ბიზანტიური ხელოვნება

ბიზანტიური ხელოვნება

არქიტექტურა.

ბიზანტიაში დიდი სამოქალაქო და თავდაცვითი მშენებლობა მიმდინარეობდა, მაგრამ მისი არქიტ. ისტორიისათვის თვალის გადევნება უკეთესად საეკლ. ნაგებობების მიხედვით ხერხდება.

თავდაპირველად უფრო გავრცელებული იყო ე. წ. ბაზილიკები, წაგრძელებული მოხაზულობის, სვეტების (ან ბურჯების) მწკრივებით სამ ან ხუთ ნავად დაყოფილი შენობები; IV – V სს-ში ისინი უფრო ხშირად ხით იყო გადახურული. თანადროულად იქმნებოდა ცენტრული, გეგმით რვაწახნაგა, ჯვრისებრი და მრგვალი ნაგებობებიც. VI ს-იდან ბიზანტიაში ბაზილიკურმა თემამ პირველობა გუმბათოვან არქიტექტურას დაუთმო. გუმბათი უპირატესად კვადრ. საფუძველზე იყო ამოყვანილი, რაც იწვევდა კვადრატის გუმბათის სიმრგვალესთან დასაკავშირებლად კუთხის შემავსებელი კონსტრუქციის შემუშავებას. ამისათვის უმთავრესად ე. წ. აფრა იხმარებოდა, ხოლო აღმოსავლეთში, მ. შ. საქართველოში – ტრომპი.

ბიზანტ. არქიტ. ისტორიის I პერიოდის (IV – VI სს.) მწვერვალია იმპ. იუსტინიანე I-ის მიერ კონსტანტინოპოლში აგებული წმ. სერგისა და ბაკქოსის, წმ. სოფიოს (532 – 537, არქიტექტორები ანთემიოს ტრალესელი და ისიდორე მილეტელი) და მათი მონათესავე სხვა ეკლესიები. ბიზანტ. არქიტექტურის I პერიოდი მხატვრული თვალსაზრისით გვიანდ. ანტ. ხელოვნების მონაპოვარს, კლასიკური ბერძნ.-რომაული ხუროთმოძღვრების მემკვიდრეობის გადამუშავებას ემყარება. ნიშანდობლივია ე. წ. „ორგარსიანი“, გარსშემოსავლელიანი გუმბათიანი ნაგებობები, სადაც ძირითად, გუმბათით დასრულებულ ოქტოგონალურ, სწორკუთხა ან ოთხაფსიდიან ბირთვს გარს არტყია ერთ ან ორსართულიანი, შუაგულთან თაღებით დაკავშირებული სივრცე. ამ კომპოზიციას მიმართეს VII ს. ქართველმა (ბანა) და სომეხმა (ზვართნოცი) მშენებლებმაც.

IV – VI სს. ბიზანტ. არქიტექტურა რეგიონალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იმპერიის დედაქალაქში, მცირე აზიის სანაპირო ოლქებში, საბერძნეთში, რავენაში მომრავლდა აგურის შენობები მდიდრულად (მოზაიკა, ნაირფერადი მარმარილო) შემკული ინტერიერებითა და სრულიად მოურთველი ან ნაკლებად დამუშავებული ფასადებით. აღმოსავლეთის რეგიონებში – პალესტინაში, სირიაში, მცირე აზიის შიდა მხარეებში თლილ ქვას იყენებდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა დეკორს და როგორც შიდა, ისე გარე დამუშავებას. ამ ქვეყნების არქიტექტურა უახლოვდება ამიერკავკასიისას, ზოგან კი, ისევე როგორც სომხეთსა და საქართველოში, სრულიად არ გამოიყენება ხის გადახურვა და ყველგან, უგამონაკლისოდ, თაღ-კამაროვანი კონსტრუქციები გვხვდება. VII – IX სს. ბიზანტ. არქიტექტურაში ძიების ხანაა. ამ დროის უმთავრესი ძეგლებიც ჯვარ-გუმბათოვანი სტრუქტურის სხვადასხვა ნაირსახეობას წარმოადგენს. IX ს. ბოლოდან წამყვანი გახდა ე. წ. „ჩახაზული ჯვრის“ ტიპი – გარედან სწოკუთხედში მოქცეული, გეგმით ჯვრისებრი ნაგებობა, რ-ის შუაგულში თავისუფლად მდგომ ოთხ ბოძზე (ან ორ ბოძსა და საკურთხევლის კუთხეებზე) დაყრდნობილი გუმბათია აღმართული, გუმბათქვეშა კვადრატის მხარეთა მომიჯნავე კამარები კი სივრცეში ჯვრის მოხაზულობას გამოსახავენ. ბიზანტიაში ცენტრ. გუმბათის გარდა ძალიან ხშირად კიდევ ოთხ მომცრო გუმბათსაც აშენებდნენ მკლავთაშორის სადგომთა თავზე. ამგვარი ეკლესიები ბიზანტიიდან სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც (სლავური ქვეყნები) გავრცელდა. საქართველოსა და სომხეთში ეს ტიპი ადრევე, VII ს-ში, იყო ცნობილი, მაგრამ აქაურსა და ბიზანტ. ნიმუშებს შორის პირდაპირი კავშირის დადგენა არ ხერხდება.

