ბიუშინგი (Büsching) ანტონ ფრიდრიხ (27. IX. 1724, შტუდჰაგენი, – 28. V. 1793, ბერლინი), გერმანელი თეოლოგიის პროფესორი და გეოგრაფი.
წლების განმავლობაში აგროვებდა მასალას ნაშრომისათვის „გეოგრაფიული აღწერილობა“, რ-ის 11 წიგნი თვითონ გამოსცა ჰამბურგში 1754–92. ნაშრომის სხვადასხვა წიგნში მიმოხილული აქვს კავკასია, ოსმალეთის იმპერია, სადაც ეხება საქართვ. გეოგრაფიას, ქართველთა ზნე-ჩვეულებებს.
ქართველთა შესახებ ცნობებს ვხვდებით ნაშრომის XI წიგნშიც („აზიის სხვადასხვა ქვეყანა“). ხშირად აქვეყნებდა ცნობებს კავკასიის ხალხებზე, კერძოდ, ქართველებზე, თავის ჟურნალებში „ახალი დროის ისტორიის და გეოგრაფიის ჟურნალი“ („Magazin für die Historie und Geographie der neueren Zeit”, Hamb. –Halle, 1767 – 88) და „ყოველკვირეული ცნობები“ („Wöchentliche Nachritchen von neuen Landkarten, geogr.-statistischen und historischen Büchern”, B., 1773 – 87).
ლიტ.: Neue Deutsche Biographie, B., 1957, Bd. 3, S. 3.
დ. კანდელაკი