ბერძენიშვილი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე [28. XII. 1894 (9. I. 1895), სოფ. გოგოლესუბანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ‒ 16. VII. 1965, თბილისი], ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944). პროფესორი (1939), ისტ. მეცნ. დოქტორი (1943), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946).
1917 დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და იმავე წელს ჩაირიცხა მოსკ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტზე, მაგრამ უსახსრობის გამო დაბრუნდა ჩოხატაურში და მუშაობდა მასწავლებლად. 1920–26 სწავლობდა თსუ-ში სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე (ისტ. განხრით). ი. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს უნ-ტში, საქართვ. ისტორიის კათედრაზე.
1929 დაინიშნა თსუ საქართვ. ისტორიის კაბინეტის გამგედ; აქვე შეუდგა პედ. მოღვაწეობას. ერთდროულად იყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბის თანამშრომელი (1929–36). 1938 დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1939 აირჩიეს პროფესორად. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა აგრეთვე ქუთ. პედ. ინ-ტში (1935–38), თბილ. ა. პუშკინის (ახლანდ. ს.-ს. ორბელიანის) სახ. პედ. ინ-ტში (1938‒40). 1934-იდან მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის კავკასიათმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად. 1939-იდან ნ. მარის სახ. ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ისტორიის ინ-ტის ისტორიის განყ-ბის გამგე იყო. 1941–58 ხელმძღვანელობდა ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., ინ-ტის ისტორიის განყ-ბას, ხოლო 1956–65 ისტორიული გეოგრაფიის განყ-ბას. ამასთან 1948–65 იყო ამ ინ-ტის დირექტორი, 1946–56 ‒ თსუ საქართვ. ისტო რიის კათედრის გამგე, 1951–57 საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი. ბ-მა, ს. ჯანაშიასთან ერთად, ახ. ეტაპი შექმნა XX ს. ქართულ ისტორიოგრაფიაში, დანერგა მასში ახ. მიმართულებები. ბ-ის კვლევის სფერო მოიცავდა საქართვ. ისტორიის თითქმის ყველა დარგს და ყველა ეპოქას. მის ნაშრომებში გამოკვლეულია შუა საუკ. საქართვ. სოც., ეკონ., პოლიტ., კულტ. და საეკლ. ისტორიის, პერიოდიზაციის, ისტორიული გეოგრ., წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, დიპლომატიკის, რუსთველოლოგიის, სხვა ხალხებთან ურთიერთობისა და სხვა საკითხები. ბ-ის მიერ ჩატარებულ სოც. ისტორიის კვლევაში უმთავრესია 4 ურთიერთდაკავშირებული პრობლემა: ფეოდალური მიწათმფლობელობა, ბატონყმობა, სათავადოები და საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია. ბ-მა დაადგინა, რომ ფეოდ. მიწათმფლობელობის სხვადასხვა ფორმა საქართველოში წარმოიქმნა ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში (ნაშრომები: „მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში“ რეცენზია ს. ჯანაშიას წიგნზე: „საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე“, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები და სხვ.). ბ-მა გაარკვია, რომ ბატონყმობა, ამ მოვლენის შინაარსობრივი თვალსაზრისით, საქართველოში გაცილებით ადრე დამკვიდრდა, ვიდრე თვით ეს ტერმინი შემოვიდოდა (XV ს.). ქართ. სამართლის ძეგლებზე და სხვა საისტ. წყაროებზე დაყრდნობით, ბ-მა გაარკვია, რომ X ს-ში საქართველოში დასრულდა ადრინდ. ფეოდალური ხანა და გაძლიერდა ფეოდალიზაციის პროცესი, ქვეყანა გადავიდა განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში, რაც დაგვირგვინდა XII ს-ში ბატონყმობის სრული გამარჯვებით და ბატონყმურ ურთიერთობაზე დამყარებული საქართველოს ცენტრალიზებული მონარქიის წარმოქმნით. ფეოდალიზმის განვითარება-გაბატონების კვალდაკვალ, ერთი მხრივ, დამყარდა ბატონყმური ურთიერთობა მწარმოებელ მოსახლეობასა და მიწათმფლობელთა შორის და, მეორე მხრივ პატრონყმური ურთიერთობა (ვასალიტეტი) გაბატონებული საზ-ბის სხვადასხვა ფენას შორის. წარმოიქმნა ფეოდ. სამფლობელოები (სენიორიები).
