ბერძენაული, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის აბისის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. დასავლეთის ფრონის მარჯვ. ნაპირას, ნაცარგორისღელის შესართავთან. ზ. დ. 640 მ, ქარელიდან 18 კმ. 511 მცხ. (2014).
ბ. იხსენიება 1424 და 1631 წლების საბუთებში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბ-ს მდ. ფცისწყლის ანუ ფცის ფრონის კუთვნილ სოფელთა სიაში ათავსებს. XVII‒XVIII სს-ში ბაგრატიონ-დავითაშვილების სათავადოში იყო. 1865 ბ. თავისი 33 კომლით სურამის უბნის დიდი ფცის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა.
სოფლის შუაში დგას განვითარებული შუა საუკ. იოანე ნათლისმცემლის ერთნავიანი ეკლესია. საფუძვლიანადაა გადაკეთებული XIX ს-ში. ნაგებია გათლილი ლოდებით და აგურით. სოფლის ჩრდ-ით დიდი ნასოფლარია.
ჯ. გვასალია
შ. საღარაძე