ბერძნიშვილი (ბერძენოვი) ნიკოლოზ გიორგის ძე [4 (16). IX. 1829, სოფ. არდონი, ახლანდ. ჩრდ. ოსეთი, ‒ 1874, თბილისი], ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.
XIX ს. 50–60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზ. „კავკაზში“, რ-საც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა.
ბ-ს ეკუთვნის დიდი ნაწილი რუს. ენაზე გამოცემული წიგნისა „თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით“ (1870) და გამოკვლევა „სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში“ (1869, რუს. ენაზე), აგრეთვე ეთნოგრ. ნარკვევები საქართველოსა და ჩრდ. ოსეთზე.
1864–74 იგი კავკ. არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის „აქტების“ შედგენა-გამოცემაში. საყურადღებოა „კავკაზში“ გამოქვეყნებული მისი ლიტ.-კრიტ. წერილები.
ბ. ქართ. რეალისტური სალიტ. კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან ყურადღება გაამახვილა სინამდვილის მხატვრული ასახვის, ეროვნ. თემატიკის მნიშვნელობის, ტიპურობის საკითხებზე, მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპებზე და სხვ.
თხზ.: ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის (ქრესტომათია), შედგ. ს. ხუციშვილის მიერ, [ტ.] 1, თბ., 1954.
ლიტ.: ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, [ტ.] 1, თბ., 1974; Б а к р а д з е Д. З., Бердзенов и его литературная деятельность, Тфл., 1874.
ჯ. ჭუმბურიძე