ბესთაუთი გიორგი გიორგის ძე (5. V. 1932, სოფ. გოგიანთკარი, გორის მუნიციპ-ი, ‒ 30. VII. 1978), ოსი პოეტი.
დაამთავრა თსუ (1957). ლექსებს აქვეყნებდა 1952-იდან ჯერ ქართულ, შემდეგ ოსურ ენებზე. ლექსების პირველი წიგნი „გრიგალი“ 1958 გამოსცა. ავტორია კრებულებისა: „სიცოცხლის სიხარული“ (1962), „ღამე და დღე“ (1966). ქართ. ენაზე გამოვიდა მისი კრებულები „გული მართალი“ (1964) და „ლექსები“ (1970), რ-ებშიც შედის ქართულად დაწერილი ლექსებიც.
ბ-მა ქართულად თარგმნა კ. ხეთაგუროვის ლექსები და პოემა „სასაფლაოზე“, ოსურად ‒ ვეფხისტყაოსანი (თარგმნილია სრულად, ნაწყვეტები გამოქვეყნებულია ჟურნ. „ფიდიუაგში“, 1966, №№ 3, 5, 7 – 9 და ჩრდ. ოსეთის ლიტ. ჟურნ. „მახ დუგში“, 1970, № 8), ნ. ბარათაშვილის ლექსები და პოემა, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ე. ნინოშვილის, ი. აბაშიძის, კ. ლორთქიფანიძისა და სხვ. ნაწარმოებები.