ბერულავა ხუტა მიხეილის ძე (10. XII. 1924, ზუგდიდი, ‒ 27. IX. 2004, თბილისი), პოეტი.
სწავლობდა სოხ. პედ. ინ-ტში (1949), შემდეგ ‒ მოსკოვის გორკის სახ. ლიტ. ინ-ტში (1951). 1958–65 იყო გამომც. „ნაკადულის“ დირექტორი, სადაც დააარსა სერია „ჩვენი საუნჯე“; 1965–67 ‒ ჟურნ. „ცისკრის“ მთავარი რედაქტორია, 1967–79 ‒ გამომც. „განათლების“ დირექტორი, 1979–85 ‒ ჟურნ. „დროშის“ მთ. რედაქტორი. 1985–92 საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1988 აირჩიეს საქართვ. საბავშვო ფონდის გამგეობის თავ-რედ, 1992 ‒ ქართველ მწერალთა და ლიტერატურისმცოდნეთა დამოუკიდებელი კავშირის თავ-რედ.
სამწერლო ასპარეზზე II მსოფლიო ომის დროს გამოვიდა; პირველი ლექსი „ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ!“ 1941 დაიბეჭდა გაზ. „კომუნისტში“. ამ ნაწარმოებმა და ასევე ომის თემაზე დაწერილმა ლექსმა „ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი“ (1944) პოპულარობა მოუხვეჭა პოეტს. ისინი მალე ხალხურ სიმღერებად იქცნენ. პირველი წიგნი 1944 გამოაქვეყნა.
ბ-ს ლექსების თემატიკა მრავალმხრივია: საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, რაზეც მეტყველებს ლექსების ციკლი „ვარძიის გზაზე“ (1946), პოემა „კოლხური ლეგენდა“ (1943–55), „ამბავი თბილისის დაბადებისა“ (1964), „ეპიტაფია სვეტიცხოვლის აღმშენებლისა“ (1952), „სიმღერა ვარსკვლავებზე“ (1953), „შენი მზე და შენი მთვარე“ (1962), „ოცდაოთხი დღე და ოცდაათი წუთი“ (1968), „ჩემო მამულო“ (1969). ბ-ს შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა ხალხთა მეგობრობასა და პატრიოტიზმს. მან თავისი წვლილი შეიტანა ქართ. პოეტური ეპოსის განვითარებაში [პოემები: „რუსული გული“ (1950 – 54, დაასრულა 1981) „ჯარისკაცის შვილი“ (1968), „ნემანის ტალღები“ (1970), „თინა თორტიზელი“ (1976), „წინაპრები“ (1976) და სხვ.]. დიდი ამაგი დასდო საბავშვო ლიტ-რის განვითარებას. ყურადღება მიიქცია მისმა პირველმა პროზაულმა ნაწარმოებმა „ბიჭი, რომელსაც ჩიტის გული ჰქონდა“ (1986; საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია, 1989).
ბ-ს კალამს ეკუთვნის ლიტერატურული წერილების წიგნი „მშობლიური სახელები“ (1984); მისი მრავალი ნაწარმოები თარგმნილი და გამოცემულია უცხოურ ენებზე. შიო მღვიმელის პრემია (1988). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ერთტომეული, ბათ., 1957; რჩეული, თბ., 1971; თორმეტი პოემა, თბ ., 1974; ლექსები, პოემები, თბ., 1981; მშობლიური სახელები, თბ., 1984; ალერსიანი მზე, თბ., 1986; დადგება ის დღე..., თბ., 1988; ლექსები და მოთხრობები, თბ., 1992.
ლიტ.: მ ი რ ი ა ნ ა შ ვ ი ლ ი ა., თანამედროვეობა მხატვრულ სახეებში, თბ., 1987.
ა. მირიანაშვილი