გაბრიელ მცირე (გ. 1802), საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი. ბერად იყო დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც 30 წელი გაატარა. მოთარეშე ლეკებმა თავი მოჰკვეთეს. დასაფლავებულია იმავე მონასტერში. გ. მ-ის ორიგინ. მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რ-საც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ინგლისში, ბოდლის ბ-კაში, მარჯორი უორდროპის ფონდში); მათგან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული ძეგლი „ონოსიფორეს ცხოვრება“, „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება“, მემუარული „თხრობანი“ და სხვ. გ. მ-ს ეკუთვნის აგრეთვე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები: 1892–94 გამოცემული „გვირგვინი“, „სამოთხის ყვავილი“ (1895), „ოქროს წყარო“ (1905), „სუფევა“, „კლიტე“, „სამასეული“, „მანანა“ და სხვ. მათში თავმოყრილია ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე მოსხისა და სხვ. თხზულებათაგან გამოკრებილი მასალა. ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
თხზ.: მემუარული თხრობანი, ი. ლოლაშვილის გამოც., კრ.: XVIII საუკუნის ქართული მწერლობის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1965;. მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაი სახის-მეტყუელებათა ვითარმედ ყოველსავე მღუდელ-მოქმედებისა მისსა საიდუმლოებითი ძალი უპყრიეს, თბ., 2017., წმ. გაბრიელ მცირე და მისი „მანანაი“ შემდგ. კ. კენკიშვილი, თბ., 2014.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ლოლაშვილი ი., გაბრიელ მცირის მემუარული თხრობანი, კრ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1962.
გ. მიქაძე