ბერძენიშვილი ელგუჯა ისიდორეს ძე (25. II 1927, თბილისი,‒1. I. 2019, იქვე), ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1966).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1956). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1956-იდან. ბ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ფერწერულობა, შინაგანი სიღრმე, კომპოზიციის გრძნობა, ნახატის დიდი კულტურა, დეკორატიულობა.
ბ. 50-იანი წწ. იმ თაობის წარმომადგენელია, რ-მაც ყურადღება გაამახვილა ფერწერის სპეციფ. მხატვრულ საშუალებებზე. ბ. იყო მრავალმხრივი მხატვარი მუშაობდა როგორც დაზგურ, ისე მონუმ. ფერწერაში, აფორმებდა წიგნებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: მ. ბაქრაძის პორტრეტი (1956, მხატვრის საკუთრება), „აბესალომ და ეთერი“ (1960, ზ. ფალიაშვილის სახლმუზეუმი, თბილისი), დეკორ. პანო (1967, ბიჭვინთა), „შემოდგომა“ (1985, ოკამი), „დედობა“, „მედეა“ (1986, თბილისი); ილუსტრაციები კ. გამსახრუდიას რომანისათვის „დიდოსტატის მარჯვენა“ (1972); აფიშა უ. შექსპირის პიესისათვის „რიჩარდ III“ (1957, თანაავტორებთან ერთად) და სხვ.
ავტორია წიგნისა „ხასანბეგურა“ (1988).