აღმოსავლური (შესაძლოა, ამიერკავკასიიდან მომდინარე) გავლენის კვალი იძებნება ე. წ. „რვასაყრდენიან ეკლესიებში“ – კედლების რვა გამონაშვერსა თუ მონაკვეთზე დაბჯენილი გუმბათი აქ ტრომპებზეა ამოყვანილი. ტრომპები კი უცნობია როგორც წინარე ხანის, ასევე ამ დროის სხვა სახის ბიზანტ. ტაძრებისათვის. ამ დროის არქიტექტურა ადრინდელისაგან მეტი აზიდულობით, აგებულების მეტი მკაფიოობით გამოირჩევა, მეტი გულისყურით მუშავდება ფასადები – კედლები და მეტწილად შვერილი აფსიდები თაღებითა და დეკორ. ნიშებით, ხოლო მაღალი გუმბათის ყელი – დეკორ. სვეტებზე გადაყვანილი თაღებით ირთვება. ხშირად მიმართავენ სახოვან წყობას შერეული მასალით, ქვისა და აგურის მონაცვლეობით. საერთო დეკორატიულობა კიდევ უფრო მატულობს ბიზანტ. ისტ. ბოლო, ე. წ. პალეოლოგოსთა პერიოდში. ამასთან. ფასადის პრობლემას აქ არასოდეს მიქცევია ისეთი ყურადღება, როგორც საქართველოში, სომხეთსა და დას. ევროპაში. საეკლ. ძეგლთა უმეტესი ნაწილის ტიპებით, პროპორციებით, ფასადთა დამუშავების კომპოზიციებითა და ქვაზე ნაკვეთი მდიდარი ორნამენტაციით ამდროინდელი ქართ. ხუროთმოძღვრება მკვეთრად განსხვავდება ბიზანტიურისაგან. ამასთანავე, ქართ. ეკლესიების უმეტესობა მასშტაბით საგრძნობლად სჭარბობს ბიზანტ. ეკლესიებს, კერძოდ, საბერძნეთის მიწა-წყალზე არსებულთ. საერო არქიტ. უმნიშვნელოვანესი ქმნილებები ბიზანტიის არქიტ. ჯერ კიდევ I პერიოდშია შექმნილი. შემორჩენილია აკვედუკი და კამაროვანი ცისტერნა კონსტანტინოპოლში, აგრეთვე ქალაქის კარიბჭეებიანი ზღუდე. აღწერებითა და არქეოლ. მონაცემებით ვიცნობთ იმპერატორთა უზარმაზარ სასახლეებსაც. სასახლეთა ხუროთმოძღვრების საგულისხმო მაგალითია ე. წ. თეოდორიხის სასახლე რავენაში (VIII ს.). აღსანიშნავია აგრეთვე XIII – XV სს. საცხოვრებელი არქიტ. ნიმუშები ქ. მისტრაში (საბერძნეთი – პელოპონესი) და XIV ს. ე. წ. ტექფურ-სარაი კონსტანტინოპოლში.

სახვითი ხელოვნება.

