ბიზანტინოლოგია

ბიზანტინოლოგია, ბიზანტინისტიკა, ისტორიული მეცნიერების დარგი, რ-იც შეისწავლის ბიზანტიის ისტორიასა და კულტურას.

დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა XIX ს. II ნახევარში. დას. ევროპაში ბიზანტიით დაინტერესდნენ აღორძინების ხანიდან, ანტიკურობისადმი ინტერესის გაღვიძებასთან დაკავშირებით. XVI ს-იდან ბიზანტინოლოგიურმა კვლევა-ძიებამ წარმატებებს მიაღწია იტალიაში, გერმანიაში და განსაკუთრებით (XVII ს. დასასრულიდან) საფრანგეთში.

ბ. რუსეთში სწრაფად განვითარდა XIX ს. II ნახევარში. საქართველოში ბ. თბილისის უნ-ტის დაარსების (1918) შემდეგ განვითარდა. სპეც. ბიზანტინოლოგიური კვლევა-ძიება დაკავშირებულია გრ. წერეთლის სახელთან. მან დაამუშავა ბიზანტ. პალეოგრაფიის, ლიტ-რის საკითხები, მაგრამ ქართ. ბ-ის დამაარსებელი და სკოლის შემქმნელი არის ს. ყაუხჩიშვილი. მისი წვლილი საკუთრივ ბ-ში არის თვით ბიზანტინიზმის ცნების ახლებური განმარტება, ბიზანტ. ლიტ-რის ისტორიის პირველი და ერთადერთი კურსის შექმნა ყოფ. საბჭ. კავშირში, ქართ.-ბიზანტ. ურთიერთობათა შესწავლის საფუძვლების დამუშავება, საქართველოს შესახებ ბიზანტ. წყაროების რვატომიანი კორპუსის („გეორგიკა“) შექმნა. ბ. საქართველოში ქართველოლოგიურ მეცნიერებასთან მჭიდრო კონტაქტში ვითარდებოდა. ლიტ-რის დარგში ამ პრობლემას წარმატებით იკვლევდა კ. კეკელიძე, ფილოსოფიის დარგში ‒ შ. ნუცუბიძე. ქართული და აღმოსავლური ქრისტიანული ხელოვნების კარდინალური საკითხების შესწავლით გ. ჩუბინაშვილმა გამოავლინა მათი როლი ბიზანტ. ხელოვნების ჩამოყალიბებაში; ამავე მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს შ. ამირანაშვილს. ბ-ის პრობლემებს ამუშავებდნენ აგრეთვე ლ. მელიქსეთ-ბეგი, პ. ბერაძე.

უფროსი თაობის წარმომადგენელთა ეს მოღვაწეობა განაგრძეს მათმა მოწაფეებმა. ქართ. კულტურის პოზიციებიდან ბიზანტინოლოგიური კვლევა დღეს მიმდინარეობს საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა, ქართ. ლიტ-რის, ფილოსოფიის, ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტებში და თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიისა და საქართვ. ისტორიის კათედრებზე (ე. მეტრეველი, რ. მიმინოშვილი, გ. თევზაძე, ი. ლოლაშვილი, ა. გაწერელია, ე. ხინთიბაძე, გ. ალიბეგაშვილი, ლ. მენაბდე, ვ. კოპალიანი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.). მაგრამ ბიზანტინოლოგიური კვლევა ძირითადად მაინც მიმდინარეობდა უნ-ტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრასა და ჯერ საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტში, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში ს. ყაუხჩიშვილის მიერ დაარსებულ ბ-ის განყ-ბაში.

აქ მოღვაწეობდნენ ს. ყაუხჩიშვილის მოწაფეთა უფროსი თაობის წარმომადგენლები: ნ. კეჭაღმაძე, მ. კახაძე, ა. გამყრელიძე, რ-თაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზანტ. საზ. აზროვნების შესწავლაში, ბიზანტ. წყაროების ქართულად თარგმნა-გამოცემაში, საქართვ.-ბიზანტიის ურთიერთობის კვლევაში. მომდევნო თაობის წარმომადგენლები განაგრძობენ ამ ტრადიციას. აღსანიშნავია ბიზანტ. რომანის პრობლემების, ბიზანტ.-ქართ. ჰიმნოგრაფიის, საქართველო-ბიზანტიის კულტ. და პოლიტ. ურთიერთობათა ნაყოფიერი კვლევა (გ. გოზალიშვილი, ა. ალექსიძე, ლ. კვირიკაშვილი, ნ. ლომოური, ნ. მახარაძე და სხვ.).

დღეს ქართ. ბ-ის ძირთადი ცენტრია საქართვ. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ბ-ის განყ-ბა, სადაც იკვლევენ როგორც საკუთრივ ბიზანტ. ცივილიზაციას, ისე საქართვ.-ბიზანტ. ურთიერთობათა მრავალ ასპექტს. ქართვ. ბიზანტინოლოგთა სკოლამ საყოველთაო აღიარება პოვა საქართველოს გარეთ. ქართვ. მეცნიერები მონაწილეობდნენ ბიზანტინოლოგთა XIII (1966, ქ. ოქსფორდი), XIV (1971, ბუქარესტი), XV (1976, ათენი), XVI (1981, ვენა), XVII (1986, ვაშინგტონი), XVIII (1991, მოსკოვი) საერთაშ. კონგრესებში. 1965 თბილისში ჩატარდა ბიზანტინისტთა საკავშ. კონფერენცია, ხოლო 1979 ბიზანტინოლოგთა საერთაშ. სიმპოზიუმი. თბილ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ბ-ის განყ-ბამ 1978 ს. ყაუხჩიშვილის ხსოვნას მიუძღვნა „ბიზანტინოლოგიური ეტიუდები“.

ლიტ.: К е ч а к м а д з е  Н. Н., Византиноведение в Советской Грузии, «Византийский временник», 1959, т. 15; У р у ш а д з е  А. В., Классическая Филология и византиноведение в Советской Грузии, კრ.: Проблемы античной культуры, Тб., 1975.

ნ. ლომოური