ბერშუეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ. ბერშოულის (მეჯუდის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 840 მ, გორიდან 21 კმ. 837 მცხ. (2014).
ბ. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში მოხსენიებულია „ბერშოეთის“ სახელწოდებით. 1559 მეფე სიმონ I-მა განუახლა სვეტიცხოველს ბ-ში ძველად შეწირული საგლეხონი და მამულები. ბ-ის ყმა-მამულებს სვეტიცხოვლის გარდა ამილახვრებიც ფლობდნენ. 1865 ბ. თავისი 79 კომლით გორის უბნის ბ-ის თემის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლის შუაში დგას XIX ს. მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია, გვიანდ. შუა საუკ. კოშკი. ორივე ძეგლი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სოფლის ჩრდ-ით 2 კმ-ზე გვიანდ. შუა საუკ. სამების ერთნავიანი ეკლესიაა, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, სამხრ-ით მიშენებული აქვს კარიბჭე.
ჯ. გვასალია
შ. საღარაძე