ბესარიონი

ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) (გ. 1737), აღმ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1723 და 1725–37, სას. მწერალი, გადამწერ-კალიგრაფი, წიგნების შემკაზმავი;

ბარათაშვილთა მსხვილი სათავადო სახლის განაყოფი შტოს წარმომადგენელი, ბეჟანის ძე. ბ. ცხოვრობდა ყიზილბაშ და ოსმალ დამპყრობელთა ბატონობის მძიმე პერიოდში, რაც გარკვეულად აისახა მის პოლიტ. და ლიტ. მოღვაწეობაში.

1723, როცა თბილისში ოსმალების შემოსვლის გამო კათალიკოსი დომენტი ლორეს ციხეში გაიხიზნა, ქართლის გამგებელმა იესემ ახ. კათოლიკოსად ბ. დასვა; ოსმალებმა დომენტი მალე დააბრუნეს კათალიკოსად, ამიტომ ბ. მხოლოდ 1725 მარტიდან შეუდგა მართვას, რა დროიდანაც კათალიკოსი დომენტი ოსმალეთში გაემგზავრა. ბ. იმ პატრიოტ-პოლიტიკოსთა წრეს ეკუთვნოდა, რ-იც ენერგიულად ეძიებდა ოსმალთა უღლისაგან საქართველოს გამოხსნის გზას: ასტრახანში მყოფ მეფე ვახტანგ VI-დმი 1733 მიწერილ წერილში ბ. დაჟინებით სთხოვდა მეფეს თუნდაც რუს. ჯარის გარეშე ჩამოსულიყო საქართველოში და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. ბ-ის აზრით, შექმნილი საგარეო და საშინაო სიტუაციის ხელსაყრელობა საშუალებას მისცემდა ვახტანგს თანხმობით ემართა სახელმწიფო და თან ქართლის ძვ. პოლიტ. საზღვრებიც შემოეერთებინა, ხოლო სპარსეთი და ოსმალეთი, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. თუ ეს ასე არ მოხდებოდა, ქვეყნისათვის უარესი შედეგისათვის ბ. მკაცრ პასუხისმგებლობას პირადად ვახტანგს აკისრებდა. კათალიკოსად დადგენამდე ბ. იყო დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მონაზონი. იგი აქაური ლიტ. სკოლის აქტ. წევრი გახდა. მის მიერ აქ შექმნილი ორიგინ. თუ გადაწერილი ნაშრომები ემსახურებოდა შერყეული ქართ. ქრისტიანობის აღდგენასა და ქართ. ეროვნ. შეგნების განმტკიცებას, რაც მაშინ დავითგარეჯის სალიტ. ცენტრის მთავარ მიმართულებას შეადგენდა.

ბ-მა შეავსო და გადაამუშავა დომენტი კათალიკოსის მეთაურობით 1710–13 შედგენილი „ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული“, რ-შიც ჩართო თავისი ორიგინ. თხზულებანი ‒ წმინდა მოწამეებად შერაცხილი არჩილის, მეფე ლუარსაბის, რაჟდენ პირველმოწამის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების, ისე წილკნელის ცხოვრება-წამებანი; აგრეთვე საგალობლები (რაჟდენ პირველმოწამის, ისე წილკნელის, სვეტიცხოვლისა).

ბ-ს ეკუთვნის ანტიკათოლ. პოლემიკური თხზულება „გრდემლი“ ‒ პირველი ოფიციალური თხზულება, მიმართული კათოლიკობისა და რომის ეკლესიის წინააღმდეგ. მოღწეულია ორი რედაქციით (მოკლე და ვრცელი). ბ-მა რუს. პროლოგ-სვინაქსარის და რუს. ტიპიკონის მიხედვით შეადგინა ქართ. სადღესასწაულოს ახ. რედაქცია, რითაც გაემიჯნა ადრე მოქმედ ტრადიციულ სადღესასწაულოს. ქართ. ეკლესიამ არ მიიღო ბ-ის ნაშრომი, მას მხოლოდ თითო-ოროლა გამგრძელებელი აღმოაჩნდა (დონეტი კათალიკოსი, ეფთვიმე ბარათაშვილი და სხვ.).

თხზ.: გრდემლი, თბ., 2013.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მისივე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1966; ქ ა ვ თ ა რ ი ა  მ., ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1959, ტ. 1; მისივე, ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან. XVII–XVIII სს., თბ., 1977.

ბ. ლომინაძე

მ. ქავთარია