ., ლიტ-რისა და ხელოვნ. საკითხებს. ბ. განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა სამეგრელოს მიმართ, სადაც არაერთხელ იყო კიდეც. წიგნში „თბილისიდან მოგზაურობა სამეგრელოში 1862 წელს“ (პარიზი, 1864) ბ. მიმოიხილავს აქაურ ისტ. ძეგლებს, ფოლკლორს, ენის საკითხებს და სხვ. ბ-ს მჭიდრო მეცნ. კონტაქტი ჰქონდა აკად. მარი ბროსესთან, რ-საც სისტემატურად სწერდა წერილებს და უზიარებდა თავის დაკვირვებებს, ეთათბირებოდა სვანეთისა და მის ეთნოგრ. თუ ისტ.-ენობრივ პრობლემებზე, აგრეთვე ჩრდ. კავკ. ხალხთა ისტორიის საკითხებზე („ჩაჩნები და საჩაჩნეთი“, „ადიღე ხალხის ისტორია“, 1861) და სხვ. თანამშრომლობდა აგრეთვე დ. ბაქრაძესთან, პ. იოსელიანთან და სხვა ქართველ მეცნიერებთან. იგი დიდი ძალისხმევით მუშაობდა კავკასიელი და ფრანგი ხალხების კულტ., მეცნ. და ლიტ. ურთიერთობის განვითარებისათვის. მისი ნაშრომები გამოქვეყნდა პარიზში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. უკანასკნელად მუშაობდა მემუარებზე კავკასიისა და სპარსეთის შესახებ, რ-ის დასრულება არ დასცალდა.
მ. ტიტვინიძე