ბერყენა, Pyrus-ის გვარის ველური მსხლების ერთი ჯგუფი.
ეკლიანი ბუჩქები ან ხეებია, აქვთ შეკრული ან მეჩხერი ვარჯი, შიშველი ან ვერცხლისფრად შებუსული ტყავისებრი ფოთლები, მოკლე ან გრძელყუნწიანი ნაყოფი.
საქართველოში გვხვდება ბ-ს 9 სახეობა, მათგან 4 საქართვ. ენდემია (დიმიტრის ბ. – P. demetrii, კეცხოველის ბ. – P. ketzkhovelii, ფედოროვის ბ. – P. fedorovii, სახოკიას ბ. – P. sachokiana). ბ. იზრდება მხოლოდ აღმ. და სამხრ. საქართვ. ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, ნათელ ტყეებსა და ტყის პირებზე, ხრიოკ და ქვაღორღიან ადგილებში, ზ. დ. 900 მ-მდე. ნაყოფში დიდძალი გაქვავებული უჯრედებია, ამიტომ საჭმელად ნაკლებად გამოიყენება, ყინვაგამძლეა, ადვილად იტანს ხანგრძლივ გვალვასა და ძლიერ ქარს. კარგი საძირეა მსხლის კულტ. ჯიშების გამოსაყვანად. იყენებენ ტყე-პარკების გასაშენებლად გვალვიან და ურწყავ ადგილებში.
შ. ქუთათელაძე