ბიზანტ. ხელოვნ. საფუძველს წარმოადგენს ადრინდ. ქრისტიანული ხელოვნება, რ-ის შემდგომი განვითარება განსაზღვრა ბიზანტიის იმპერიის შექმნამ და ქრისტიანობის ოფიციალურმა აღიარებამ IV ს-ში, იმპ. კონსტანტინეს დროს. ახალი ქრისტ. მსოფლმხედველობის ამოცანების შესაბამისად, ანტ.-ელინისტური ტრადიციების გადამუშავება და მათი შერწყმა აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნ. ტენდენციებთან შეადგენს როგორც ბიზანტიური, ისე საერთოდ აღმოსავლურქრისტიანული და, კერძოდ, ქართული ხელოვნ. ფორმირების არსს IV – VII სს-ში. აღმოსავლურქრისტიანული სახვითი ხელოვნ. შექმნაში სხვადასხვა ხალხს შეჰქონდა თავისი წვლილი, რის შედეგიცაა განსხვავებულ მიმართულებათა არსებობა. IV – VII სს-ში (ადრინდ. ბიზანტ. ხანა), განვითარების პროცესში, ხელოვნ. ყველა დარგში (სპილოს ძვლის და ლითონის რელიეფები, მოზაიკები, მონუმ. ფერწერა, ხატწერა, ხელნაწერთა მინიატიურები) აღინიშნება სივრცობრივი ილუზიონიზმის შესუსტება და გამოსახულების განყენებული ხასიათის ზრდა. თუმცა კონსტანტინოპოლთან, აგრეთვე ელინისტური კულტურის ძვ. ცენტრებთან დაკავშირებულ ნაწარმოებებში სიცოცხლეს ინარჩუნებენ ანტ. ფორმები (გალა პლაციდიას მავზოლეუმის – V., ნიკეის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის – VII ს. მოზაიკები, კასტელსეპრიოს ფრესკები – VII ს., დიოსკორიდის ხელნაწერი – VI ს., ბარბერინის დიპტიქონის რელიეფები – VI.). აღმოსავლური ტენდენციებისათვის დამახასიათებელია გამოსახულებათა სიბრტყობრივი, აბსტრ. ხასიათი, ექსპრესიულობის ხაზგასმა (სანტ-აპოლინარე ნუოვოს მოზაიკები, როსანოს კოდექსის მინიატიურები, მურანოს დიპტიქონის რელიეფები). VI – VII სს-ში ბიზანტ. სტილი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული. ფიგურათა დემატერიალიზაცია და სულიერი მხარის აქცენტირება ღვთაებრივი, ტრანსცენდენტური იდეის ასახვის ამოცანას ემსახურება. VI ს. – იუსტინიანეს მმართველობის დრო – ბიზანტ. ხელოვნ. ოქროს ხანად ითვლება (სან-ვიტალეს ეკლესიის მოზაიკები რავენაში). ქართ. ხელოვნება ძვ. ქრისტიანული ხელოვნ. განვითარების საერთო პროცესშია ჩართული, მაგრამ ამასთანავე თავისებურ მხატვრულ ფენომენს წარმოადგენს. ზოგადქრისტ. მოტივებისა და სიუჟეტების შემოქმედებითი გადამუშავება ძვ. ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე აისახა როგორც ქვის რელიეფურ ქანდაკებაში [ეკლესიის ფასადების (მცხეთის ჯვრის ტაძარი) და სტელების რელიეფები], ისე მონუმ. მხატვრობამ (წრომის მოზაიკა – VII ს.). ამ პერიოდში საქართველოს განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ჰქონდა აღმოსავლურ-ქრისტიანულ სამყაროსთან (სირია, პალესტინა, ეგვიპტე). VIII – IX სს-ში ბიზანტ. ხელოვნ. აღმავლობა შეაფერხა ხატმებრძოლობამ, რ-იც კრძალავდა ქრისტ. შინაარსის ფიგურებიან გამოსახულებათა შექმნას. ეს რელიგ. მოძრაობა საქართველოში არ გავრცელებულა. აქ VIII – IX სს. მანძილზე იქმნებოდა რელიგ. შინაარსის ფიგურებიანი გამოსახულებები და, ამრიგად, გრძელდებოდა ხელოვნების უწყვეტი განვითარება. შუა