გაბუნია ანდრია ალექსის ძე [5 (18). VII. 1907, ფოთი,–31. I. 1969, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი, კოლხეთის ჭაობის ამოშრობის პიონერი. 1932 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 1934–38 მუშაობდა „კოლხეთმშენში“ მთ. ინჟინრად, 1939–40–საქართვ. მიწათმოქმედების სახ. კომისარიატის წყალთა მეურნ. სამმართველოში მთავარ ინჟინრად. 1941–43 იყო წყალთა მეურნეობის სახ. კომისრის მოადგილე. 1943–45 – ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რე, 1945–49 – „კოლხეთმშენის“ უფროსი. 1949–56 – სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობის უფროსი (ამასთან ერთად ხელმძღვანელობდა თბილ. წყალსაცავის „თბილისის ზღვის“ მშენებლობას). 1956-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. მელიორაციისა და წყალთა მეურნ. მინისტრის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ფოთის ერთ-ერთი ქუჩა გ-ს სახელობისაა.