ბერძენიშვილი მერაბ ისიდორეს ძე (10. VI. 1929, თბილისი, ‒ 17. IX. 2016, სტამბული, თურქეთი, დაკრძალულია თბილისში), მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1978). 1987 მიენიჭა სსრკ სახ. მხატვრის წოდება. რუსეთის სამხატვრო აკად. წ.-კორ. (1988). საქართვ. კულტურის ფონდის თავ-რე (1994).
1955 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (ნ. კანდელაკის კლასი), იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1988-იდან ‒ პროფესორი). ძირითადად იყო მონუმენტალისტი, მაგრამ წარმატებით მუშაობდა დაზგური ქანდაკების დარგშიც. ბ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია უზადო კომპოზ. ალღო, სივრცის აღქმისა და ათვისების გრძნობა. მისი ფიგურები ავსებენ და აკეთილშობილებენ გარემოს, ქმნიან ინტიმურ, პოეტურ განწყობილებას, ბ-ის სკულპტურული ფორმები არასდროს არ არის თვითმიზნური.
მოქანდაკის მიერ შექმნილი დინამიკა, ძლიერი შინაგანი ექსპრესია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ამაღელვებლად მოქმედებს მნახველზე. თემის აქტუალობა, ფიგურათა რიტმი და ფორმის გამომსახველობითი ძალის მკვეთრი ხაზგასმა, სილუეტის ნაზი და მშვიდი დინება, მასალის გრძნობა, ნახატის ძლიერი პლასტიკა, ზოგჯერ უტრირებული პროპორციები მეტყველი და ცოცხალია. მოქანდაკის მიერ შექმნილი სახეები ზუსტად უპასუხებენ მის იდეას, მოვლენებისადმი აქტ. დამოკიდებულებას. ბ. იყო მუდამ შემართული, დაძაბული და ამასთან შინაგანად მშვიდი, რაც აისახა მის შემოქმედებაში.
ძირითადი ნამუშევრები: „შოთა რუსთაველი (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართვ. ეროვნული ბ-კა, თბილისი), შოთა რუსთაველის ძეგლი (ბრინჯაო, 1955–66, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (თაბაშირი, 1958, II პრემია საკავშ. კონკურსზე თბილისში), დავით გურამიშვილის (თუჯი, 1959–65, თბილისი), გიორგი სააკაძის (ბრინჯაო, 1970, კასპი, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1975; პირი 1988, თბილისი) ძეგლები; „მუზა“ (ბრინჯაო, 1972, თბილისი), „მედეა“ (ბრინჯაო, 1967–68, ბიჭვინთა), „კიდევაც დაიზრდებიან!“ (ბრინჯაო, 1975, მარნეული; სსრკ სახელმწ. პრემია, 1976), ლაოსის მეფის სისავანგ ვონგის ძეგლი (ბრინჯაო, 1974 – 75, ვიენტიანი; პირი ლუანგ-პრაბანგში), გამარჯვების მემორიალები გურჯაანსა (1978) და ქუთაისში (1982, ორივე ბრინჯაო), ზ. ფალიაშვილის (1972), ი. ჭავჭავაძის (1987, ორივე ბრინჯაო, თბილისი) ძეგლები. დიდგორის ბრძოლისადმი მიძღვნილი მემორიალი (1991; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1995). დაზგური ქანდაკება; ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია; 1960 ‒ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ქალის ტორსი (ტონირებული თაბაშირი, 1963), „სიცოცხლის დასაწყისი“ (კომპოზიცია, ბრინჯაო, 1971, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი). „მუსიკის დაბადება“ (ქვა, რელიეფი, საქართვ. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, თბილისი), ნ. დუმბაძის მემორიალი (ბრინჯაო, 1986, თბილისი). ფერწერა და გრაფიკა: „რევოლუციური გურია“ (1956), „მამაკაცის პორტრეტი“ (ძმის პორტრეტი, 1959), „გურია ზამთარში“ (1967), „პარიზის ჩანახატები“ (1963), სერია „იტალიაში“ (1965, ყველა მხატვრის კუთვნილება).
ავტორია წიგნისა „ზარი“ (1981), მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო.
ა. ჩხარტიშვილი