ბიზანტ. ხანა, განსაკუთრებით კი X – XI სს., კლასიკური ბიზანტ. ხელოვნ. აყვავების პერიოდია, რაზედაც მეტყველებს ხელნაწერთა მდიდრული გაფორმება, სპილოს ძვლის რელიეფები, ტიხრული მინანქრის ნაწარმოებები. მნიშვნელოვანი მონაპოვარია ელესიის მონუმ. დეკორის დასრულებული სისტემის ჩამოყალიბება, რ-იც გამოსახულებათა იერარქიული განაწილების პრინციპზეა აგებული (ფოკიდის წმ. ლუკას, ნეა მონის, დაფნის ეკლესიების XI ს. მოზაიკები). XII – XIII სს. მხატვრობის სისტემა უფრო დიფერენცირებული გახდა. გამოსახულებების დრამატულობის, ემოციურობის ხაზგასმაში მჟღავნდებოდა ახ. ტენდენციები (ნერეზის, სოპოჩანის, ბოიანას ეკლესიების ფრესკები). X ს. დასასრულიდან საქართველოს კულტ. ცხოვრებაში წინ წამოიწია ორიენტაციამ ბიზანტიაზე, კერძოდ კი კონსტანტინოპოლზე. სწრაფვა იქითკენ, რომ ხელოვნების ნაწარმოებები მხატვრული ღირსებით გატოლებოდნენ ბიზანტიურ მაგალითებს, ჩვენი ქვეყნის მაღალი კულტ. დონის მაჩვენებელი იყო. ეს მომენტი აისახა ქართ. პარადულ ხელნაწერთა მდიდრულ მხატვრულ გაფორმებაში [ალავერდის (XI ს.), გელათის (XII ს.) ოთხთავები], თუმცა მინიატიურულ მხატვრობაში კვლავაც იჩენდა თავს სპეციფ. თავისებურებანი (ზატიკი, ფრუჭის ოთხთავი – XII ს.). ქართულმა მონუმ. მხატვრობამ აითვისა შუაბიზანტიური დეკორის სისტემა, მაგრამ გადაამუშავა იგი ადგილ. ტრადიციების საფუძველზე (ყოვლისმპყრობლის გამოსახულების ნაცვლად სატრიუმფო ჯვარი ან „ჯვრის ამაღლება“ გუმბათში, ქრისტეს დიდება ან ვედრება საკურთხეველში და სხვ.). XI – XIII სს. ქართ. მხატვრობა გამოირჩევა მაღალი მხატვრული დონით (ატენის სიონის, ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის მოხატულობანი). მასში აისახა შუა საუკ. ხელოვნების პროგრ. ტენდენციები, მაგრამ ქართველ ოსტატთა შემოქმედება ამასთანავე მკაფიოდ გამოხატულ ეროვნ. ხასიათს ატარებდა. ბიზანტ. ხელოვნ. უკანასკნელი მნიშვნელოვანი პერიოდი მოიცავს 1261–1453 წლებს. ეს არის პალეოლოგოსთა ხელოვნება, რ-ისთვისაც დამახასიათებელია გარკვეული თავისუფლება რელიგ. სიუჟეტების გადმოცემაში (კაჰრიე-ჯამის მოზაიკები კონსტანტინოპოლში, მისტრის ძეგლები). პალეოლოგოსთა სტილმა ფართოდ მოიკიდა ფეხი ყველა იმ ქვეყანაში, რ-იც ბიზანტ. კულტურის სფეროსთან იყო დაკავშირებული (სერბია, ბულგარეთი, რუსეთი, საქართველო). XIV ს-ში ე. წ. პალეოლოგოსთა აღორძინებამ ქართულ კედლის მხატვრობაშიც შემოაღწია. სამეგრელოს მთავარმა ვამეყ დადიანმა კონსტანტინოპოლიდან მოიწვია მხატვარი კიარ მანუელ ევგენიკოსი, რ-მაც მოხატა წალენჯიხის ეკლესია. მაგრამ ძირითადად ამ პერიოდის მხატვრობაც ქართვ. მხატვართა შემოქმედების ნაყოფია (ხობის, უბისის, სორის მოხატულობანი). ბიზანტ. ხელოვნებამ საბოლოოდ ვერ გადალახა შუასაუკუნეობრივი მსოფლმხედველობის საზღვრები. პალეოლოგოსთა ხელოვნებაში გამომჟღავნებული ჰუმანისტური ტენდენციები XVI ს-ში გაძლიერებულმა მისტიკამ განდევნა. გვიანდ. ფეოდ. ხანის ბ. ხ. ტრად. ფორმების და ხერხების გამეორებით იფარგლებოდა, მას ახალი და მნიშვნელოვანი აღარაფერი შეუქმნია.

