გაგრის მუნიციპალიტეტი

გაგრის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დას. საქართველოში, აფხაზეთში, აფხ. კავკასიონის სამხრ. კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. დას-ით და ჩრდ-ით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმ-ით – გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სამხრ-ით – შავი ზღვა. ფართ. 772,4 კმ². მოსახლ. 82,4 ათ. კაცი (1991). ცენტრი – ქ. გაგრა XX ს. 90-იან წლებში გ-ში იყო 1 ქალაქი, 3 დაბა (ბიჭვინთა, ბზიფი, განთიადი), 46 სოფელი, 3 დაბის საკრებულო, 10 სოფლის საკრებულო: ალახაძის, ბაღნარის, კოლხიდის, ლესელიძის, ლიძავის, მეხადირის, მიქელრიფშის (ცენტრი – სალხინო), ხაშუფსეს, ხეივნის, ხოლოდნაია-რეჩკის (ცენტრი – ორეხოვო).

ისტორიული ცნობა. გაგრის ტერიტ. უძველესი დროიდან I ს-მდე ეგრისში შედიოდა. II–III სს-იდან ეს მხარე თანდათანობით აბაზგები|აბაზგებმა დაიკავეს. VI ს-ში იგი აბაზგიის (აფხაზთა) სამთავროს ეკუთვნოდა და ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII ს. დასასრულიდან „აფხაზთა სამეფოში“, ხოლო X ს. დასასრულიდან ერთიანი საქართვ. სამეფოში იყო. საქართვ. ერთიანობის ხანაში ამ ტერიტორიას აფხაზეთის ერისთავები განაგებდნენ, XVII ს. დასაწყისიდან აფხაზეთის სამთავროში შედიოდა. 1864 აფხ. სამთავროს გაუქმების შემდეგ გაგრის ტერიტ. ქუთაისის გუბ. სოხუმის ოლქში გაერთიანდა. 1904 გაგრის ტერიტ. დიდი ნაწილი სოხუმის ოლქს ჩამოაშორეს და შავიზღვისპირეთის გუბერნიას შეუერთეს. აღნიშნული ტერიტ. საქართველოს დაუბრუნდა საქართვ. დემოკრ. რესპ. შექმნის (1918) შემდეგ.

1921–30 ახლანდ. გ. ზ-ის ტერიტ. შედიოდა საქართვ. ფარგლებში შექმნილ აფხ. სსრ-ში გაგრის მაზრის სახელწოდებით, 1931-იდან აფხ. ასსრ გაგრის რ-ნი იყო, 1963–64 შეუერთდა გუდაუთის რ-ნს, 1965-იდან გამოიყო ახლანდ. საზღვრებში.

ბუნება. გ. მ-ში მთებს და გორაკ-ბორცვებს უჭირავს 80%, ვაკე-დაბლობს – 20%. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია გაგრის ქედი და მისი განშტოებები – არაბიკის, აგეფსთის, ახაგის, ბერჭილისა და მამძიშხის ქედები. უმაღლესი წერტილია მწვ. აგეფსთა (3257 მ). ქედების თხემებზე ალპ. ტიპის რელიეფია. ტერიტ. მთიანი ნაწილი აგებულია უმთავრესად ცარცული და იურული კირქვებით, მერგელებით, შუაიურული პორფირიტებით, ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით, სანაპირო დაბლობი –ზღვიური და კონტინენტური მეოთხეული ნალექებით. ფართოდ არის გავრცელებული კარსტული რელიეფის ზედაპირული (ძაბრები, დოლინები და სხვ.) და მიწისქვეშა (ჭები, უფსკრულები, მღვიმეები და სხვ.) ფორმები. გ. მ-ის სამხრ. ნაწილში ბიჭვინთისა და ლესელიძის ვაკე-დაბლობებია. სანაპირო ზოლში შეჭრილია გაგრისა და ბიჭვინთის უბეები. პლაჟები ქვიშიანია, გაგრასთან – ვიწრო, სოფ. ლესელიძესა და დაბა ბიჭვინთასთან – განიერი. უმთავრესი წიაღისეულია ტორფი (ბიჭვინთის მიდამოებში), საშენი მასალა (კირქვა, მერგელი, თიხა, ფიქალი და სხვ.), არის აგრეთვე ლითოგრაფიული ქვა, ბარიტი და სხვ. გაგრის მიდამოებში თერმული მინერ. წყაროა.

