ბიზანტია

ბიზანტია, ბიზანტიის იმპერია, სახელმწიფო, რ-იც წარმოიქმნა IV ს-ში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ მის აღმოსავლეთ ნაწილში (ამიტომ იწოდებოდა იგი აღმოსავლეთ რომის იმპერიადაც).

სახელწოდება „ბიზანტია“ წარმოდგა ძვ. ბერძნული კოლონიის – ბიზანტიონისაგან, სადაც რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა გადმოიტანა იმპერიის დედაქალაქი და უწოდა კონსტანტინოპოლი. თვით ბიზანტიელები თავის ქვეყანას „რომს“ უწოდებდნენ, თავის თავს კი „რომაელებს“. ბ. მას გვიან უწოდეს, აღორძინების ეპოქაში, იმპერიის დაცემის შემდეგ. ბ-მ იარსება 1453-მდე, თურქ-ოსმალთაგან განადგურებამდე.

ბ. მოიცავდა რომის იმპერიის აღმ. პროვინციებს – ბალკანეთს, მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, ეგვიპტეს. მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო, სახელმწ. ენა – VI ს-მდე ლათინური, VII ს-იდან – ბერძნული. რომის აღმ. პროვინციების შედარებითმა ეკონომიკურმა სიმყარემ, ქალაქური ცხოვრებისა და საერთაშ. ვაჭრობის მაღალმა დონემ განაპირობა მისი გადარჩენა ბარბაროსულ ტომთა შემოსევების დროს და არსებობის შენარჩუნება დას. რომის იმპერიის მოსპობის შემდეგ კიდევ 1000 წლის მანძილზე.

ბ. პოლიტ. ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი წყობის თვალსაზრისით რომის იმპერიის მემკვიდრე იყო. ამასთან, მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებდა აღმოსავლური ელემენტები. ბ. საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა მართლმადიდებლური ქრისტიანობის ბურჯს, ქრისტ. ქვეყნების დასაყრდენს აღმოსავლეთში და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ძალას. არსებობის მთელ მანძილზე ბ-ს უახლოესი ურთიერთკავშირი ჰქონდა საქართველოსთან ცხოვრების ყველა სფეროში. იგი სამხრ.-დასავლეთიდან უშუალოდ ემეზობლებოდა საქართველოს, ხოლო დას. საქართველო IV – VI სს-ში მისი ვასალური ქვეყანა იყო, VI – VIII სს-ში კი უშუალოდ შედიოდა იმპერიის შემადგენლობაში. XI ს. დასაწყისამდე ბ-ის ვასალურ მხარედ ითვლებოდა სამხრ.-დას. საქართველო (ტაო-კლარჯეთი, სამცხე). ბ-ის გზით შემოვიდა და დამკვიდრდა საქართველოში ქრისტიანობა, ქართ. ეკლესიები თავდაპირველად ბიზანტიურ საპატრიარქოებს ექვემდებარებოდნენ: ქართლის ეკლესია V ს. 70-იან წლებამდე ანტიოქიის პატრიარქის სამწყსოში შედიოდა, ეგრისის (ლაზიკის) მიტროპოლიტი კონსტანტინოპოლის ქვეშევრდომი იყო IX ს-მდე. ეგრისის ხელისუფალნი ცდილობდნენ ბ-ის დაქვემდებარებიდან გამოსულიყვნენ და ეს სცადეს კიდეც V ს. 60 – 70-იან წლებში (იხ. გუბაზ I), ხოლო VI ს-ში, როდესაც ეგრისი ბ-სა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად იქცა (527 – 562), ეგრისის მეფე აქტიურად მონაწილეობდა ამ ომში და ცდილობდა გამოეყენებინა ორი დიდი სახელმწიფოს ქიშპობა საკუთარი ინტერესებისათვის (იხ. გუბაზ II, ეგრისის დიდი ომი 542 – 562). ბოლოს, 562 დადებული ზავით, ეგრისი ბ-ს დარჩა, მალე იმპერატორმა აქ მეფობა გააუქმა და ეგრისი და აფხაზეთი, როგორც ორი პროვინცია, უშუალოდ ბ-ის პროვინციულ მმართველობას დაუქვემდებარა. ბ-ს ექვემდებარებოდა აგრეთვე სამხრეთ-დას. საქართველოს ცალკეული ოლქები (სპერი, ბასიანი, ტაო, კლარჯეთი), სანამ მას არაბები დაიპყრობდნენ. VIII ს. ბოლოს ბ-ს აუჯანყდა აფხაზთა ერისთავი ლეონ II. მან თავისი ძალაუფლება განავრცო მთელ დას. საქართველოზე და შექმნა ბ-გან სრულიად დამოუკიდებელი „აფხაზთა სამეფო“. IX ს-ში დას. საქართველო ეკლესიურადაც გამოეყო კონსტანტინოპოლს. ამავე პერიოდში ბ-მ გარკვეული გავლენა შეინარჩუნა ტაო-კლარჯეთის სამთავროში, სადაც ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლები საიმპერატორო კარის მაღალი რანგის ტიტულებს (მაგისტორის, ანთიპატოსი, პატრიკიოსი) ატარებდნენ, ხოლო ამ გვარის უფროს წევრს კურაპალატის უმაღლესი ხარისხის ტიტული ჰქონდა. აღმ. საქართველოში ბ-ის პოლიტ. გავლენა სუსტი იყო, აქ ჯერ სასანური ირანი, შემდეგ არაბები ბატონობდნენ. მხოლოდ VII ს. 20 – 30 წლებში შეძლო იმპ. ჰერაკლემ ქართლის დროებითი განთავისუფლება ირანისგან და იგი თავის გავლენას დაუქვემდებარა (იხ. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობები საქართველოში).

