ბიუჯეტი

ბიუჯეტი (ინგლ. budget, სიტყვასიტყვით – ტყავის პატარა ჩანთა), შემოსავალ-გასავლის ფინანსური გეგმა დროის გარკვეული მონაკვეთისათვის, ჩვეულებრივ ერთი წლით.

არსებობს სხვადასხვა სახის ბ. ოჯახის ან ფიზ. პირის, იურიდ. პირის ანუ მეწარმის და სახელმწიფოს ბ. ოჯახის ბ. შედგება ფულადი და არაფულადი შემოსავლებისაგან, რ-იც ნაწილდება ოჯახის წევრების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დანაზოგების შექმნისა და სესხის დაფარვისთვის. მის ძირითად წყაროს შეადგენს დასაქმებით მიღებული შემოსავალი, პენსია, სტიპენდია, სხვადასხვაგვარი დახმარება და საკუთარი ქონების განკარგვა.

იურიდ. პირის (მეწარმის) ბ. ასახავს დანახარჯებს ორგანიზაციის სამეწარმეო საქმიანობაზე და ფინანს. პასუხისმგებლობას მიღებულ შემოსავლებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მეწარმის ბ-ის ფორმირება ემყარება საქონლისა და მომსახურების წარმოებიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფინანს. და არაფინანს. აქტივების განკარგვას.

სახელმწიფო ბ. სახელმწიფოს ფინანს. სისტემის ძირითადი რგოლია. იგი არის გეგმა იმისა, თუ როგორ და რისთვის ხარჯავს მთავრობა ფულს ისეთი ფუნქციების განსახორციელებლად, როგორიცაა ქვეყნის თავდაცვა, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვა, წესრიგის დამყარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება და სხვ. მისი მეშვეობით სახელმწ. ზემოქმედებას ახდენს სოც.-ეკონ. და პოლიტ. პროცესებზე. ბ-ს აქტიურად იყენებენ სახელმწიფოს გრძელვადიანი პროგრამების დასაფინანსებლად და სამეცნ.-ტექ. პროგრესის სტიმულირებისათვის. ბ-ის ფორმირება ხდება უმთავრესად საგადასახადო მექანიზმის მეშვეობით .

სახელმწ. ბ-ის სტრუქტურას განაპირობებს ქვეყნის ადმ.-პოლიტ. წყობა, ეკონ. ხასიათი, თავისებურებები და მრავალი სხვა ფაქტორი. სახელმწიფოს სოც.-ეკონ. და პოლიტ. მიზნების შესაბამისად ყალიბდება ე.წ. სოციალური ბ., საგანგებო ბ. სამხედრო ბ., გენდერული ბ., მკაცრი ეკონომიის ბ., ლიბერალური ბ., და ა.შ., რ-ებიც გამოხატავენ განვითარების პრიორიტეტებს ამა თუ იმ პერიოდში. სახელმწიფო ბ-ის კლასიფიკაცია ეკონ. თვალსაზრისით გულისხმობს არაფინანსური და ფინანს. აქტივების ოპერაციებსა და ვალდებულებებს; ორგანიზაციული თვალსაზრისით ბ-ში მოცემულია მხარჯავი დაწესებულებები, მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები და პროგრამები, ქვეპროგრამები და პროგრამის ღონისძიებები; ფუნქციური თვალსაზრისით კი ბ-ში წარმოდგენილია სახელმწიფოს მიერ შესასრულებელი ფუნქციები. თუ ბ-ის შემოსავალი მთლიანად ფარავს გათვალისწინებულ ხარჯს, იგი დაბალანსებულია, ხოლო თუ ხარჯი სჭარბობს შემოსავალს, ბ. დეფიციტურია.