ჰავა. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. დაბალ ზონაში იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღლა ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ჰავაა. საშ. წლ. ტემპ-რა გაგრაში 14,1ºC, გაგრის ქედზე 5,8ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა, შესაბამისად, 6,2ºC და –,9ºC, აგვ. 24,5ºC და 14,9ºC; აბსოლ. მინ. –11 და –28ºC, აბსოლ. მაქს. 39 და 30ºC. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა სანაპიროზე 300 დღეს აღემატება, მთებში კი 180-ზე ნაკლებია. სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით იცვლება ატმ. ნალექების საშ. წლ. რაოდენობაც: გაგრაში – 1340 მმ, გაგრის ქედზე – 1740 მმ, მაღალმთიან ზონაში – კიდევ უფრო მეტი.

მდინარეთა ქსელი კირქვების ფართოდ გავრცელების გამო სუსტადაა განვითარებული. ტერიტ. საზღვრის გასწვრივ მიედინება მდ-ები ფსოუ და ბზიფი. მდინარეთა უმრავლესობა კარსტულია, მ. შ. აღსანიშნავია ფხისთა, ხაშუფსე, სანდრიფში, ჟოეკვარა (ჟვავიაკვარა), გაგრიფში და სხვ. გორაკ-ბორცვიან ზოლში და სანაპიროზე გამოდის მრავალი კარსტული წყარო, მათგან იწყება პატარა მდ-ები: რეპროა, ახიხამცა, ბეგერეფსთა და სხვ. კარსტული წარმოშობისაა ცისფერი ტბა (ბზიფის ხეობაში). ბიჭვინთის დაბლობზე არის პატარა ტბა ინკითი.

სანაპირო დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში ალუვიური, ტორფიან-ჭაობიანი, სუბტროპ. ეწერი და ყვითელმიწა ნიადაგებია; უფრო მაღლა – კორდიან-კარბონატული, რ-საც ზემოთ ცვლის ტყის ყომრალი ნიადაგი. 1800 – 1900 მ ზემოთ მთის მდელოს ნიადაგია.

ბიჭვინთის კონცხზე, ზღვის ნაპირას, რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვის ტყეა. 900 მ სიმაღლემდე ფართოფოთლოვანი კოლხური ტყეებია (მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი და სხვ.) მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი, ბაძგი, ბზა და სხვ.), 900 – 1200 მ-ზე შერეული ტყის ზონაა (წიფელი, ნაძვი და სოჭი), 1200–1800 მ ფარგლებში ბატონობს სოჭი. 1800 მ-იდან 2300–2400 მ-მდე სუბალპ. ლიხი და მდელოებია, უფრო ზემოთ – ალპ. მდელოები.

სანაპირო დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში ცხოველთა სამყარო გაღარიბებულია. ტყის ზონაში ბინადრობენ მურა დათვი, მგელი, ტურა, ტყის კატა, კვერნა, დედოფალა, მაჩვი, გარეული ღორი, ევროპული შველი, ძილგუდა, წყლის მემინდვრია, შავი და რუხი ვირთაგვა; ფრინველებიდან გავრცელებულია ნიბლია, ჩიტბატონა, წივწივა, წიწკანა, სტვენია, შაშვი, კოდალა, ჩხიკვი და სხვ.; ქვეწარმავლებიდან – კავკასიური გველგესლა, ხვლიკი და სხვ. მდ-ებში იცის წვერა, ფრიტა, ტობი, ზემო დინებაში – კალმახი.

ძირითადი ლანდშაფტები: 1. ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპ. ეწერი ნიადაგებით, სანაპირო დიუნებით, რელიქტური ფიჭვნარის კორომითა და ლაფნარ-მურყნიანი ჭალებით; 2. ბორცვიან-ტერასული მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, ყვითელმიწა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით; 3. კარსტული დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარით, კორდიან-კარბონატული ნიადაგით; 4. საშუალმთის ტყის ლანდშაფტი წიფლნარითა და წიფლნარ-მუქწიწვოვნებით, კორდიან-კარბონატული, ტიპური და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით (ზოგან კარსტული ლანდშაფტი); 5. მთა-მდელოს (სუბალპ. და ალპ.) ლანდშაფტი სუბალპ. ტყე-მდელოსა და ალპ. მდელოს მცენარეულობით, მთის მდელოს და ტორფიან-კარბონატული ნიადაგებით (ზოგან კარსტული).

გ. მ-ის ტერიტორიაზეა ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი.

