ბერძნიშვილი მაქსიმე დავითის ძე (21. VIII. 1889, თბილისი, ‒ 27. IV. 1967, იქვე), ისტორიკოსი.
1910 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. 1912–16 სწავლობდა ვარშავის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის გამგეობის მდივნის მოადგილედ. 1918-იდან ‒ მასწავლებლად, 1921–25 ‒ შრომის სახკომში, განსახკომში, თბილ. აღმასკომის სახ. განათლების განყ-ბაში. დიდი შრომა გასწია ქართ. საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. 1925–32 იყო საქართვ. წიგნის პალატის გამგე, შემდეგ გამგის მოადგილე.
მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები: „ბიბლიოგრაფიის მოამბე“, „წიგნის მატიანე“, „გაზეთის მატიანე“. 1932–34 დიდი ქართ. ენციკლოპედიის რედაქციაში იყო სიტყვანის განყ-ბის გამგე. 1937 მონაწილეობდა რუს.-ქართ. ლექსიკონის შედგენაში. 1934–53 თსუ-ში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედ. ინ-ტებში კითხულობდა ლექციების კურსს ძვ. აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში.
1945-იდან ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი იყო. მისი გამოკვლევა „ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის“ (1941, გამოქვეყნდა 1969) პირველი ქართ. მონოგრაფიაა ანტ. ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ. პარალელურად ბ. იკვლევდა XIX ს. საქართველოს საზ.-პოლიტ. მოძრაობის და საზ. აზრის ისტორიას.
თხზ.: ქალაქ ფაზისის ლოკალიზაციისათვის, «თსუ შრომები», 1942, ტ. 22; მისივე, მასალები XIX ს. I ნახ. ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, [წგ. 1–2], თბ., 1980–83.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ისტორიკოსი მაქსიმე ბერძნიშვილი, თბ., 1989; მაქსიმე ბერძნიშვილის შრომების ბიბლიოგრაფია. «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1968, [ტ.] 2.