ბ-მა გვიჩვენა, რომ პირველი სენიორიები საქართველოში ადრინდ. შუა საუკუნეებში გაჩნდა. VIII ს. შემდეგ იწყება პროცესი ქვეყნის გაერთიანებისა და სენიორიების შეზღუდვა-ლიკვიდაციისა. XII ს-იდან ბატონყმობის სტაგნაციამ და გარეშე მტრების თავდასხმებმა წარმოქმნა სენიორიების „მეორე გამოცემა“‒ სათავადოები. ბ-მა განსაზღვრა სათავადოს არსი და მისი როლი გვიანდ. შუა საუკ. საქართველოს ცხოვრებაში, გამოავლინა და გააანალიზა სათავადოებთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, სათავადოები წარმოიქმნა XIV–XV სს-ში, დიდებულებმა სამემკვიდრეოდ დაიჩემეს მათთვის სამმართველოდ მიცემული მხარეები და თავის მამაპაპეულ მამულთან ერთად შექმნეს საკუთარი სენიორია, სადაც მოიპოვეს მეფისაგან საგადასახადო (ზოგჯერ სასამართლოც) შეუვალობა (იმუნიტეტი). ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ აკავშირებდა თავადებს მეფის ხელისუფლებასთან, ეს იყო სალაშქრო მოვალეობა. ამრიგად, თავადები X–XIV სს. „დიდებულების“ წოდებრივი მემკვიდრეები იყვნენ. XV–XVI სს-ში, სამეფო ხელისუფლების დასუსტების პირობებში, დიდებულები და ერისთავები ან მთავრებად იქცნენ, ან თავადებად. სათავადოები აღარ მოასწავებდნენ პროგრესს, როგორც VI–VIII სს. ქართული სენიორიები, ვინაიდან ისინი აღმოცენდნენ არა ფეოდალიზაციის აღმავალი პროცესის პირობებში, არამედ რეგრესის, ბატონყმობის სტაგნაციის შედეგად, ამიტომ იყო ეს მოვლენა, რის შედეგადაც ხანგრძლივად შეფერხდა საქართველოს საზ. განვითარება და ფეოდალიზმი გახანგრძლივდა XIX ს-მდე. სოც. ისტორიის კვლევის საფუძველზე ბ-მა შუა საუკ. საქართველოს ისტორიაში გამოყო პერიოდები: 1) VI–VII სს. ‒ ადრინდ. ფეოდ. ხანის პირველი საფეხური; 2) VIII‒IX სს. ‒ გარდამავალი ხანა ადრინდელიდან განვითარებულ ფეოდალიზმზე; 3) X–XII სს. ‒ განვითარებული ფეოდალიზმის ხანა; 4) XIII–XIV სს. ‒ განვითარებული ფეოდალიზმის სტაგნაციის ხანა; 5) XV–XVIII სს. ‒ სათავადოების ხანა ‒ ფეოდ. „დაჩიხულობა“; 6) XIX ს. I ნახ. ‒ გვიანდ. ფეოდ. ხანა, ფეოდალიზმის რღვევა და სათავადოების ლიკვიდაცია, კაპიტალიზმის ჩასახვა.
დიდი დამსახურება აქვს ბ-ს საქართველოს ისტ.-გეოგრ კვლევა-ძიების საქმეში. ფაქტობრივად საქართველოს ისტ. გეოგრაფიის, როგორც ისტ. მეცნიერების დამოუკიდებელი დისციპლინის, წარმოქმნა მის სახელთან არის დაკავშირებული (1956 ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტში ბ-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა ისტ. გეოგრაფიის განყ-ბა). ბ. ერთი პირველთაგანია ქართ. ისტორიოგრაფიაში, ვინც კვლევა-ძიების საგნად გაიხადა საქართველოს არაერთი ძირეული ისტ.-გეოგრ. პრობლემა: ეკონ. გეოგრაფიის საკითხები (გზები, ამა თუ იმ კუთხის მეურნეობა, სავაჭრო ურთიერთობა სხვა კუთხეებთან, ქ-ების წარმოქმნა ზეგნებზე და სხვ.); ეთნიკური გეოგრ. საკითხები (საერთოდ მოსახლეობის მიგრაცია, კერძოდ, მთიდან ბარში ან ბარიდან მთაში); სოც. გეოგრაფიის საკითხები (ქ-ები და მათი „აგარაკები“, უძველესი საგვარეულო სამოსახლოები ‒ „გორები“, „ხევების“ სოც.-ეკონ. ასპექტები და სხვ.). ბ-ის ნაშრომებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართ. დიპლომატიკის საკითხებს. ბ-მა დიდი წვლილი შეიტანა ქართ. საისტორიო წყაროების, უპირველეს ყოვლისა, დოკუმენტური მასალის გამოქვეყნების საქმეში. ბ-ის კვლევის მეთოდს ახასიათებს ქვეყნის შინაგანი მოვლენების საგარეო ფაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობაში განხილვა. ყურადღება გამახვილებულია დაპირისპირებულ სოც. ძალთა მხრივ საგარეო ფაქტორის გამოყენებაზე თავისი ინტერესებისათვის (აქ იგულისხმება როგორც სამეფო ხელისუფლება და მისი მომხრე დასი, ასევე სეპარატისტულად განწყობილი ფეოდ., თავადური რეაქცია). ბ-ს ნაჩვენები აქვს, თუ როგორ უპირისპირდებოდა ერთმანეთს განსხვავებული სოც.