ამ პერიოდში ქართველები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის შიდაპოლიტ. ცხოვრებაში, ეკავათ მაღალი სამხედრო თანამდებობები. X ს-ში ტაოს მმართველმა დავით III-მ დიდი დახმარება გაუწია ბ-ის ხელისუფლებას დიდი ფეოდალის ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში, რის სანაცვლოდაც მიიღო ვრცელი სამფლობელოები. XI ს-იდან ბ-ის ხელისუფლებამ საკმაოდ აქტიური ბრძოლა დაიწყო გაერთიანებული საქართველოს წინააღმდეგ (იხ. საქართველო-ბიზანტიის ომები XI საუკუნეში). ბ-ს ხელს არ აძლევდა ერთიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს შექმნა, იგი ცდილობდა სამხრ. კავკასიაში თავისი დაკარგული გავლენის აღდგენას, საქართველოს ტახტზე თავისი ერთგული პირების დასმას. ამ მიზნის მისაღწევად ბ-ის ხელისუფალნი მიმართავდნენ პოლიტ. ინტრიგებს, ქართველ დიდებულებს თავის მხარეზე იბირებდნენ, დიდ თანამდებობებს და ტიტულებს ურიგებდნენ. XI ს. 70-იანი წლებიდან ბ-ისა და საქართველოს ურთიერთობა არსებითად შეიცვალა და ძირითადად მეგობრული გახდა. წინა აზიაში თურქ-სელჩუკთა შემოსევამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ბ-ის იმპერია და ხელი ააღებინა აქტიურ აღმოსავლურ პოლიტიკაზე. ეს ურთიერთობა უცვლელი რჩებოდა კომნენოსთა დინასტიის მმართველობის დასასრულამდე (XII ს. 80-იანი წლები). ერთიანი საქართველოს მეფეები ფორმალურად კვლავ ბ-ის ვასალებად რჩებოდნენ და ბიზანტიურ სამოხელეო ტიტულებს ატარებდნენ. პირველად დავით აღმაშენებელმა თქვა უარი ბიზანტიურ ტიტულზე და მას შემდეგ ქართველ მეფეებს იგი აღარ გაუკარებიათ. 1204 საქართვ. მეფემ თამარმა ჯარი გაგზავნა მოსაზღვრე ბ-ის იმპერიის ოლქში (ქალდეის თემში), რ-იც ქართველური ტომით – ჭანებით (ლაზებით) იყო დასახლებული. საქართველოს მხედრობამ აიღო ზღვისპირა ქ-ები, ჩამოართვა ეს ოლქი ბიზანტიას და ცალკე სამეფო (ე. წ. ტრაპიზონის იმპერია) შექმნა, რ-ის სათავეში საქართვ. სამეფო კარზე აღზრდილი უფლისწული ალექსი I კომნენოსი დააყენა. საქართველოს პოლიტ. ჰეგემონობის ქვეშ მყოფი ტრაპიზონის სამეფო გახდა შავი ზღვის სამხრ. სანაპიროზე და საერთოდ მცირე აზიაში საქართველოს პოლიტ. გავლენის გამტარებელი.

