ბისონი

ბისონი (ბერძნ. byssos < სემიტ. ბუც), ძველი და ახალი აღთქმის წიგნების მიხედვით თეთრი ან სხვადასხვაფრად შეღებილი (მეწამული, მუქი წითელი, იისფერი, ყვითელი და სხვ.) ძვირფასი ქსოვილი.

ბ. ეწოდებოდა ამავე ქსოვილისაგან დამზადებულ სამოსსაც. ძვ. ებრაელთა შორის და ეგვიპტეში იგი ეცვათ მდიდრებს, ხმარობდნენ მუმიების შესახვევად. ბ-ს ბიზანტ. იმპერიაში იცვამდნენ ბიზანტ. იმპერატორები და სახელმწიფოს საერო და საეკლ. მაღალი მოხელეები – პატრიარქები და ეპისკოპოსები. გვიანდ. ხანის ბიზანტიაში სამღვდელმთავრო ბ-ს მისი უფორმობის გამო „საკოსაც“ (ბერძნ. ტომარა) უწოდებდნენ. ეს სახელწ. შემოინახა რუს. ეკლესიამ.

ბ. საქართველოშიც სამეფო სამოსის შემადგენელი ნაწილი იყო. იგი ადრიდანვე ეცვათ ეკლესიის უმაღლეს საჭეთმპყრობლებს – კათალიკოს-პატრიარქებს. ეპისკოპოსებს „სამეუფეო ბისონით“ შემოსვის უფლება მხოლოდ XVIII ს-ში ებოძათ. კათალიკოსი ან ეპისკოპოსი ბ-ით იმოსება მხოლოდ მღვდელმსახურების დროს, მაგრამ მხარზე უსათუოდ შემოხვეული ან გადაფენილი აქვს ომფორი, როგორც წირვის შესრულების უფლების ნიშანი. ქართ. საერო და სას. ბ-ის შესახებ ცნობები მოიპოვება XI – XVIII სს. წერილობით წყაროებში. მისი გამოსახულება შემორჩენილია კედლის მხატვრობაში.

ბ-ის ქსოვილად ქართ. წყაროებში მოიხსენიება: სკარამანგი, ზეზი, ოქსინო, ოქროქსოვილი, სტავრა, დიბა და სხვ. ბ-ით შემოსვისას მისი ფერი და შემკულობა დამოკიდებულია წირვა-ლოცვის ხასიათზე, მაგ., აღდგომას იცვამენ თეთრ ბრწყინვალე ბ-ს, ვნების კვირაში – შავს და ა. შ.

ბ. ლომინაძე