ლიტ.: Б е р и д з е  В. В., Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половины X в. До конца XIII века, Тб., 1976; Б р у н о в  Н. И., Очерки по истории архитектуры, т. 1 – 2, М. Л., 1935 – 37; Л а з а р е в  В. Н., История византийской живописи, т. 1 – 2, М., 1947 – 48; Ч у б и н а ш в и л и  Г. Н., К вопросу о национальной Форме в архитектуре прошлого, კრ.: Из истории средневекового искусства Грузии, М., 1990; D a l t o n  O. M., Byzantine art and archeology, N. Y., 1961; D e i c h m a n n  F. W., Einführung in die christliche archäologie, Darmsstadt 1983; M a n g o  G., Byzantine architecture, N. Y., 1974.

ნ. ალადაშვილი

დ. თუმანიშვილი

მუსიკა.

ბიზანტ. მუს. ტრადიციები, ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობის შესაბამისად, ჭრელი და მრავალფეროვანი იყო, თუმცა მთლიანობაში ეს ტრადიციები (რომაულ და ძველ ბერძნულთან ერთად) უფრო აღმოსავლურ, ე. წ. „ორიენტალურ“, მუს. ტრადიციებთან უნდა გაერთიანდეს. ბიზანტ. მუსიკის არსებით ნაწილს სირ., კოპტური, ებრ., სომხ., სპარს. ტრადიციები შეადგენდნენ მათთვის დამახასიათებელი კილოური სისტემით, ერთხმიანობით, უხვი ორნამენტიკით და ა. შ. ჩვენამდე ბიზანტიურმა მუსიკამ ძირითადად სასულიერო მუს. ძეგლების სახით მოაღწია (ცნობები ხალხ. მუსიკის შესახებ ძალზე ფრაგმენტულია). ხალხ. ტრადიციებისაგან განსხვავებით (სადაც ფართოდ გამოიყენებოდა მუს. საკრავები, მ. შ. ორგანის ადრეული სახეები), სას. მუსიკა წმინდა ვოკალური იყო. ძალზე მნიშვნელოვანია ბიზანტ. ნოტაციის საკითხი IV ს-ში შექმნილი არამუსიკალური (ეკფონეტიკური) სისტემა VIII ს-ში შეიცვალა ათენის მონასტერში დამუშავებული ნევმური დამწერლობით. არსებობს ბიზანტ.-ნევმური დამწერლობის 3 ტიპი: ადრინდ. ბიზანტიური (VIII – XII სს.), შუა ბიზანტიური (XII ს. დასასრ. – XV ს.) და გვიანდ. ბიზანტიური (XV – XIX სს. დასაწყ.). ბიზანტ.-ნევმური დამწერლობის 2 ტიპი (შუა და გვიანდ. ბიზანტიური) XX ს. 20 – 30-იან წლებში გაშიფრეს გ. ტოლიარდმა და ე. ველესმა. ადრინდ. ბიზანტიური კი დღემდე არ არის საბოლოოდ გაშიფრული. ბიზანტ. ნევმურ ნოტაციასთან (კერძოდ, მის ადრინდ. ბიზანტიურ ტიპთან), როგორც ჩანს, დაკავშირებული უნდა იყოს ქართ. შუა საუკუნეების მუს.დამწერლობის სისტემა. ბიზანტიურმა სას. მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა მთელი ქრისტიანული სამყაროს და მ. შ. ქართ. საეკლესიო ღვთისმსახურების სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გავლენა საშემსრულებლო ფორმების მხრივ სრულიად აშკარაა, უშუალოდ მუს. სფეროში ძალზე რთულია მისი რაიმე სერიოზული ნაკვალევის აღმოჩენა ქართ. საეკლესიო მუსიკაში. ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი მსგავსი ზეგავლენისა, როგორც ჩანს, ბიზანტ. და ქართ. მუსიკალური აზროვნების სისტემებს შორის არსებული განსხვავება იყო (ბიზანტ. მუსიკა თავისი არსით ერთხმიანი იყო, ქართული კი – მრავალხმიანი).

ქართ. მეცნიერებაში არაერთხელ აღნიშნულა, რომ ღვთისმსახურების კანონიკური ფორმების შემოტანასთან ერთად ალბათ შესაბამისი ბიზანტ. მელოდიების შემოტანასაც ცდილობდნენ. ამაზე მეტყველებს, მაგ., არსენ ბერის (იყალთოელის) ანდერძი, სადაც საუბარია ანდრია კრეტელის საგალობლების თარგმანის რამდენიმე ვარიანტზე და სადაც სპეციალურადაა საუბარი თარგმანში ხმისა და ძლისპირის (ან მუს. მელოდიურიკომპონენტების) შენარჩუნების აუცილებლობაზე ქართ. ღვთისმსახურებაში. როგორც ჩანს, ხდებოდა ბიზანტ. ერთხმიანი მელოდიების გამრავალხმიანება, რასაც სპეციალურად მომზადებული, საკომპოზიტორო ნიჭით დაჯილდოებული პირები (ხელოვანთმთავრები) ახორციელებდნენ. ქართ. საეკლესიო მუსიკის კვლევაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებული შეზღუდვების გამო ბიზანტიურ-ქართული მუს. ტრადიციების ურთიერთობის მრავალი კარდინალური საკითხი ჯერჯერობით სრულიად შეუსწავლელია.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული მუსიკის ძირითადი საკითხები, თბ., 1938; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ე., ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, თბ., 1971; ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ზ., ლიტერატურისმცოდნეობა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა, თარგმანი, თბ., 1993.

ი. ჟორდანია