1204 კონსტანტინოპოლი აიღეს ჯვაროსნებმა (იხ. ჯვაროსანთა ლაშქრობები), რის შემდეგაც ბ-ის იმპერიამ დროებით შეწყვიტა არსებობა – რამდენიმე დამოუკიდებელ სამეფოდ („იმპერიად“) დაიშალა. 1261 იგი აღდგა, მაგრამ შემდეგაც პატარა ფეოდ. სახელმწიფოს წარმოადგენდა, რ-იც ამასთანავე შინაომებით კიდევ უფრო სუსტდებოდა. XIV ს. დასაწყისში თურქ-ოსმალებმა დაიწყეს შეტევა ბ-ზე, თანდათან დაიპყრეს მცირე აზიაში მისი სამფლობელოები და ბალკანეთის ნახევარკუნძული.

1453 ოსმალებმა უშუალოდ ბ-ის ცენტრს შეუტიეს და ორთვიანი ალყის შემდეგ, 29 მაისს, კონსტანტინოპოლი აიღეს, რის შედეგადაც ბ-ის იმპერიამ შეწყვიტა არსებობა. 1461 მათვე დაიპყრეს ტრაპიზონის იმპერია. ამ მოვლენებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის. მიუხედავად ბ-ის იმპერიის დასუსტებისა და დამცრობისა, იგი მაინც რჩებოდა მართლმადიდებელი სამყაროს და საერთოდ ქრისტიანობის თავისებურ ბურჯად აღმოსავლეთში.

ახლა საქართველო პირისპირ დარჩა ისლამური გარემოცვის წინაშე. სანამ კონსტანტინოპოლი ბერძენთა ხელში იყო, საქართველო მისი მეშვეობით დასავლეთს უკავშირდებოდა, ახლა კი მას მოეჭრა დასავლეთთან ეკონ. და კულტ. ურთიერთობის უმოკლესი გზა. ბიზანტიასთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტ., ეკონ. და განსაკუთრებით კულტ. განვითარებაზე. ბ-თან პოლიტ. დაპირისპირების პირობებშიაც არ წყდებოდა მის პროვინციებთან სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობა და კულტ. კავშირები. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვნად მოქმედებდა საქართველოს სამეურნეო განვითარებაზე და მისი მუდმივი მასტიმულირებელი იყო. ბიზნატ. კულტურის ზეგავლენა ქართ. კულტურის ყველა სფეროზე უაღრესად დიდი იყო. ზოგიერთი დარგი (მაგ., ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ჰომილეტიკა და სხვ.) საერთოდ ბიზანტ. ლიტ-რის გავლენით ჩამოყალიბდა. უდიდესი იყო ბ-ის გავლენა ქართ. ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე.

ლიტ.: ბ ა დ რ ი ძ ე  შ., ბარდა სკლიაროსის აჯანყების ისტორიისათვის, «საისტორიო კრებული», 1973, [ტ.] 4; გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისთვის VI საუკუნეში, «თსუ შრომები», 1944, ტ. 26 B; კ ა ხ ა ძ ე  მ., ქართველები ბიზანტიის პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში, თბ., 1954; კ ო პ ა ლ ი ა ნ ი  ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970 – 1070 წლებში, თბ., 1969; ლ ო მ ო უ რ ი  ნ., საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში, თბ., 1989; მისივე, ირაკლი კეისრის ლაშქრობები ირანში და საქართველოში, კრ.: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბ., 1991; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი  ს., ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან, თბ., 1948; История Византии. В трех томах, М., 1967.

ნ. ლომოური