ბერძენიშვილი ზაზა ელგუჯას ძე (დ. 18. II. 1956, თბილისი), ფერმწერი.
დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი (1975). ამავე წლიდან მონაწილეობს როგორც რესპ., ასევე საერთაშ. გამოფენებში. ბ-ის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია სიახლის გრძნობა, სამყაროს პოეტური აღქმა, მთლიანი, გაწონასწორებული კომპოზიცია, საინტერესო ფერადოვანი გამა. ბ. ინტელექტუალურ-ფილოს. განწყობილების მხატვარია. 1993 საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა.
ბ-ის სურათები გამოფენილი იყო საფრანგეთში (1989, პარიზი, დრუოს აუქციონი), ბელგიაში (1990, ბრიუსელი), იტალიაში (1991, რომი) და სხვ. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „კომპოზიცია“ (1989, გერმანია, კერძო კუთვნილება), „ეკლესია“ (1989, მხატვრის კუთვნილება), „თეთრი ცხენი“ (1989, სურათების ეროვნ. გალერეა, თბილისი), „ეკლესია“ (1990, ჯ. კაშიას კუთვნილება, პარიზი), „ნატურმორტი“ (1990, თანამედროვე ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), „კომპოზიცია“ (1992, მხატვრის კუთვნილება) და სხვ.