ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სპორტული ჭიდაობის სახეობა.
ტარდება 9X9 მ ლეიბზე; ხანგრძლივობა 2 სამწუთიანი პერიოდია. თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა, ემატება ერთწუთიანი პერიოდი. მოჭიდავეები დაყოფილი არიან ასაკობრივ ჯგუფებად და წონით კატეგორიებად (იხ. თავისუფალი ჭიდაობა). ჭიდაობენ დგომში და ჩოქბჯენში, დაშვებულია გადაყვანა, გდება, წაქცევა, ჩოქბჯენში ბრუნი და გდება. აკრძალულია წელქვევით ჩავლება და სარმა. ბ.-რ. ჭ-ის მიზანია აიძულო მოწინააღმდეგე შეეხოს ლეიბს ერთდროულად ორივე ბეჭით ან ზურგზე ტრიალით ორივე ბეჭით ერთიმეორის შემდეგ. ასეთი შედეგი ფასდება როგორც წმინდა გამარჯვება. თუ ჭიდაობისათვის განკუთვნილ დროში ვერც ერთმა ვერ მიაღწია წმინდა გამარჯვებას, გამარჯვებული გამოვლინდება წარმატებით ჩატარებული ილეთებისთვის მიღებული ქულებით. თუ გამარჯვება ქულებში 10 ან მეტია, ასეთი შედეგი წმინდა გამარჯვებას უტოლდება. ილეთის ჩატარებისათვის, რ-იც მეტოქეს კრიტიკულ მდგომარეობაში მოაქცევს, ილეთის ჩამტარებელს 5,3 ან 2 მომგებიანი ქულა ეწერება. თუ მოწინააღმდეგეს 5 წმ ან მეტით გააჩერებს კრიტიკულ მდგომარეობაში, დამატებით კიდევ 1 ქულა ემატება. ყოველი ილეთი, რ-იც ჩოქბჯენში გადაყვანით მთავრდება, ფასდება 1 ქულით. პასიური ჭიდაობისათვის მოჭიდავეს ეძლევა გაფრთხილება და აქტიური მოჭიდავის სურვილისამებრ ჭიდაობა გრძელდება ჩოქბჯენში ან დგომში. ბ.-რ. ჭ., როგორც სპორტის სახეობა, შეიქმნა საფრანგეთში 1880. იქვე შემუშავდა პირველი ოფიციალური წესები, რ-ებიც XIX ს. მიწურულს გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მ. შ. საქართველოშიც. ბ.-რ. ჭ. ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-იდან (1900, 1904 ოლიმპიადების გარდა). ევროპის ჩემპიონატები ტარდება 1928-იდან (არაოფიც. – 1898-იდან), მსოფლიოსი ‒ 1950-იდან. საქართველოში XX ს. დასაწყისში ბ.-რ. ჭ. ძირითადად საცირკო სანახაობას წარმოადგენდა. მოგვიანებით იგი ჩამოყალიბდა როგორც სპორტული დისციპლინა. საქართვ. მოჭიდავეები სსრკ ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ 1928-იდან. 1935 თბილისელმა ლეონიდ ძეკონსკიმ საქართვ. მოჭიდავეებს შორის პირველმა მოიპოვა სსრკ ჩემპიონის წოდება. საქართვ. მოჭიდავეებს ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოპოვებული აქვთ 129 სხვადასხვა ღირსების მედალი, მ. შ. 45 ოქროსი (5 ოლიმპიური, 24 მსოფლიო და 16 ევროპის ჩემპიონატების). ბ.-რ. ჭ-ში ქართველი ფალავნებიდან განსაკუთრებით მაღალი სპორტული მიღწევები ჰქონდათ გ. კარტოზიას, რ. რურუას, ა. ქორიძეს, რ. აბაშიძეს, ვ. ბლაგიძეს, თ. აფხაზავას, მ. სალაძეს, თ. ყაზარაშვილს, გ. გედეხაურს, აგრეთვე ო. ბლიაძეს, ს. ბერიშვილს, დ. გვანცელაძეს, შ. მორჩილაძეს და სხვ. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს ‒ საქართვ. თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშ. ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის ‒ რომან რურუა (1991‒93); თავისუფალი ჭიდაობის ‒ მურმან ომანიძე (1991‒93); გაერთიანებული ფედერაციის ‒ გურამ გედეხაური (1993‒94), დავით გობეჯიშვილი (1994‒2000), გოჩა ძასოხოვი (2000‒04), ბაკურ გოგიტიძე (2004), კახა გეწაძე (2005‒12), ლუკა კურტანიძე (2012‒14), მანუჩარ კვირკველია (2014‒17), თამაზ (გეგა) გეგეშიძე (2017 - იდან).
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ოქროს მედალოსნები გახდნენ: ოლიმპიური ჩემპიონი ‒ მ. კვირკველია (2008); მსოფლიოს ჩემპიონები ‒ მ. ვახტანგაძე (2001), მ. კვირკველია (2003), დ. ბედინაძე (2007), რ. ნოზაძე (2007), ნ. წურწუმია (2019), ლ. გობაძე (2019). ევროპის ჩემპიონები ‒ ა. დოხტურიშვილი (2001), ბ. ხასია (2002), რ. ნოზაძე (2003, 2007), მ. კვირკველია (2007), რ. ლაშხი (2011), ზ. დათუნაშვილი (2016, 2017), რ. კობლიაშვილი (2018), ს. ბოლქვაძე (2021). ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა მსოფლიოს თასი (2004).
ნ. გუგუშვილი