გაგარინი გრიგოლ გრიგოლის ძე [29. IV (11. V). 1810, პეტერბურგი, – 30. I. 1893, შატელრო, საფრანგეთი; დასაფლავებულია სოფ. სუჩკიში, ახლანდ. ვერის ოლქი], რუსი ფერმწერი, არქიტექტორი, ხელოვნ. მკვლევარი. პეტერბ. სამხატვრო აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1859–72). სისტემ. სამხატვრო განათლება არ მიუღია, ერთხანს კ. ბრიულოვთან სწავლობდა რომში. 1841–64 სამხ. სამსახურში გაატარა. მონაწილეობდა კავკ. ომებში. 1848–54 თბილისში ცხოვრობდა და აქტ. მონაწილეობას იღებდა თბილ. კულტ. ცხოვრებაში: 1850-იანი წწ. დასაწყისში მისი ესკიზებით მოიხატა თბილ. სიონის ეკლესია, თბილ. ადრინდ. საოპერო თეატრის დარბაზი და ფოიეები (ხანძრის შედეგად განადგურდა). ქართულ თეატრში მხატვრულად გააფორმა გ. ერისთავის პიესები: „გაყრა“ და „დავა“. დახატა ქართველ არისტოკრატთა დავით ჭავჭავაძის (1840-იანი წლები, რუს. მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი), მართა სოლოღაშვილის (1842, საქართვ. ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურიდან აქვს ჩახატული XIX ს. შუა წლების თბილ. ხედები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სცენა, ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები, ჩუქურთმები, ქართველთა ტიპები და სხვ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული ალბომები „თვალწარმტაცი კავკასია“ და „კავკასიური კოსტიუმები“, რ-ებიც მხატვრულთან ერთად, უეჭველ დოკუმენტურ მნიშვნელობასაც ინარჩუნებენ. გ. ნახატის დიდი ოსტატი იყო. მისი შემოქმედება რომანტიზმის გავლენის კვალს ატარებს. გ-ს ეკუთვნის ილუსტრაციები ვ. სოლოგუბის წიგნისა „ტარანტასი“ (1845) და ბატალური ჟანრის თვალსაჩინო ნაწარმოებები „ახატლის ბრძოლა“ (1841, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი). გ-ის თაოსნობით პეტერბ. სამხატვრო აკადემიასთან დაარსდა „ქრისტიანულ სიძველეთა მუზეუმი“.
თხზ.: Собрание византийских, грузинских и древне-русских орнаментов и памятников архитектуры. Серии 1–3, СПб., 1897–1903; Рисунки и наброски с натуры, СПб., 1902; Le Caucase pittoresque, P., 1845–57.
ლიტ.: Савинов А. Н., Г. Гагарин [1810–1893], М., 1950; მისივე, Г. Г. Гагарин, წგ.: Русское искусство... Первая половина XIX века, М., 1954.
ვ. ბერიძე