-პოლიტ. სისტემები ‒ ერთი მხრივ, „ქართველობა“, რ-იც ინტენს. მეურნეობაზე დაფუძნებულ ქართ. ფეოდ. ურთიერთობას გულისხმობდა და, მეორე მხრივ, „ოსმალობა“ თუ „ყიზილბაშობა“, რ-იც საქართველოში ფეოდალიზმის ჩამორჩენილი, „ბარბაროსული“ ფორმების დანერგვას ლამობდა, მისთვის დამახასიათებელი ექსტენსიური მეურნეობით, ბ-მა საგანგებოდ შეისწავლა აგრეთვე ის პოლიტ. გეზი, რ-შიც საქართველოს მესვეურნი ხედავდნენ მტრულ გარემოცვაში მოხვედრილი ქვეყნის ხსნას. ეს იყო ქართველი პოლიტიკოსების ორიენტაცია ერთმორწმუნე რუსეთზე. ბ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას განიხილავდა როგორც ორმხრივი დაინტერესების შედეგს. სოც.-ეკონ. და პოლიტ.
ისტორიის საკითხების კვლევასთან ერთად ბ. უყურადღებოდ არ ტოვებდა არც კულტ.-ისტ. ფაქტებს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა მისი ნაშრომი „მასალები მეთერთმეტე საუკუნეში სწავლა-აღზრდის შესახებ (გიორგი ათონელის ბიოგრაფიის მიხედვით)“. ბ. დიდ ადგილს უთმობდა თავის კვლევაში ვახტანგ VI-ის კულტ. მოღვაწეობას, ვახუშტი ბატონიშვილის მემკვიდრეობის შეფასებას, კათოლიკე მისიონერთა როლს საქართველოს კულტ. ცხოვრებაში და სხვ. საქართვ. ისტორიის მაკეტის (1940), ხოლო შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოს გამოქვეყნება (პირველი გამოც. 1943) აკად. ი. ჯავახიშვილის და აკად. ს. ჯანაშიას თანაავტორობით (ს. ჯანაშიას რედაქციით) ქართ. ისტ. მეცნიერების დიდი მონაპოვარი იყო. ამ სახელმძღვანელომ საყოველთაო აღიარება და სსრკ სახელმწ. პრემია დაიმსახურა (1947). ქართ. ისტორიოგრაფიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობის საფეხური იყო XX ს. 50-იან წლებში საქართვ. ისტორიის ახ. სახელმძღვანელოს შესაქმნელად გაშლილი მუშაობა, რ-საც ბ. ედგა სათავეში. 1958 გამოქვეყნდა დამხმარე სახელმძღვანელოს I ტომი (უძველესი დროიდან XIX ს. დასასრულამდე) და სახელმძღვანელო VIII–X კლასებისათვის უძველესი დროიდან დღემდე (ავტორები: ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, ი. კაჭარავა, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია და პ. რატიანი). ბ. წარმატებით აგრძელებდა აკად. ი. ჯავახიშვილისა და აკად. ს. ჯანაშიას ტრადიციებს არქეოლ. სამუშაოთა წარმართვის საქმეშიც. როგორც ინ-ტის დირექტორი და რესპ. არქეოლ. კომისიის თავ-რე, XX ს. 50-იან და 60-იან წლებში იგი სათავეში ედგა არქეოლ. სამუშაოთა ორგანიზაციის და მეცნ. ხელმძღვანელობის საქმეს, ხშირად პირადად ხელმძღვანელობდა მთელ რიგ არქეოლ. ექსპედიციებს. დიდია ბ-ის დამსახურება ისტორიკოსთა კადრების აღზრდაში. იგი ნაყოფიერ საზ. საქმიანობას ეწეოდა. იყო საქართვ. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ფოლკლორის სამეცნ. საზ-ბის შექმნის ინიციატორი და მისი უცვლელი თავ-რე. საქ. სსრ VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
თხზ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1 – 9, თბ., 1964 – 79.
ლიტ.: დ უ მ ბ ა ძ ე მ., ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1978; ნიკო ბერძენიშვილი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1981.
ნ. შოშიაშვილი
დ. მუსხელიშვილი
ე. ბროსე