ბერძნები

ბერძნები (საკ. სახელწ. Hellēnes ‒ ელინები), ერი. საბერძნეთში ცხოვრობს 10 მლნ. (2011, შეფასება, დაახლ. მოსახლ. 95%), 1,6 მლნ-ზე მეტი ‒ სხვადასხვა ქვეყანაში: კ. კვიპროსზე 721 ათ. (ადგილ. მოსახლ. 78%), ეგვიპტეში, იტალიაში, აშშ-ში, რუსეთის ფედერაციაში და სხვ., საქართველოში ცხოვრობს 15,166 ათ. (2002 აღწერა). ლაპარაკობენ ახ. ბერძნ. ენაზე. რელიგია ‒ მართლმადიდებლობა. საქართველოში ბ-ის პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენს. ბერძნ. კოლონიზაციას უკავშირდება (იხ. ანტიკური ქალაქები შავიზღვისპირეთში). ახლანდ. ბერძნ. მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდან არის გადმოსახლებული (XVIII–XIX სს.). ბერძენი იმიგრანტების ბოლო ნაკადი ლოზანის კონფერენციის (1922–23) შემდეგ შემოვიდა.

ცხოვრობენ უმთავრესად აჭარაში, აფხაზეთში, თეთრი წყაროს, წალკისა და დმანისის მუნიციპ-ებში. ენობრივად ორ ჯგუფად იყოფიან: ბერძნულენოვანი ელინოფონები (საკთარი სახელი ‒ „რომეოს“, უფრო იშვიათად „გრეკოს“, „ელინოს“) და თურქულენოვანი „ურუმები“. ვარაუდობენ, რომ თრიალეთის ურუმების, განსაკუთრებით ძვ. ქართ. პროვინციებიდან მოსული გუმიშხანელებისა და პასენების ეთნოგენეზში გარკვეული როლი ითამაშეს ლაზებმა. მათ ყოფაში შემონახულია ძვ. ქართ. ტრადიციებიც. ელინოფონები ცხოვრობენ ძირითადად აფხაზეთსა და აჭარაში (მცირე ჯგუფები სამხრ. საქართვ. სოფლებში), ურუმები კი ‒ უმთავრესად წალკისა და დმანისის მუნიციპ-ებში. მეურნეობა, ყოფა და კულტურა, განსახლების რ-ნების მიხედვით, გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ტრად. ფორმებთან ერთად შეთვისებული აქვთ მეზობელი მოსახლეობის კულტ. ელემენტები: აჭარისა და აფხაზეთის ბ. მისდევენ თამბაქოსა და ჩაის მოყვანას, მებოსტნეობას, მებაღეობას, მეთევზეობას, ცნობილი არიან როგორც საუკეთესო ქვითხუროები. თრიალეთის ურუმების მთავარი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. საქართველოში არსებობს ბ-ის რამდენიმე სათვისტომო.

აჭარაში მცხოვრებ ბერძენთა ხალხური დღესასწაულები, ისე როგორც ქართველებში, საეკლესიო კალენდარს მიჰყვებოდა; იმართებოდა გართობა-თამაშობები, ბაზრობები, სახალხო სეირნობები. ზაფხულში, დღესასწაულებზე ხარების-ბუღების შეჯიბრს აწყობდნენ ისევე, როგორც აჭარისწყლის ხეობის მთიან მოსახლეობაში, სამეგრელოსა და სვანეთში(“ბუღების ჭედობა”, “კურული”). შობას, ქართველების მსგავსად, ღორს  კლავდნენ. ახალ წელს კი, ქართ. საახალწლო კალანდის მსგავსად, იცოდნენ კარდაკარ ჩამოვლა და მოლოცვა. იმართებოდა “ჭონასა” და “ბერიკაობის” მსგავსი ნიღბოსანთა რიტუალური სანახაობები. ჰქონდათ ქართველების მსგავსი შრომითი ურთიერთდახმარების ფორმები. ნოემბერს აჭარაში მცხოვრები ბ-იც “გიორგობის თვეს” ეძახდნენ და წმ. გიორგი მათთვისაც ყველაზე საყვარელი წმინდანი იყო. ურუმებში შემონახულია ქალის თავსამკაული “დაბლა”, რ-საც ლაზეთში ხმარობენ ლაზი ქალები. ურუმებმა თურქეთის საქართველოდან თან მოიტანეს ქართული ხელნაწერი სახარება, რ-იც მათ შორის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანი იყო.

ლიტ.ბერძნები საქართველოში (რედ. რ. გორდეზიანი), თბ, 1997; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  ო., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966;  პონტოელი ბერძნები აჭარაში (ავტ. კოლექტ.), ბათ., 2017; ჩიტაია გ. შრომები, ტ. II (შემდგენელი რედ. თ. ცაგარეიშვილი), თბ; 2023; Народы зарубежной Европы, т. 1, М., 1964; Народы Кавказа, т. 2, М., 1962.

ლ. ფაშაევა