მოსახლეობა. 1989 აღწერით გ. მ-ში ცხოვრობდნენ აფხაზები (9,1%), ქართველები (28%), სომხები, რუსები, აგრეთვე უკრაინელები, ბერძნები, ბელორუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 200 მ-მდე. საშ. სიმჭიდროვე – 106 კაცი 1 კმ²-ზე. ბუნებრივი მატება ყოველ 1000 კაცზე – 5,1 კაცი. მუნიციპ. მთელი მოსახლ. 55,5% ცხოვრობდა ქალაქში.

მეურნეობა. გ. ზ. მეთამბაქოეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, კვების, საშენ მასალათა, ხე-ტყის მრეწვ. და საკურორტო მეურნ. მძლავრი რ-ნი იყო. კვების, ხე-ტყისა და საშენ მასალათა მრეწვ. საწარმოთა უმრავლესობა განლაგებული იყო სოფლებში, ნედლეულის წყაროებთან ახლოს. მთავარი საწარმოები: თამბაქოს საფერმენტაციო და საკონსერვო ქ-ნები (განთიადი), მეცხოველეობის მეურნეობა-კომპლექსი (ბზიფი), ხორცკომბინატი, რძის, უალკოჰოლო სასმელების (გაგრა) ღვინის (განთიადი), პურისა და თევზის (ბიჭვინთა) ქ-ნები; ხის დასამუშ. კომბინატი და რკინაბეტონის კონსტრუქციების ქ-ნა (ბზიფი).

მეურნ. საერთო კომპლექსში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნოდა სოფ. მეურნეობას. 17,9 ათ. ჰა (მუნიციპ. მთელი ფართ. 23,2%) ეჭირა სას.-სამ. სავარგულს.

სოფ. მეურნ. მთავარი დარგი იყო მიწათმოქმედება. მეთამბაქოეობას მისდევდნენ როგორც გორაკ-ბორცვიან (დაბა ბზიფი, სოფლები: ლესელიძე, ხეივანი, ალახაძი), ისე დაბალმთიან ზონაში (სოფლები: მიქელრიფში, ბაღნარი, მეხადირი, ხაშუფსე და სხვ.). მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აგრეთვე მეციტრუსეობა, მებაღეობა და მევენახეობა. შავი ქლიავის ბაღები იყო ლესელიძეში, სალმეში, სულევოში, ვენახს დიდი ფართობი ეჭირა ლესელიძეში, განთიადში, ოტრადნოესა (1955-მდე სიხარული) და სხვ. მისდევდნენ მებოსტნეობას, თესავდნენ საკვებ კულტურებს. განვითარებული იყო მეცხოველეობა, განსაკუთრებით მეფრინველეობა (ბიჭვინთის მეფრინველეობის ფერმა-ქ-ნა), მეფუტკრეობა.

გ. მ-ის ტერიტორიაზე გადის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალი და შავიზღვისპირა საავტ. გზატკეცილი. რესპ. მნიშვნელობის გზაა ლესელიძე – სალხინო. ზაფხულში, საკურორტო-ტურისტულ სეზონში, მოქმედებდა ადგილ. საზღვ. ხაზი, ნავმისადგომები გაგრასა და განთიადში. ადგილ. მნიშვნელობის საავტ. გზების სიგრძე – 182,1 კმ.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. 1990 გ. მ-ში იყო 31 სკოლამდელი დაწესებულება, ყველა სახის 42 ზოგადსაგანმან. სკოლა (12,7 ათ. მოსწ.), 40 ბ-კა, 2 მუზეუმი, 126 საკლუბო დაწესებულება. გაზეთები. რადიოფიცირება, ტელეგადაცემები. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა 3 საავადმყოფო (410 საწოლი), კლიმ.-ბალნეოლ. სარეაბილიტაციო ცენტრი, 279 ექიმი, 736 საშ. მედმუშაკი, 12 სანატორიუმი, 12 დასასვენებელი სახლი, 9 პანსიონატი, გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სპორტბაზა, ტურბაზა.

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. გ. მ-ის ტერიტორიაზე მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: გაგრისა და განთიადის ეკლესიები, ბიჭვინთის ტაძრისა და ბზიფის ხუროთმოძღვრული კომპლექსები, შუა საუკ. ციხე „სამების კარი“ სულევოს მახლობლად, გაგრის ციხე.

გ. მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

შ. ლაშხია

ა. ცინცაძე

თ. ბერაძე