ჩვეულებრივ, დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობა სესხულობს ფულს. სახელმწ. ბ-ის დეფიციტურობა ინფლაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომწვევი ფაქტორია ‒ იგი იწვევს გადასახადების გადიდებას, სახელმწ. ვალის ზრდას, მოსახლ. ცხოვრების დონის დაქვეითებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება რადიკალური ზომების მიღება ბ-ის დეფიციტის შემცირებისათვის. ევროკავშირის შექმნის შესახებ, მაასტრიხტის ხელშეკრულების (1992 წ. 7 თებერვალი) თანახმად, რეკომენდებულია ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსათვის სახელმწ. ბ-ის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი სამამულო პროდუქტის 3 %-ს, ხოლო სახელმწ. ვალი კი ‒ 60 %-ს. როდესაც ბ-ის დეფიციტის ოდენობა აღემატება მაასტრიხტის კრიტერიუმებს, ასეთი ვითარება უკვე განსაკუთრებით უარყოფით მოვლენად ითვლება. საქართველოში საბიუჯეტო სისტემა მოიცავს საქართველოს სახელმწ. ბ-ს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონ. რესპუბლიკებისა და საქართვ. სხვა ტერიტორიული ერთეულების ბ-ებს. საქართვ. სახელმწ. ბ-ში კონსოლიდირებულია საქართვ. ცენტრ. ბ. და სპეც. სახელმწ. ფონდები. მისი ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპებია ყოვლისმომცველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა, ერთიანობა, უნივერსალობა, კონსოლიდირება. თვითმმართველობის შემოსულობების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს გამოთანაბრებითი, სპეც. და მიზნობრივი ტრანსფერები სახელმწ. ბ-დან. უმეტესი თვითმმართველი ერთეულისათვის სახელმწ. ბ-ის ტრანსფერები საკუთარი შემოსულობების 60 %-ს აჭარბებს. ტრანსფერების გაანგარიშებისათვის სახელმწ. იყენებს სპეც. კანონით დადგენილ ფორმულას, სადაც გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულების ბ-ის შემოსავლები, მოსახლეობის რაოდენობა, სიღარიბის მაჩვენებლები, ასაკობრივი ჯგუფები, მოსახლეობის სიმჭიდრივე, ადგილ. მნიშვნელობის გზების სიგრძე და სხვა მაჩვენებლები.

ყოველწლიურად ტრანსფერების გამოყოფით ქვეყნის ხელისუფლება ახდენს საკუთარი კომპეტენციების ნაწილის (მაგ., საზ. ჯანდაცვის, სამხ. სავალდებულო სამსახურში გაწვევის, ეკოლ. და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების და სხვ.) დელეგირებას თვითმმართველობაზე. სახელმწ. ბ-ის პროექტის მომზადების და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტრო. საქართვ. პარლამენტი ახორციელებს საბიუჯეტო კონტროლს და ფინანს. ზედამხედველობას სახელმწ. აუდიტის სამსახურის მეშვეობით. საქართვ. საბიუჯეტო პროცესში ბოლო ათწლეულში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები ეხება ბ-ის პროგრამულ დაგეგმვაზე გადასვლას, რ-იც ორიენტირებულია კონკრეტულ ღონისძიებებზე ინვესტირებულ ფინანს. რესურსებსა და მისგან მიღებული შედეგების ტრანსფარენტულობაზე, რაც სახელმწ. ფინანსების ეფექტიანობის უზრუნველყოფის ძირითადი პირობაა.

სახელმწ. ბ-ის პროგრამული ბ-ის ფორმატით მომზადება 2012-იდან, ხოლო ავტონ. რესპუბლიკებისა და ადგილ. თვითმმართველი ერთეულების ამავე ფორმატით მომზადება 2013-იდან იწყება. პროგრამულთან ერთად ხდება კაპიტ. ბ-ის მომზადება, რ-იც თავისი შინაარსით საინვესტიციო ხასიათის პროგრამული ბ-ია. სახელმწ. ბ-იდან დაფინანსებული ყველა კაპიტ. პროექტი და მის ფარგლებში განსახორციელებელი ისეთი მსხვილი პროექტები, რ-თაც საინვესტიციო ხასიათი გააჩნიათ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონ. განვითარებას და გულისხმობს მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნას ან არსებულის მნიშვნელოვან და არსებით გაუმჯობესებას.

ლიტ.: საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე», 21.05.2003, №12; საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. სახელმძღვანელო პარლამენტის წევრებისთვის, თბ., 2012; Manual on Government Deficit and Debt Implementation of ESA, 2010, Eurostat, 2019.

მ. თოქმაზიშვილი

ლ. ხაბურზანია

მ. მურჯიკნელი